წვდომის მენიუ

შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე სს ,,სილქნეტის” განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: 155 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 24, 2012

მიღების თარიღი თებერვალი 17, 2012

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო  მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

2012 წლის 1 თებერვალს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში კომისია) განცხადებით (№374/05-8; 1.02.12.)  მიმართა სს ,,სილქნეტმა” და   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მოითხოვა შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ მასსა და შპს ,,მაიფონს” შორის 2010 წლის 1 მაისიდან მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე შპს ,,მაიფონს” მის მიმართ გააჩნია ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობა 2012 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 37,200.26  ლარს, რის დამადასტურებელ მტკიცებულებად სს ,,სილქნეტმა” წარმოადგინა 2010 წლის მაისიდან 2011 წლის ნოემბრის ჩათვლით ყოველთვიურად შედგენილი საოქმო გადაწყვეტილებები და 2011 წლის 15 ნოემბრის ურთიერშედარების აქტი.

2012 წლის 1 თებერვალს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს ,,სილქნეტის” განცხადების (№374/05-8; 1.02.12.) განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 17 თებერვალს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ სს ,,სილქნეტსა” და  შპს ,,მაიფონს”.  შეტყობინებასთან ერთად,  შპს ,,მაიფონს” შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით  გადაეგზავნა სს ,,სილქნეტის”  განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. მას,  ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 17 თებერვალს,  კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სს ,,სილქნეტის”  წარმომადგენელი მ.ქოქიაშვილი და შპს ,,მაიფონის დირექტორი ქ.ჩლაიძე.

კომისიის სხდომაზე, სს ,,სილქნეტის” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას და მოითხოვა შპს ,,მაიფონთან”  მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა, შპს ,,მაიფონის” მიერ ურთიერთჩართვიდან   გამომდინარე ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

კომისიის სხდომაზე, შპს ,,მაიფონის”  წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია  აღიარებს მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე მისთვის გაწეული მომსახურებისათვის  ფინანსურ დავალიანებას სს ,,სილქნეტის”  მიმართ და განმარტა, რომ კომპანია დავალიანებას დაფარავს ათ დღეში.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ  ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

 

1.    სს ,,სილქნეტის” 2012 წლის 1 თებერვლის №374/05-8 განცხადება;

2.    სს ,,სილქნეტისა” და შპს ,,მაიფონის” მიერ ხელმოწერილი, 2010 წლის მაისიდან 2011 წლის ნოემბრის ჩათვლით ყოველთვიურად შედგენილი საოქმო გადაწყვეტილებები;

3.    სს ,,სილქნეტისა” და შპს ,,მაიფონის” მიერ ხელმოწერილი 2011 წლის 15 ნოემბრის ურთიერთშედარების აქტი №11-21;

4.    2011 წლის 8 ნოემბრის №393,  2011 წლის 18 ოქტომბრის №373, 2010 წლის 18 ოქტომბრის №98 და 2010 წლის 22 ოქტომბრის №100 საგადასახადო დავალებები;

5.    ურთიერთჩართვიდან გამომდინარე, სს ,,სილქნეტის” მიერ შპს ,,მაიფონისთვის” გაწეული მომსახურების ანგარიშგების ცხრილი;

6.    სს ,,სილქნეტის” 2011 წლის 12 ოქტომბრის №2797/05-გ წერილი გაგზავნილი შპს ,,მაიფონისადმი” დავალიანების დაფარვის თაობაზე;

7.    მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

8.    კომისიის სხდომაზე სს ,,სილქნეტისა” და შპს ,,მაიფონის” წარმომადგენლების მიერ მიცემული  ახსნა-განმარტებები.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ29 ქვეპუნქტის შესაბამისად, სს ,,სილქნეტსა” და შპს ,,მაიფონს” შორის მოქმედებს ურთიერთჩართვა, წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, რასაც მხარეები სადაოდ არ ხდიან;

2. მხარეთა ახსნა-განმარტებით, 2010 წლის მაისიდან 2011 წლის ნოემბრის ჩათვლით ყოველთვიურად შედგენილი საოქმო გადაწყვეტილებებითა და 2011 წლის 15 ნოემბრის ურთიერთშედარების აქტით ირკვევა, რომ მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე სს ,,სილქნეტის” მიერ შპს ,,მაიფონისათვის” გაწეული ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის, შპს ,,მაიფონს” სს ,,სილქნეტის” მიმართ წარმოეშვა ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობა 2012 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 37,200.26  ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე, შპს ,,მაიფონის” მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება სს ,,სილქნეტის” მიმართ. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტის” მოთხოვნა შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადებაზე (ოფერტაზე) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში, მით უფრო უკვე მოქმედი ურთიერთჩართვის დროს,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მხარეები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული  ზომა  გააფორმონ ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და წარუდგინონ იგი კომისიას, ხოლო თუ ურთიერთჩართვის პირობებთან დაკავშირებით მხარეები ვერ აღწევენ კონსენსუნს, უნდა მიმართონ კომისიას, რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის,  34-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, 99-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. სს ,,სილქნეტის” მოთხოვნა,  შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ,  დაკმაყოფილდეს;

2. შპს ,,მაიფონს”, სს ,,სილქნეტთან” მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად, კერძოდ, 37,200.26  (ოცდაჩვიდმეტი ათას ორასი ლარი და ოცდაექვსი თეთრი) ლარის დასაფარად,  მიეცეს 10 კალენდარული დღე წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,მაიფონისთვის” ჩაბარებიდან;

3. შპს ,,მაიფონის” მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული ფინანსური ვალდებულების  სრულად და დროულად არ დაფარვის ან დავალიანების გაზრდის  შემთხვევაში, სს ,,სილქნეტს” მიეცეს თანხმობა შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის  შეჩერებაზე, აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;

4. სს ,,სილქნეტსა” და შპს ,,მაიფონს” განემარტოთ, რომ მათ უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, შეთანხმდნენ და გააფორმონ  ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი  წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,სილქნეტისთვის” და შპს ,,მაიფონისთვის” გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,სილქნეტისთვის” და შპს ,,მაიფონისთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

8.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-5 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                             სოფიო ბრიტანჩუკი                          

კომისიის წევრი                                                       კარლო კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                        აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                        ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები