წვდომის მენიუ

შპს “პოსტსკრიპტუმის“ და შპს „რადიო უცნობის“ განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 180 / 12

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2012

მიღების თარიღი მარტი 06, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „პოსტსკრიპტუმმა“ (05/03/2009, №7/70-09) და შპს „რადიო უცნობმა“ (21/05/2009, №6/523-08 და 25/06/2009, №6/1898-09) კომისიას მიმართეს განცხადებებით მაუწყებლობის ლიცენზიების მიღების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე“ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენა, რის შემდგომაც, კომისიას შესაძლებლობა ექნებოდა განეხორციელებინა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებები ლიცენზიის გაცემის თაობაზე დამტკიცებული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენამდე შეჩერებულ იქნა სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებები, რის შესახებაც ეცნობათ ლიცენზიის მაძიებლებს; მათ ასევე განემარტათ, რომ კომისიის მიერ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენისთანავე განახლდებოდა ადმინისტრაციული წარმოება მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით.

კომისიის 2011 წლის 18 აპრილის №190/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, განისაზღვრა ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები და განახლდა ადმინისტრაციული წარმოებები კომისიაში სამაუწყებლო ლიცენზიების მიღებასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა განცხადებაზე.

კომისია    აღნიშნავს, რომ ვინაიდან ლიცენზიების მაძიებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებები არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, მოთხოვნის დასაზუსტებლად წერილობით მიმართა ლიცენზიის ყველა იმ მაძიებელს, მათ შორის შპს „პოსტსკრიპტუმს“ (04/05/2011, №03/905-11) და შპს „რადიო უცნობს“ (03/05/2011, №03/880-11), რომელთა სალიცენზიო განცხადებებიც ხარვეზიანი იყო და კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის და დაზუსტებული განცხადებების წარმოდგენის მიზნით განუსაზღვრა ვადა – 2011 წლის 1 ივნისამდე. 

ზემოაღნიშნული წერილები მოთხოვნის დაზუსტებასთან დაკავშირებით ჩაბარდათ შპს „პოსტსკრიპტუმს“ (10/05/2011) და შპს „რადიო უცნობს“ (04/05/2011), რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითრები.

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს „პოსტსკრიპტუმმა“ კომისიაში წარმოადგინა დაზუსტებული მოთხოვნა (31/05/2011,  №7/228-11), ხოლო შპს „რადიო უცნობის“ მიერ დაზუსტებული მოთხოვნა არ იქნა წარმოდგენილი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის სამსახურის მიერ შპს „პოსტსკრიპტუმის“დაზუსტებული მოთხოვნა არ იქნა მიჩნეული სრულყოფილად და მოითხოვა ლიცენზიის მაძიებლის მიერ მითითებული გეოგრაფიული არეალის (დასავლეთ საქართველო, ქუთაისი, იმერეთის რაიონები, გურია, აჭარა) დაზუსტება. აღნიშნულის თაობაზე შპს „პოსტსკრიპტუმს“ გაეგზავნა წერილი (08/07/2011, №01/1412-11), სადაც მითითებული იყო, რომ აღნიშნული წერილის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შპს „პოსტსკრიპტუმს“ კომისიაში უნდა წარმოედგინა დაზუსტებული მოთხოვნა. წერილი განცხადების დაზუსტების თაობაზე შპს „პოსტსკრიპტუმს“ ჩაბარდა 2011 წლის 19 ივლისს რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი. შპს „პოსტსკრიპტუმის“ მიერ დაზუსტებული მოთხოვნა კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95–ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით; კერძოდ, კომისიამ გაუგზავნა წერილი შპს „პოსტსკრიპტუმს“ და შპს „რადიო უცნობს“ რათა აღნიშნულ კომპანიებს დაეზუსტებინათ მოთხოვნა და შესაბამისად უზრუნველეყოთ საკუთარი წარმომადგენლის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „პოსტსკრიპტუმს“ და შპს „რადიო უცნობს“ არ წარმოუდგენიათ კომისიაში დაზუსტებული სალიცენზიო განცხადებები, ამავე დროს მათ კომისიისთვის არ მოუმართავთ ინფორმაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ განუხილველად უნდა დარჩეს შპს „პოსტსკრიპტუმის“ და შპს „რადიო უცნობის“ განცხადებები მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება არ ზღუდავს დაინტერესებულ პირებს განმეორებით მიმართონ კომისიას სამაუწყებლო ლიცენზიის მოსაპოვებლად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს  შპს „პოსტსკრიპტუმის“ განცხადებები (05/03/2009, №7/70-09 და 31/05/2011,  №7/228-11) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;

2. განუხილველად დარჩეს შპს „რადიო უცნობის“ განცხადებები (21/05/2009, №6/523-08 და 25/06/2009, №6/1898-09) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;   

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

5. აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი დაეგზავნოთ შპს „პოსტსკრიპტუმს“ და შპს „რადიო უცნობს“;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა). 

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები