წვდომის მენიუ

შპს „რეალკომსა“ და შპს „7 არხს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 185 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2012

მიღების თარიღი მარტი 06, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (23/12/2011, №6/5559-11) მიმართეს შპს „რეალკომმა“ და შპს „7 არხმა“ და დასამტკიცებლად წარმოადგინეს შპს „რეალკომის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F60 ლიცენზიის შპს „7 არხისთვის“ გადაპირების თაობაზე დადებული ხელშეკრულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რეალკომი“ კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის №93/1 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F60 ლიცენზიას, რომელიც კომისიის 2010 წლის 5 თებერვლის №67/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 10.705-11.181 გჰც   ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 22 თებერვლამდე;

გ) უზრუნველყოს შპს ”რეალკომმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო 27–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისიის 2011 წლის 11 ნოემბრის №614/22 გადაწყვეტილებით წინასწარი თანხმობა მიეცა შპს “რეალკომს“ მისი კუთვნილი  საოპერაციო აქტივის - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F60 ლიცენზიის, შპს “7 არხისთვის“ გადაცემაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რეალკომსა“ და შპს „7 არხს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზიის გადაპირების მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 4 აპრილს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რეალკომსა“ და შპს „7 არხისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „რეალკომსა“ და შპს „7 არხისთვის“ ჩაბარებისთანავე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები