წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 854 / 8

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს  „იგრიკამ“ (№7/771-11, 11.11.2011 წ.) ქ.თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №47–ში განთავსებული სტუდიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე, მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგურამდე, მობილური სადგურიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან ქ.თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №47–ში განთავსებულ სტუდიამდე რადიოსარელეო კავშირისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს  „იგრიკა“  ფლობს კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს ტელემაუწყებლობას საკაბელო ქსელის გამოყენებით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები, რომლებიც მაუწყებლობენ საკაბელო ქსელით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოიპოვებენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით, ლიცენზიის საფუძველზე.

კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების  შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (11/1346-11, 15.12.2011 წ.) საფუძველზე კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი (14399 მჰც ± 14 მჰც, ზოლის სიგანე 28 მჰც; 14429 მჰც ± 14 მჰც; 4153 მჰც ± 14 მჰც; 14559 მჰც ± 14 მჰც) და შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი რადიოსარელეო კავშირისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად და შეადგინა 8,720.60 (რვა ათას შვიდას ოცი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა”   და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა)  სტუდია (ქ. თბილისი ალ.ყაზბეგის გამზ. №47)  - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა სიხშირე,  14399 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე 1ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური;

ბ)  მთაწმინდის სატელევიზიო ანძა - ტაბახმელა (შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სადგური) სიხშირე,  14429 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე 1ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური;

გ)  მობილური სადგური - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა სიხშირე,  4153 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე 1ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური;

დ)  მთაწმინდის სატელევიზიო ანძა -  სტუდია (ქ. თბილისი ალ.ყაზბეგის №47) სიხშირე,  14559 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე 1ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური;

 

2. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 8,720.60 (რვა ათას შვიდას ოცი ლარი და სამოცი თეთრი)   ლარის ოდენობით;

3. აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2012 წლის 31 იანვარი, 13:00 საათი;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2012 წლის 16 იანვრის 17:00 საათამდე;

5. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 436.00 (ოთხას ოცდათექვსმეტი ლარი) ლარს.

6. სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;

ბ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებით;

7. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი გან­ცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სახის სარგებლობის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

8. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკ ”თი-ბი-სი” ბანკში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

-ა/ანგარიში: GE 11 TB 06 000 000 006 093 26;

-კოდი: TBCBGE22;

-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;                           

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %,  გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1100 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს +995 32 239 40 29);

9. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

10. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

12. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

                                                                

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები