შპს ,,მულტინეტისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2012
მიღების თარიღი თებერვალი 10, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2012 წლის 26 იანვარს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 25 იანვარს №10/131-12 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა (გ. რატიშვილი, ი. მახარაძე) მიერ 2012 წლის 11 იანვრის შპს ,,მულტინეტის” მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №51, რომელთა თანახმად, ირკვევა, რომ შპს ,,მულტინეტი” თავის ქსელში სამაუწყებლო არხებს გადასცემდა არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (25.01.2012, №10/131-12) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 30 იანვარს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მულტინეტის” სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 3 თებერვალს, აღნიშნულის თაობაზე შპს ,,მულტინეტს” ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. 2012 წლის 3 თებერვლის კომისიის სხდომა არ შედგა კომისიის ქვორუმის არ არსებობის გამო და საკითხის განხილვა დაინიშნა განმეორებით 2012 წლის 10 თებერვალს, რის შესახებაც შპს ,,მულტინეტს“ ეცნობა ტელეფონოგრამის მეშვეობით.
2012 წლის 10 თებერვლის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,მულტინეტის” უფლებამოსილი წარმომადგენელი. გამომდინარე იქედან, რომ ,,მულტინეტისათვის“ ცნობილი იყო საკითხის განხილვის თარიღისა და სხდომის გამართვის დროის შესახებ, ხოლო შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე კომისიაში არ შემოსულა, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილია შპს ,,მულტინეტის“ დაუსწრებლად განიხილოს საკითხი.
კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 25 იანვრის სამსახურებრივი ბარათი №10/131-12;
2. 2012 წლის 12 იანვრის შემოწმების აქტი N51 დანართებითურთ;
3. შპს ,,მულტინეტისათვის“ კომისიის მიერ 2012 წლის 20 იანვარს გაგზავნილი N04/145-12 წერილი, რომლის საფუძველზე შპს ,,მულტინეტს“ განესაზღვრა 3 დღიანი ვადა, თავის საკაბელო ქსელში განთავსებული სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოსადგენად;
4. შპს ,,მულტინეტის“ 2012 წლის 24 იანვრის N6/393-12 წერილი, რომლის თანახმად იგი აღნიშნავს, რომ შპს ,,მულტინეტი“ ახლად შექმნილი ორგანიზაციაა და მოცემულ ეტაპზე აწარმოებს სიგნალის მიწოდებას სატესტო რეჟიმში ერთადერთი მომხმარებლისათვის შპს ,,აჭარა+“-სათვის. აღნიშნულის საფუძველზე შპს ,,მულტინეტი“ ითხოვს არ მოხდეს აღნიშნული კომპანიის სანქცირება;
5. შპს ,,აჭარა +“-ის 2012 წლის 18 იანვრის N6/248-12 წერილი, რომლის თანახმად იგი ადასტურებს, რომ სასტუმრო ,,Holiday Inn”-ის სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას უზრუნველყოფს შპს ,,მულტინეტი“, 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
6. შპს ,,მულტინეტის“ შემოწმების ჩატარების ამსახველი ვიდეომასალა განთავსებული CD-ზე;
7. შპს ,,მულტინეტის“ დირექტორისათვის გიორგი კალანდაძისათვის, სატელეფონო ნომერზე 592 23 23 07, ტელეფონოგრამის გადაცემის დამადასტურებელი აუდიო-ჩანაწერი დატანილი CD-ზე;
8. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები;
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2010 წლის 11 ნოემბრიდან, შპს ,,მულტინეტი“ არის ავტორიზებული პირი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით;
2. შპს ,,აჭარა+“, რომელიც ფლობს სასტუმრო ,,Holliday Inn“-ს, წარმოადგენს შპს ,,მულტინეტის“ აბონენტს, რასაც ადასტურებენ, როგორც შპს ,,აჭარა+“, ისე შპს ,,მულტინეტი“, თავიანთ წერილებში (N6/248-12 , N6/393-12);
3. 2012 წლის 11 იანვარს, 16:02 საათზე, შპს ,,მულტინეტის“ აბონენტთან სასტუმრო ,,Holiday Inn“-ში, მისამართზე: ქ. თბილისი, 26 მაისის მოედანი N1, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის მიერ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის ი. მახარაძის მონაწილეობით, განხორციელდა შპს ,,მულტინეტის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №51. შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ი. მახარაძე, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები გიორგი ჭოლოკავა (პ/ნ 01024001125) და მამუკა გვიმრაძე (პ/ნ01024012902);
4. 2012 წლის 11 იანვრის N51 შემოწმების აქტის შესაბამისად, ირკვევა, რომ შპს „მულტინეტი“ თავისი საკაბელო ქსელით, რეტრანსლირების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: ,,აფხაზეთის ხმა“, ,,რუსთავი 2“, ,,Euronews”, ,,Tg2”, ,,Rai3”, ,,BBC”, ,,C1” (სომხური არხი), ,,TRT”, ,,TVE”, ,,BVN”, ,,Persian Star”, ,,Hmb”, ,,France 24”, ,,CCTV News”, ,,Al Jazzera”, ,,AZ TV”, ,,Bloomberg”, ,,TV5 Monde” ,,NHK World”, ,,Home Kino”, ,,ViVa”, ,,VH1”, ,,Fox crime”, MGM”, ,,EURO sport 2”, ,,Cartoon Network”, ,,CNN”, ,,ZOF”, ,,National Geographic Wild”, ,,Discovery Science”, ,,Animal Planet”, ,,Deutsche Welle”, ,,News One Ukraine”, ,,CNBC”, ,,ერთსულოვნება“, ,,საქართველო“.
5. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2012 წლის 11 იანვრის №51 შემოწმების აქტით, აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD);
6. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 11 იანვრის №51 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
7. შპს ,,მულტინეტს“ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
9. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,აფხაზეთის ხმა“, ,,რუსთავი 2“, ,,Euronews”, ,,Tg2”, ,,Rai3”, ,,BBC”, ,,C1” (სომხური არხი), ,,TRT”, ,,TVE”, ,,BVN”, ,,Persian Star”, ,,Hmb”, ,,France 24”, ,,CCTV News”, ,,Al Jazzera”, ,,AZ TV”, ,,Bloomberg”, ,,TV5 Monde” ,,NHK World”, ,,Home Kino”, ,,ViVa”, ,,VH1”, ,,Fox crime”, ,,MGM”, ,,EURO sport 2”, ,,Cartoon Network”, ,,CNN”, ,,ZOF”, ,,National Geographic Wild”, ,,Discovery Science”, ,,Animal Planet”, ,,Deutsche Welle”, ,,News One Ukraine”, ,,CNBC”, ,,ერთსულოვნება“, ,,საქართველო“, შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „მულტინეტის” მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი.
ვინაიდან, შპს ,,მულტინეტის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „მულტინეტს” ამავდროულად უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ,,აფხაზეთის ხმა“, ,,რუსთავი 2“, ,,Euronews”, ,,Tg2”, ,,Rai3”, ,,BBC”, ,,C1” (სომხური არხი), ,,TRT”, ,,TVE”, ,,BVN”, ,,Persian Star”, ,,Hmb”, ,,France 24”, ,,CCTV News”, ,,Al Jazzera”, ,,AZ TV”, ,,Bloomberg”, ,,TV5 Monde” ,,NHK World”, ,,Home Kino”, ,,ViVa”, ,,VH1”, ,,Fox crime”, ,,MGM”, ,,EUROsport 2”, ,,Cartoon Network”, ,,CNN”, ,,ZOF”, ,,National Geographic Wild”, ,,Discovery Science”, ,,Animal Planet”, ,,Deutsche Welle”, ,,News One Ukraine”, ,,CNBC”, ,,ერთსულოვნება“, ,,საქართველო“, არამართლზომიერი გადაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ” ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ45“ პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მულტინეტი” გაფრთხილდეს, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს ,,მულტინეტმა“ უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ,,აფხაზეთის ხმა“, ,,რუსთავი 2“, ,,Euronews”, ,,Tg2”, ,,Rai3”, ,,BBC”, ,,C1” (სომხური არხი), ,,TRT”, ,,TVE”, ,,BVN”, ,,Persian Star”, ,,Hmb”, ,,France 24”, ,,CCTV News”, ,,Al Jazzera”, ,,AZ TV”, ,,Bloomberg”, ,,TV5 Monde” ,,NHK World”, ,,Home Kino”, ,,ViVa”, ,,VH1”, ,,Fox crime”, mmMGM”, ,,EUROsport 2”, ,,Cartoon Network”, ,,CNN”, ,,ZOF”, ,,National Geographic Wild”, ,,Discovery Scaence”, ,,Animal Planet”, ,,Deutsche Welle”, ,,News One Ukraine”, ,,CNBC”, ,,ერთსულოვნება“, ,,საქართველო“, არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მულტინეტისათვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მულტინეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
