წვდომის მენიუ

შპს ”სპეცსერვისი 008”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 177 / 15

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2012

მიღების თარიღი მარტი 06, 2012

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (30.01.2012 №7/77-12, 29.02.12 №7/131-12) მიმართა შპს ”სპეცსერვისი 008”-მ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში 1XX(XXX)  ფორმატის ნუმერაციის რესურსის  მინიჭების მოთხოვნით.

           როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „სპეცსერვისი 008“ ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით ახორციელებს საქართველოს მასშტაბით  საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას. შპს ”სპეცსერვისი 008”  მოსახლეობას აწვდის შემდეგი სახის ინფორმაციას: სატელეფონო ცნობარი, ინფორმაცია საქართველოში არსებული ორგანიზაციების შესახებ, საფოსტო ინდექსები, სატელეფონო კოდები, ვალუტის კურსი და სხვა.

            კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის №94/15 გადაწყვეტილებით შპს „სპეცსერვისი 008“-ს მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსს 1-6-0-1-8 (ერთი-ექვსი-ნული-ერთი-რვა), დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  2012 წლის 25 თებერვლამდე, საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განსახორციელებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისია გასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვებს და ამავე დროს, კომისია უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსი არაავტორიზებულ პირებს ენიჭებათ საინფორმაციო-საცნობარო (ევრონომერი) სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 5- ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე) – შესაბამისი საქმიანობის ვადით; ამავე წესების მე-13 მუხლის შესაბამისად, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი - 118XX) გამოყენებით მომსახურების მიმწოდებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ენაზე;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას;

გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული;

დ) მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შპს „სპეცსერვისი 008“ წარმოადგენს არაავტორიზებულ პირს, რომელსაც კომისიაში არ აქვს გავლილი ავტორიზაცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე და განცხადებით ითხოვს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებითა” და  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის (118XX ევრონომერი) მინიჭებას, კომისიაში „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სპეცსერვისი 008“-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების თაობაზე. საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინებით (05/525-12 05.03.12) ეცნობა შპს „სპეცსერვის 008“-ს და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 6 მარტის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „სპეცსერვისი 008“-ის წარმომადგენელი ნანა იანტბელიძე, რომელსაც  კომისიის სხდომაზე  განემარტა, რომ საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების შემთხვევაში, კომპანია ვალდებული იქნება მომხმარებილისთვის მომსახურება ხელმისაწვდომი გახადოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო ენაზე, მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული და მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია.

კომისიის სხდომაზე შპს „სპეცსერვისი 008“-ის წარმომადგენელმა ნანა იანტბელიძემ გამოთქვა აღნიშნული პირობების დაკმაყოფილების მზადყოფნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „სპეცსერვის 008“-ის განცხადებები და მას უნდა მიენიჭოს ნუმერაციის რესურსი 1-1-8-1-1 (ერთი-ერთი-რვა-ერთი-ერთი) სატელეფონო საცნობარო - საინფორმაციო საქმიანობის განხორციელების ვადით.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების”, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-10 მუხლის,  მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნტისა და მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”სპეცსერვის 008”-ს ნუმერაციის რესურსი - 1-1-8-1-1 (ერთი-ერთი-რვა-ერთი-ერთი),  2012 წლის 6 მარტს, სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, სატელეფონო საინფორმაციო - საცნობარო მომსახურების განხორციელების ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე”;

2. შპს “სპეცსერვისი 008“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით  საინფორმაციო - საცნობარო მომსახურება განახორციელოს შემდეგი პირობების დაცვით:

ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ენაზე;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას;

გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული;

დ) მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია.

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში შპს ”სპეცსერვისი 008”-ის მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში შპს ”სპეცსერვის 008”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”სპეცსერვისი 008”-სთვის    ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის წევრები:                                                               ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები