შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 24, 2012
მიღების თარიღი თებერვალი 17, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 18 და 30 იანვარს კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/218-12, №6/439-12) მიმართა შპს „გლობალ მედია ჯგუფმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სპორტული ღონისძიებების საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები გულისხმობს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ სპორტული ღონისძიებების სატელევიზიო ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას, საქართველოს ტერიტორიაზე.
შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ 2012 წლის 18 და 30 იანვრის (№6/218-12, №6/439-12) განცხადებებით მოთხოვნილია შემდეგი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:
ა) შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და Sociedad General De Produccion Y Explotacion de Contenidos, S.L–ს შორის 2012 წლის 17 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (17.01.2012–30.12.2012) ფეხბურთში ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალური მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების შესახებ;
ბ) შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და შპს „საერთაშორისო სპორტის მედია ჯგუფს“ შორის 2012 წლის 18 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (18.01.2012–29.02.2012) გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების შესახებ;
გ) შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და შპს „საერთაშორისო სპორტის მედია ჯგუფს“ შორის 2012 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება (01.02.2012–18.03.2012) რაგბში ექვსი ერის გათამაშების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების შესახებ;
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები, რომლებიც გულისხმობენ სატელევიზიო ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ. კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებში კომერციულ საიდუმლოებად შეიძლება მიჩნეულ იქნას მხოლოდ კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა, ასევე მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ, კომისიის აზრით, შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ 2012 წლის 18 და 30 იანვრის (№6/218-12, №6/439-12) განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს საჯარო რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ 2012 წლის 18 და 30 იანვრის (№6/218-12, №6/439-12) განცხადებები ნაწილობრივ:
ა) ფეხბურთში ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალური მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების შესახებ შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და Sociedad General De Produccion Y Explotacion de Contenidos, S.L–ს შორის 2012 წლის 17 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების (17.01.2012–30.12.2012) მე–6 და მე–7 პუნქტები, ცნობილ იქნას შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
ბ) გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების შესახებ, შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და შპს „საერთაშორისო სპორტის მედია ჯგუფს“ შორის 2012 წლის 18 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების (18.01.2012–29.02.2012) მე–3 მუხლი, ცნობილ იქნას შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
გ) რაგბში ექვსი ერის გათამაშების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების შესახებ, შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და შპს „საერთაშორისო სპორტის მედია ჯგუფს“ შორის 2012 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების (01.02.2012–18.03.2012) მე–3 მუხლი, ცნობილ იქნას შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
2. ინფორმაცია შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან თუ იგი დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გლობალ მედია ჯგუფისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „გლობალ მედია ჯგუფისათვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
