შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ სანქცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.
2011 წლის 07 დეკემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (06.12.2011 N10/1199-11) შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის თაობაზე. კერძოდ, სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა განახორციელა უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონიტორინგი და გამოარკვია, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2011 წლის 13 აპრილს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ვასილ ჩიგოგიძის 30%-იანი წილის მფლობელი გახდა ზურაბ ჩიგოგიძე, რასთან დაკავშირებით, შპს ,,ტელეკომპანია თბილისს“ კომისიაში ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 26 დეკემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 30 დეკემბერს, რის თაობაზეც შპს ,,ტელეკომპანია თბილისს” ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2011 წლის 28 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ დირექტორის გურამ ჩიგოგიძის N6/5589-11 წერილი. შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ დირექტორის განცხადებით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველ პუნქტში 2011 წლის 8 აპრილს N4525 კანონის საფუძველზე შევიდა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა, რომ ,,ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე.“ განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ ამ კანონით განხორციელებული ცვლილებების შესახებ მოთხოვნების შესრულება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს 2012 წლის 1 იანვრამდე, ამდენად, შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ წერილის (28.12.11 N6/5589-11) თანახმად, კანონით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ახალმა ცვლილებებმა გადაავადა 2012 წლის 01 იანვრამდე. აღნიშნული საფუძვლით, შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ დირექტორი ითხოვს, მისი კომპანიის სანქცირებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ტელეკომპანია თბილისის“ უფლებამოსილი წარმომადგენელები ირაკლი ჩიკვაიძე და თამარ ჩიგოგიძე. შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ წერილში (28.12.11 N6/5589-11) დაფიქსირებულ პოზიციას და დამატებით განმარტეს, რომ შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილება განხორციელდა 2011 წლის 13 აპრილს, ხოლო ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებული იქნა 2011 წლის 8 აპრილს. შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ წარმომადგენელთა განმარტებით, აღნიშნული კანონის თანახმად 62-ე მუხლის პირველ პუნქტში ცვლილება შევიდა და ლიცენზიის მფლობელ პირებს დაეკისრათ კომისიაში შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენა, ამასთანავე, 76-ე მუხლს დაემატა 29-ე პუნქტი, რომლის საფუძველზე გადავადდა კომისიაში შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენის ვადა 2012 წლის 1 იანვრამდე.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (06.12.2011 N10/1199-11);
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ლიცენზიის მფლობელ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
3. შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ 2011 წლის 28 დეკემბრის N6/5589-11 წერილი;
4. შპს ტელეკომპანია თბილისის“ წარმომადგენლების ირაკლი ჩიკვაიძისა და თამარ ჩიგოგიძის ახსნა-განმარტებები გაკეთებული 2011 წლის 30 დეკემბრის კომისიის სხდომაზე;
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ტელეკომპანია თბილისი“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB88 ლიცენზიის მფლობელს, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ეკისრება ვალდებულება კომისიას წარმოუდგინოს ინფორმაცია კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, აღნიშნული ცვლილებების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
2. შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2011 წლის 13 აპრილს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 30%-იანი წილის მფლობელი ნაცვლად ვასილ ჩიგოგიძისა გახდა ზურაბ ჩიგოგიძე.
3. შპს „ტელეკომპანია თბილისის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილების თაობაზე ინფორმაცია და ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან) შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ მოთხოვნა (28.12.2011 წერილი N6/5589) ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, უსაფუძვლოა, ვინაიდან შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ დირექტორის მიერ მითითებული, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის წარდგენა, ასევე შესაბამისობის დეკლარაციის ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა 2011 წლის 8 აპრილს, რომელიც ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე - 2011 წლის 2 მაისს. აღნიშნულ მუხლში მითითებული ვალდებულება - 2012 წლის 1 იანვრამდე ,,კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის წარდგენა“ - ეხება ყველა მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს განურჩევლად იმისა, მის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში შევიდა ცვლილება თუ არა. ამავე კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე; აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება 10 დღიანი ვადის დაცვისა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნების თაობაზე, ეხება მხოლოდ იმ ლიცენზიის მფლობელ პირებს, რომელთა სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში შევიდა ცვლილება. აქვე აღსანიშნავია, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველ პუნქტში ცვლილების განხორციელებამდე, 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებდა ანალოგიურ ვალდებულებას, კერძოდ, ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებას წერილობით ეცნობებინა კომისიისთვის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. ამდენად, ლიცენზიის მფლობელი პირის დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების შესახებ, ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის 10 დღიან ვადას, ითვალისწინებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, როგორც ძველი, ისე ახალი რედაქცია;
2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 08 აპრილის №4525-Iს საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს აღნიშნული ნორმატიული აქტისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს და ამავე დროს, შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი ჩადენილი იქნა იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის ძველი რედაქცია, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის ფაქტის დაკვალიფიცირება უნდა განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებდა ცვლილებების ძალაში შესვლამდე (2011 წლის 2 მაისამდე); სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,ტელეკომპანია თბილისი“, 2011 წლის 13 აპრილს სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელებისას, არ იყო ვალდებული აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განეთავსებინა საკუთარ ვებგვერდზე;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მიერ დარღვეული იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ ამ უკანასკნელის მიერ, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაფრთხილდეს შპს „ტელეკომპანია თბილისი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია თბილისისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია თბილისისათვის “ ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
