”შპს ”კავკასუს ონლაინის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N48 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ” საქართველო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 10 იანვრის №29/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2012
მიღების თარიღი მარტი 06, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ 2012 წლის 10 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა გაუგრძელდა შპს ”კავკასუს ონლაინის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N48 ლიცენზიას. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტის თანახმად შპს ”კავკასუს ონლაინს” განესაზღვრა 2012 წლის 10 თებერვლამდე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 12,000.00 (თორმეტი ათასი) ლარის და სალიცენზიო მოსაკრებლის - 1000.00 (ერთი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
ამავე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის ამავე გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”კავკასუს ონლაინის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N48 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ 2012 წლის 10 თებერვლამდე არ განხორციელებულა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 12,000.00 (თორმეტი ათასი) ლარის და სალიცენზიო მოსაკრებლის - 1000.00 (ერთი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.
გამომდინარე იქიდან, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების წინაპირობას წარმოადგენს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა და შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ არ იქნა შესრულებული აღნიშნული ვალდებულება, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის 2012 წლის 10 იანვრის №29/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 10 იანვრის №29/6 გადაწყვეტილება ”შპს ”კავკასუს ონლაინის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N48 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”.
2. გაუქმდეს კომისიის 2012 წლის 10 იანვრის №29/6 გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი