წვდომის მენიუ

სს ,,სილქნეტისათვის“ შპს ,,სკაი სერვისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 154 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2012

მიღების თარიღი თებერვალი 17, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია“) სს ,,სილქნეტმა“ მიმართა განცხადებით (01.02.2012. N6/454-12) და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მოითხოვა შპს ,,სკაი სერვისთან” ფაქტობრივად არსებული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,სკაი სერვისს” მის მიმართ ერიცხება ურთიერთჩართვიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანება.

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში (01.02.2012. N6/454-12) აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტი“ 2010 წლის პირველი აგვისტოდან უწყვეტად ახორციელებს ურთიერთჩართვის ფაქტობრივ მომსახურებას შპს „სკაი სერვისთან“, რის საფუძველზედაც აღნიშნულ კომპანიას ყოველთვიურად ეგზავნებოდა ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე საოქმო გადაწყვეტილებები, ურთიერთჩართვიდან გამომდინარე მიმდინარე მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით. აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილებები ორმხრივად არის ხელმოწერილი როგორც სს „სილქნეტის“, ასევე შპს „სკაი სერვისის“ მიერ. სს ,,სილქნეტის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,სკაი სერვისის“ მიერ არ ხდება სს ,,სილქნეტის“ მხრიდან გაწეული ურთიერთჩართვის მომსახურების საფასურის სრულად გადახდა და დავალიანებამ 2011 წლის პირველი დეკემბრისათვის, მხოლოდ ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის შეადგინა 19, 638.25 (ცხრამეტიათას ექვსას ოცდათვრამეტი ლარი და 25 თეთრი) ლარი.

სს ,,სილქნეტის“ განცხადების თანახმად, 2011 წლის 15 ნოემბერს გაფორმდა ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც მოცემული თარიღის მდგომარეობით დასტურდება, რომ სს ,,სილქნეტის“ მიმართ შპს ,,სკაი სერვისის“ სრული დავალიანება შეადგენს 26 979.90 (ოცდაექვსიათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი ლარი და 90 თეთრი) ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ განცხადების (01.02.2012. N6/454-12) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,სკაი სერვისს” შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, სს,,სილქნეტის“ მიერ კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე, ხოლო  საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 17 თებერვალს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ სს ,,სილქნეტსა” და  შპს ,,სკაი სერვისს”. შეტყობინებასთან ერთად შპს ,,სკაი სერვისს”, შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით,  გადაეგზავნა სს ,,სილქნეტის” განცხადება (01.02.2012. N6/454-12) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება.  

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 17 თებერვლის, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა სს ,,სილქნეტის” წარმომადგენელი მარი ქოქიაშვილი. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,სკაი სერვისის”   წარმომადგენელი, თუმცა შპს  ,,სკაი სერვისისათვის“ ცნობილი იყო საკითხის განხილვის თარიღისა და სხდომის გამართვის დროის შესახებ, ხოლო შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე კომისიაში არ შემოსულა, ამდენად, კომისია უფლებამოსილი იყო შპს ,,სკაი სერვისის“ დაუსწრებლად განეხილა საკითხი.

შპს ,,სკაი სერვისის“ მიერ კომისიაში 2012 წლის 16 თებერვალს წარმოდგენილი იქნა      N6/783-12 წერილი, რომლის შესაბამისად შპს ,,სკაი სერვისი“ აღიარებს სს ,,სილქნეტის“ მიმართ არსებულ დავალიანებას 28 926.71 (ოცდარვაათას ცხრაას ოცდაექვსი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, გამოთქვამს მზადყოფნას სს ,,სილქნეტის“ მიმართ არსებული დავალიანების ეტაპობრივად, ექვსი თვის განმავლობაში, დაფარვის თაობაზე და ითხოვს არ იქნას შეჩერებული შპს ,,სკაი სერვისსა“ და სს ,,სილქნეტს შორის“ მოქმედი ურთიერთჩართვა.

სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა მარი ქოქიაშვილმა უარი განაცხადა შპს ,,სკაი სერვისის“ მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე და მოითხოვა სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,სკაი სერვისს“ შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.      სს სილქნეტის” 2012 წლის 1 თებერვლის №6/454-12 განცხადება;

2.      შპს ,,სკაი სერვისის“ 2012 წლის 16 თებერვლის N6/783-12  წერილი;

3.      სს ,,სილქნეტისა” და შპს ,,სკაი სერვისის” მიერ ხემოწერილი, 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის ნოემბრის ჩათვლით შედგენილი საოქმო გადაწყვეტილებები;

4.      სს ,,სილქნეტისა” და შპს ,,სკაი სერვისის” მიერ ხელმოწერილი 2011 წლის 15 ნოემბრის ურთიერთშედარების აქტი №11-29;

5.      ურთიერთჩართვის პერიოდში შპს ,,სკაი სერვისის“ მიერ გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ( 20 საგადასახადო დავალება);

6.      ურთიერთჩართვიდან გამომდინარე, სს ,,სილქნეტის” მიერ შპს ,,სკაი სერვისისათვის” გაწეული მომსახურების ანგარიშგების ცხრილი;

7.      სს ,,სილქნეტის” 2011 წლის 12 ოქტომბრის №2799/05-8 წერილი შპს ,,სკაი სერვისის” მიმართ,  დავალიანების დაფარვის მოთხოვნის თაობაზე;

8.      მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

9.      2012 წლის 17 თებერვლის კომისიის სხდომაზე სს ,,სილქნეტის” წარმომადგენლის მიერ მიცემული  ახსნა-განმარტება.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:

1.      სს ,,სილქნეტსა” და შპს ,,სკაი სერვისს” შორის ფაქტობრივად მოქმედებს ურთიერთჩართვა 2010 წლის პირველი აგვისტოდან, რაც დასტურდება სს ,,სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი საოქმო გადაწყვეტილებებით, სს ,,სილქნეტის“ განცხადებითა (01.02.2012. N6/454-12) და შპს ,,სკაი სერვისის“ წერილით (16.02.2012. 6/783-12). ურთიერთჩართვის ფაქტობრივი მოქმედება მხარეთა მიერ სადაო არ გამხდარა;

2.      შპს ,,სკაი სერვისი“ აღიარებს სს ,,სილქნეტის“ მიმართ, მათ შორის მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებებს 28 926.71 (ოცდარვაათას ცხრაას ოცდაექვსი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარის  ოდენობით;

3.      სს ,,სილქნეტისა“ და შპს ,,სკაი სერვისის“ მიერ, 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის ნოემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად შედგენილი საოქმო გადაწყვეტილებებითა და 2011 წლის 15 ნოემბრის N11-29 ურთიერთშედარების აქტით ირკვევა, რომ მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე, შპს ,,სკაი სერვისს” სს ,,სილქნეტის” მიმართ, 2011 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, ერიცხება ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობა შეადგენს 19, 638.25 (ცხრამეტიათას ექვსას ოცდათვრამეტი ლარი და 25 თეთრი) ლარს;

4.      სს ,,სილქნეტსა” და შპს ,,სკაი სერვისს” შორის არ არის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, თუმცა ფაქტობრივი ურთიერთჩართვა დადასტურებულია მხარეთა მიერ, რაც ფორმის (წერილობითი)  დაუცველად შედგენილი ხელშეკრულების ნამდვილობის საფუძველია;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებულია და უდავოა მოქმედი ურთიერთჩართვის შედეგად შპს ,,სკაი სერვისის” მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები შპს ,,სკაი სერვისის” მიმართ 19 638.25 (ცხრამეტიათას ექვსას ოცდათვრამეტი ლარი და 25 თეთრი) ლარის ოდენობით; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტის” მოთხოვნა შპს ,,სკაი სერვისთან” მოქმედი ურთიერთჩართვის  შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადებაზე (ოფერტაზე) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში, მით უფრო უკვე მოქმედი ურთიერთჩართვის დროს, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მხარეები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული  ზომა  გააფორმონ ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და წარუდგინონ იგი კომისიას, ხოლო თუ ურთიერთჩართვის პირობებთან დაკავშირებით მხარეები ვერ აღწევენ კონსენსუსს, უნდა მიმართონ კომისიას, რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის,  34-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, 99-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.      შპს ,,სკაი სერვისთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ,  დაკმაყოფილდეს;

2.      შპს ,,სკაი სერვისს”, სს ,,სილქნეტთან” მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად, კერძოდ, მის მიმართ         19 638.25 (ცხრამეტიათას ექვსას ოცდათვრამეტი ლარი და 25 თეთრი) ლარის დასაფარად  მიეცეს 10 კალენდარული დღე, წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,სკაი სერვისისათვის”  ჩაბარებიდან;

3.      შპს ,,სკაი სერვისის” მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების, ან დავალიანების გაზრდის შემთხვევაში, სს ,,სილქნეტს” მიეცეს თანხმობა შპს ,,სკაი სერვისთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, დავალიანების სრულად დაფარვამდე;

4.      სს ,,სილქნეტსა” და შპს ,,სკაი სერვისს” განემარტოთ, რომ მათ უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, შეთანხმდნენ და გააფორმონ  ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი  წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5.      დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,სილქნეტისთვის” და შპს ,,სკაი სერვისისათვის” გაგზავნა;

6.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,სილქნეტისა” და შპს ,,სკაი სერვისისათვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში,;

7.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

8.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-5 პუნქტის გარდა)  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

 

    კომისიის წევრი                                                                            . ბრიტანჩუკი

    კომისიის წევრი                                                                            კ. კვიტაიშვილი 

    კომისიის წევრი                                                                            ა. სიხარულიძე

    კომისიის წევრი                                                                            . მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები