სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 24, 2012
მიღების თარიღი თებერვალი 17, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” (რეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 204858163) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/964-11, 26.12.11) საქართველოს ტერიტორიაზე მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში თანდართული მონაცემების თანახმად სიხშირეების მინიჭების თაობაზე.
სიხშირეები გათვალისწინებულია სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ. მოთხოვნილ სიხშირეებს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” იყენებს 2004 წლის 23 დეკემბრიდან (”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების მომენტიდან) დღემდე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლში 2009 წლის 25 დეკემბერს შესული ცვლილების შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლობა სიხშირეების გამოყენებით ხორციელდება 3 სატელევიზიო არხზე და 3 რადიოარხზე, ხოლო სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ წარმოდგენილი სატელევიზიო და რადიო სიხშირეები გათვალისწინებულია საზოგადოებრივი მაუწყებლობის 2 სატელევიზიო („პირველი არხი“ და „მე-2 არხი“) და 2 რადიო პროგრამის („მთავარი რადიო“ და „რადიო ორი“) ტრანსლაციისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს განცხადების საფუძველზე კომისია ანიჭებს ამ
კანონის ამოქმედების მომენტისათვის მის მიერ გამოყენებულ სიხშირეებს, რომელთა გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სსიპ ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული პარამეტრების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სატელევიზიო და რადიო პროგრამების საეთერო მაუწყებლობისთვის;
2. სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებელის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დანართით განსაზღვრული სიხშირეები არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3. აღირიცხოს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
4. დაევალოს სსიპ ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ უნდა იქნას ცვლილების განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
