წვდომის მენიუ

ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 814 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9 გადაწყვეტილების შესაბამისად,  ინტერნეტის ქსელით  საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განისაზღვრნენ შემდეგი ავტორიზებული პირები: შპს ”კავკასუს ონლაინი”, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”,  სს ”ეგრისი”, შპს ”რკინიგზის ტელეკომი”, შპს ”ნამიო”, შპს ”ვანექსი”, შპს ”სერვისი”, შპს ”გრენა”, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი”, შპს ”ჯეონეთი”, შპს ”ულტრაკომი”, სს ”გლობალ ერთი”.

აღნიშნულ კომპანიებს ამავე გადაწყვეტილებით დაეკისრათ: ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, დანახარჯების და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებები.

კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9  გადაწყვეტილების მიხედვით შპს ”კავკასუს ონლაინს” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დამატებით, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, დაუდგინდათ გაფართოებული ურთიერთჩართვისთვის ზედა ზღვრული ტარიფი 5000 (ხუთი ათასი) ლარი ერთ გბიტ/წამზე  თვეში, დღგ-ს გარეშე.

სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 24 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა სს ”გაერთიანებული ტელეკომი”.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 30 აპრილის №215/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9 გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილებები და დამატებები, რომლის შედეგად შპს „სილქნეტს“ დაეკისრა ის ვალდებულებები, რომელიც განსაზღვრული ჰქონდა სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ და შპს „ვანექსს“, ამავე გადაწყვეტილებაში გათვალისწინებულ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე.

კომისია ასევე აღნიშნავს, შპს „სილქნეტმა” შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად (2010 წლის 8 ივლისის  ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, განაცხადის რეგისტრაციის  ნომერი: N10067810).

კომისია აღნიშნავს, რომ „ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის  შესახებ“  კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სახეზეა ახალი გარემოებები, კერძოდ, კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, განვლილ პერიოდში მკვეთრადაა გაზრდილი ინტერენტის მიმწოდებელი ოპერატორების და ინტერნეტ აბონენტების რაოდენობა,  რომელიც განაპირობებს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ზემოაღნიშნულ სეგმენტებზე კონურენციის ხელშემწყობ მარეგულირებელ გადაწყვეტილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის და შესაბამისად, განმეორებითი კვლევისა და ანალიზის ჩატარების აუცილებლობას.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ფართოზოლოვანი მომსახურებების განვითარებისა და აბონენტებისათვის საკმარისი სიჩქარით ინტერნეტის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე საკუთარი ინიციატივით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაიწყოს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ”საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის ანალიზის პროცედურები მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და ჩაატაროს ზეპირი მოსმენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გასაზღვრული წესით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2012 წლის  10 თებერვალს 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს  3 თვე;

4. დაევალოთ ავტორიზებულს პირებს უზრუნველყონ ამ გადაწყვეტილებით  განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტის შესასწავლად ინფორმაციის და გაანგარიშებების მოწოდება კომისიის  წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში; 

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენეტს (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                       ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                       კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                       ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                       ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები