შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღის“ მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (15/06/2011, №6/2516-11) მიმართა შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღამ“ კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღა“ ფლობს მაუწყებლობის №B58 ლიცენზიას:
ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
კომისია აღნიშნავს, რომ 2002 წლის 14 აგვისტოს №312/6 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღის“ №70 ლიცენზიას (რომელიც ითვალისწინებდა რადიომაუწყებლობას 107,4 მგჰც სიხშირეზე; 750 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში) გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღის“ მაუწყებლობის №B58 ლიცენზიას, მოქმედების ვადა აქვს 2011 წლის 31 დეკემბრამდე.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღის“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღის“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც დასტურდება კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 2 ნოემბრის №10/1001-11 სამსახურებრივი ბარათით.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრითა ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღის“ №B58 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი ლარი) ლარი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღის“ მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღის“ კუთვნილი მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირება, რათა ლიცენზია მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიის 2011 წლის 2 დეკემბრის №706/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღის“ კუთვნილი №B58 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 30 დეკემბერს 16.00 საათზე.
საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ციური ფირცხალაიშვილი, რომელმაც დაადასტურა მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა. ამავე დროს, შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღის“ წარმომადგენლის მიერ დაზუსტდა დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღის“ მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და მოქმედების ვადის გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღის“ მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–4 მუხლის და IX თავის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი, მე–2 და მე–4 პუნქტების, 39-ე მუხლის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღის“ მაუწყებლობის №B58 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 107,4 მგჰც სიხშირეზე 750 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;
2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი;
3. შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღა“ ვალდებულია:
ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;
ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ო) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
4. შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღის“ №B58 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი ლარი) ლარს;
5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის – 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი ლარი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773062;
2,673.00 ლარი - 2012 წლის 30 მარტამდე;
891.00 ლარი - 2012 წლის 30 აპრილამდე;
891.00 ლარი - 2012 წლის 30 მაისამდე;
891.00 ლარი - 2012 წლის 30 ივნისამდე;
891.00 ლარი - 2012 წლის 30 ივლისამდე;
891.00 ლარი - 2012 წლის 30 აგვისტომდე;
891.00 ლარი - 2012 წლის 30 სექტემბრამდე;
891.00 ლარი - 2012 წლის 30 ოქტომბრამდე;
891.00 ლარი - 2012 წლის 30 ნოემბრამდე;
891.00 ლარი - 2012 წლის 30 დეკემბრამდე;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღისთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა).
7. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
8. გადაწყვეტილება (პირველი პუნქტის გარდა) ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ტელე–რადიო კომპანია „მწვანე ტალღისთვის“ ჩაბარების დღიდან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე–5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2, მე–3, მე-4 და მე–5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თამვჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
