წვდომის მენიუ

შპს „ტელე–რადიო კომპანია TV-7“–ს კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის №654/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 137 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2012

მიღების თარიღი თებერვალი 10, 2012

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელე–რადიო კომპანია TV-7“–მა (№7/849-11, 30.11.2011), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს „ტელე–რადიო კომპანია TV-7“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის №654/1 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ტელე–რადიო კომპანია TV-7“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 18 ნოემბრამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელის  გამოყენებით ქ. თბილისში;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის  თანახმად, ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე–8 პუნქტით, რომლის თანახმადაც “თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს” დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38–ე მუხლის შესაბამისი  ნორმა ძალაშია  2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე  მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია  უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა.  ამავე დროს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისია ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის №855/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე–რადიო კომპანია TV-7“–ს  კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის №654/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2012 წლის 30 იანვარს 16.00 საათზე.

კომისია აღნშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2012 წლის 30 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ტელე–რადიო კომპანია TV-7“–ს უფლებამოსილი წარმომადგენელი ლიდია ახალაძე. ადმინისტრაციული წარმოებისა და ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს „ტელე–რადიო კომპანია TV-7“–ს კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიის   მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს შპს „ტელე–რადიო კომპანია TV-7“–ს კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიის  მოდიფიცირება და შპს „ტელე–რადიო კომპანია TV-7“–ს კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიის  ტექნიკურ პარამეტრებად განისაზღვროს ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელითა და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 63-ე და 115-ე მუხლების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „ტელე–რადიო კომპანია TV-7“–ს კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის №654/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

დ.ა) ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელის  გამოყენებით ქ. თბილისში;

დ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ტელე–რადიო კომპანია TV-7“–სთვის (მ. ნინუა);

ბ) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);

დ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ტელე–რადიო კომპანია TV-7“–სთვის აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები