წვდომის მენიუ

შპს ”Alpha Telecom”-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 181 / 12

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2012

მიღების თარიღი მარტი 06, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ  შპს ”Alpha Telecom”-მა კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/76-12, 30.01.12) ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.

შპს ”Alpha Telecom”-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს 2006 წლის 19 დეკემბერს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას ითხოვს თავად ავტორიზებული პირი. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება.

კომისიის 2011 წლის 25 მარტის №44/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა. შპს ”Alpha Telecom”-ს კომისიაში არ წარმოუდგენია 2012 წლის იანვრის თვის სტატისტიკური ფორმა.

”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” მე-4 მუხლის მე-4  პუნქტის თანახმად მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილებების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა

მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.

კომისია  აღნიშნავს, რომ შპს ”Alpha Telecom”-ის მიერ კომისიაში არ ყოფილა წარმოდგენილი მომსახურების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე აბონენტების გაფრთხილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 7 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 01/297-12, 02.02.12წ., რომელიც შპს ”Alpha Telecom”-ს ჩაბარდა  2012 წლის 9 თებერვალს). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    განუხილველად დარჩეს შპს ”Alpha Telecom”-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის № 7/76-12, 30.01.12) ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  ”Alpha Telecom”-სთვის ჩაბარებისთანავე; 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა). 

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები