ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიის“ კერძო მაუწყებლობის №B111 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №436/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2012
მიღების თარიღი თებერვალი 10, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ „ქართულმა ტელემაუწყებლობა ივერიამ“ (№7/866-11, 02.12.2011), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B111 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერია“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა კერძო მაუწყებლობის №B111 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №436/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერია“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B111 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ქ. ფოთში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ქ. ქუთაისში და ქ. რუსთავში;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე–8 პუნქტით, რომლის თანახმადაც “თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს” დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის შესაბამისი ნორმა ძალაშია 2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა. ამავე დროს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისია ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №856/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიის“ კერძო მაუწყებლობის №B111 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №436/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2012 წლის 30 იანვარს 16.00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2012 წლის 30 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი გიორგი ანდრიაძე. ადმინისტრაციული წარმოებისა და ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიის“ კერძო მაუწყებლობის №B111 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიის“ კერძო ტელემაუწყებლობის №B111 ლიცენზიის მოდიფიცირება და ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიის“ კერძო ტელემაუწყებლობის №B111 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებად განისაზღვროს ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელითა და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 63-ე და 115-ე მუხლების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიის“ კერძო მაუწყებლობის №B111 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №436/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
გ.ა) ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ქ. ფოთში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ქ. ქუთაისში და ქ. რუსთავში;
გ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიისთვის“ (მ. ნინუა);
ბ) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);
დ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
