საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფის დადგენის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2012
მიღების თარიღი თებერვალი 10, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, შპს ”ჯეოსელს” და შპს ”მაგთიკომს”, დაუდგინდათ სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით, რის შედეგადაც 6,8 თეთრით შემცირდა ადრე მოქმედი ტარიფი (14,8 თეთრი).
”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2010 წლის 21 მაისის №240/9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილებით ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების - შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის” მიმართ ძალაში დარჩა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, იმ განსხვავებით, რომ დადგენილ ტარიფში დღგ-ს გარდა შევიდა აქციზის გადასახადიც.
ამავე გადაწყვეტილებით ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, შპს ”ჯეოსელს” და შპს ”მაგთიკომს”, დაუდგინდათ საკუთარი აბონენტის მიერ წამოწყებულ, სატელეფონო ხმოვან მომსახურებაზე ((ა) საკუთარ (შიდა) ქსელში განხორციელებული ზარები; ბ) სხვა მობილური ქსელის მიმართულებით განხორციელებული ზარები; გ) ფიქსირებული ქსელის მიმართულებით განხორციელებული ზარები) ზედა ზღვრული ტარიფი - 24 თეთრის ოდენობით წუთზე, აქციზის და დღგ-ს ჩათვლით.
“მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების საფუძველზე 2010 წლის 21 მაისის №240/9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 18 ნოემბრის №657/9 გადაწყვეტილებით ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების - შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის” მიმართ ძალაში დარჩა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, აქციზის და დღგ-ს ჩათვლით, ხოლო შპს ”მობიტელს” სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი დაუდგინდა – 11 თეთრის ოდენობით წუთზე, აქციზის და დღგ-ს ჩათვლით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ “ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 17 სექტემბრის №428/9 გადაწყვეტილებით ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს (სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, შპს „მაგთიკომი“), დაუდგინდათ სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით, რითაც 2 თეთრით შემცირდა ადრე დადგენილი ზღვრული ტარიფი.
კომისიის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილებების შედეგად, მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო და ხმოვანი მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ჩამოყალიბდა ჯანსაღი კონკურენტული გარემო, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა საცალო ტარიფები, გაზარდა მომსახურების მრავალფეროვნება და ხარისხი. აღნიშნულმა გადაწყვეტილებებმა მომხმარებლებისათვის მნიშვნელოვნად დადებითი შედეგები გამოიღო.
ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისათვის სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფების დაწესებამ ზემოქმედება მოახდინა საერთაშორისო ზარების საქართველოში ტერმინაციის ფასებზეც. არსებული კონკურენციის პირობებში აღნიშნული ტარიფი ფაქტიურად გაუტოლდა შიდა ბაზარზე საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისათვის დადგენილ ურთიერთჩართვის ტარიფს.
ვინაიდან, უმეტეს ქვეყნებთან, ვისთანაც საქართველოს გააჩნია დიდი მოცულობის ტრაფიკი, ზარის ტერმინაციის საფასური მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოში ზარის ტერმინაციის ტარიფს, ჩვენი ქვეყნის სატელეკომუნიკაციო კომპანიებს უცხოელ პარტნიორებთან მუდმივად წარმოეშვებათ უარყოფითი ბალანსი, რაც იწვევს მნიშვნელოვან არაგარდამავალ ნეგატიურ ზეგავლენას ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიების საქმიანობაზე, კერძოდ, შემოსავლების შემცირებას, ჩვენი ქვეყნიდან მნიშვნელოვანი ოდენობის სავალუტო თანხების გადინებას და ა.შ.
კომისია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ზარების საქართველოში ტერმინაციის ფასებთან დაკავშირებით მუდმივ ინტერესს იჩენენ ავტორიზებული პირები და გამოხატავენ თავიანთ სურვილს აღნიშნული საკითხის განხილვის შესახებ. ამასვე მოწმობს შპს “მაგთიკომის“ წერილი №12/002-2. 04.01.2012, რომელიც ასევე ითხოვს გადაიხედოს საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ფასები, ვინაიდან დღეს არსებული პირობები კომპანიას არასახარბიელო და არათანაბარ ფინანსურ მდგომარეობაში აყენებს უცხოელ პარტნიორებთან მიმართებაში.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებული ხარჯები აისახება უცხო ქვეყნის ოპერატორის საცალო ტარიფში, რომელსაც იხდის უცხო ქვეყნის აბონენტი. შპს “მაგთიკომის“ ზემოთ აღნიშნული წერილის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა “შპს “მაგთიკომის“ მობილურ ქსელში ზარის დასრულების ტარიფი, უცხოური ოპერატორების საცალო ტარიფები საქართველოს მიმართულებით დარჩა უცვლელი და შესაბამისად გაიზარდა მათი ზღვრული მოგებაც. ამავე წერილით მოწოდებული ინფორმაციით, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მობილურ ქსელებში ზარის დასრულების საფასური ბევრად აღემატება ჩვენსას, კერძოდ აზერბაიჯანის მობილურ ქსელებში ზარის დასრულება ღირს 6-ჯერ მეტი, ხოლო სომხეთის მობილურ ქსელებში 3-ჯერ მეტი, ვიდრე საქართველოს მობილურ ქსელებში ზარის დასრულება. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ საქართველოში ზარის ტერმინაციის საფასურის შემცირებას მნიშვნელოვანი ფინანსური მოგება მოაქვს მხოლოდ უცხო ქვეყნის საერთაშორისო ოპერატორებისათვის, ვინაიდან ვარაუდი იმისა, რომ ტერმინაციის დაბალი ტარიფი საცალო ტარიფზე ადეკვატურად აისახება, რაც გამოიწვევს შემომავალი ტრაფიკის ზრდას და შესაბამისად საქართველოში მოქმედი ოპერატორების შემოსავლების მატებას, ამ შემთხვევაში არ მართლდება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასურველია განხილულ იქნას შესაძლებლობა კომისიის მიერ საერთაშორისო ზარების საქართველოში ტერმინაციაზე სათანადო ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფის დადგენის საკითხი, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს მეტ-ნაკლებად დააბალანსონ ანგარიშსწორება უცხო ქვეყნის ოპერატორებთან. შედეგად, მოსალოდნელია კომპანიებისათვის ფინანსური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება; ამავე დროს მკვეთრად შემცირდება ქვეყნიდან ვალუტის გადინება და რაც მნიშვნელოვანია, აღნიშნული მომსახურების ღირებულების გაზრდა ფაქტიურად არანაირად არ შეეხება ჩვენი ქვეყნის მომხმარებელს.
კომისია მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობის დარეგულირების მიზნით იგი უნდა დაეყრდნოს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “პ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე, კომისიის ფუნქციებში შედის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც ფიქსირებულ, ასევე მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში, ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფის დადგენისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა ფაქტორი, რათა აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არ გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები; კერძოდ ეს ფაქტორები შეიძლება იყოს დადგენილი ტარიფის ოდენობის გონივრულობა, ფაქტობრივად არსებული ტრაფიკების მოცულობა, ბაზარზე არსებული ტექნიკური პრობლემები, ე.წ. “შავი ტრაფიკის“ მაქსიმალურად გამორიცხვის შესაძლებლობა და ა.შ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფის დასადგენად;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2012 წლის 13 მარტს 16.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);
3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური ვადა განისაზღვროს 3 თვით;
4. დაევალოთ ავტორიზებულს პირებს, უზრუნველყონ ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესასწავლად ინფორმაციის და გაანგარიშებების მოწოდება კომისიის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოტანისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
