კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2012
მიღების თარიღი მარტი 06, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების, საკაბელო ქსელის ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, სიხშირული სპექტრის გამოყენებით. ამავე კანონის 41–ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, კომისია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს; გ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი; დ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა; ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს: სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ფიზიკური პირისათვის – აგრეთვე პირადობის მოწმობის ასლი; სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; შესაბამისობის დეკლარაცია, პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (№7/969-11, 27/12/2012; №7/970-11, 27/12/2012) მიმართა ფიზიკურმა პირმა ვლადიმერ შენგელაიამ და მოითხოვა:
1. ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობა, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.
2. საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა - საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ფიზიკურ პირ ვ.შენგელაიას მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებზე თანდართული დოკუმენტაციები არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, ფიზიკური პირი ვლადიმერ შენგელაიას მიერ კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია სრულყოფილად არ იყო შევსებული, ასევე არ იყო წარმოდგენილი სალიცენზიო მოსაკრებლის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აქედან გამომდინარე, ფიზიკურ პირ ვ.შენგელაიას განცხადებებს 2012 წლის 26 იანვარს და 2012 წლის 22 თებერვალს დაუდგინდათ ხარვეზი, რომელიც მის მიერ აღმოფხვრილ იქნა.
კომისია აღნიშნავს, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, საკაბელო ქსელის და ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიების მიღების თაობაზე ფიზიკური პირი ვლადიმერ შენგელაიას მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებები და თანდართული დოკუმენტაციები შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, ფიზიკური პირი ვლადიმერ შენგელაიას მიერ კომისიაში წარმოდგენილია:
1. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებები, რომლებიც აკმაყოფილებენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს;
2. სალიცენზიო მოსაკრებლის (2000.00 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი თითოეული ლიცენზიისთვის (ჯამში 4000 ლარი);
3. სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. შესაბამისობის დეკლარაცია. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლის, ფიზიკური პირი ვლადიმერ შენგელაიას მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა ლიცენზიის გაცემიდან 4 თვე.
კომისია აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ფიზიკური პირი ვლადიმერ შენგელაიასთვის საკაბელო ქსელის გამოყენებით და ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკური პირი ვლადიმერ შენგელაიასთვის საკაბელო ქსელის და ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე, 38-ე და 41–ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული ფიზიკური პირი ვლადიმერ შენგელაიასთვის საკაბელო ქსელის და ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 4 აპრილს 16.00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ვლადიმერ შენგელაიასთვის გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
