შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2012
მიღების თარიღი მარტი 06, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2012 წლის 17 თებერვალს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 16 თებერვლის №10/206-12 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა (გ. რატიშვილი, ვ.შუღლიაშვილი) მიერ, 2012 წლის 18 იანვარს, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №53, რომლის თანახმად ირკვევა, რომ შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი” თავის ქსელში, სასტუმრო ,,Radisson Blu Iveria“-ში სამაუწყებლო არხებს: ,,Discovery“, ,,Discovery Science”, ,,National Geographic”, ,,Animal Planet”, ,,Fox Life”, ,,Fox Crime”, ,,Viasat Explorer”, ,,CNN”, ,,CNBC”, გადასცემდა არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე.
კომისიაში 2012 წლის 6 თებერვალს შემოვიდა ,,Discovery Network”-ის N8/18-12 წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ აღნიშნულ არხთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მაუწყებლობის ტრანზიტზე მხოლოდ ცალკეულ აბონენტებზე, რომლებიც ცხოვრობენ ბინებში და სახლებში, ხოლო კომერციულ დაწესებულებებში, მათ შორის სატუმროებში, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ არ არის უფლებამოსილი ახორციელებდეს მაუწყებლობის ტრანზიტს და მსგავსი ტრანზიტი წარმოადგენს კანონდარღვევას. ანალოგიური შინაარსის წერილი (24.01.2012. N6/394-12) წარმოადგინა კომისიაში ,,National Geographic”-ის, ,,Fox Life”-ის და ,,Fox Crime”-ის დისტრიბუტორმა კომპანიამ ,,Caucasus Media Services”-მა; აღნიშნული წერილის თანახმად, 2011 წლის პირველი ივლისისა და პირველი ნოემბრის ხელშეკრულებების თანახმად, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე არხების: ,,National Geographic”-ის, ,,Fox Life”-ის და ,,Fox Crime”-ის რეტრანსლირების უფლება მხოლოდ ჩვეულებრივ აბონენტებზე, რომლებშიც არ შედის კომერციული (სასტუმროები) აბონენტები.
შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ 2012 წლის 20 თებერვლს კომისიაში წარმოადგინა N6/856-12 წერილი, რომელსაც დართული აქვს ,,Turner Broadcasting System”-თან 2012 წლის პირველ იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხის ,,CNN“-ის ტრანზიტზე, როგორც ცალკეულ აბონენტებზე, ისე კომერციულ აბონენტებზე გადაცემის უფლებით. აღნიშნული ხელშეკრულება 2012 წლის 20 თებერვლამდე კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული არხი მოხვდა 2012 წლის 18 იანვრის N53 შემოწმების აქტში, როგორც არამართლზომიერად გადაცემული არხი. ამასთანავე, წარმოდგენილია ,,NGC-Europe Limited”-სა და შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ შორის 2012 წლის პირველ თებერვალს გაფორმებული დამატება 2011 წლის პირველი ივლისის ხელშეკრულებაზე, სატელევიზიო არხის ,,National Geographic“-ის ტრანზიტზე. აღნიშნული დამატების თანახმად, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ უფლებამოსილია სატელევიზიო არხი ,,National Geographic”-ი გაავრცელოს კომერციულ აბონენტებზე. აღნიშნული დოკუმენტის ბოლოს მითითებულია, რომ ეს დამატება ძალაში შედის 2012 წლის პირველი თებერვლიდან; ასევე, წარმოდგენილია ,,Fox International Channels”-სა და შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ შორის 2012 წლის პირველ თებერვალს გაფორმებული დამატება 2011 წლის პირველ ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე სატელევიზიო არხების ,,Fox Crime“-ის და ,,Fox Life”-ის ტრანზიტზე. აღნიშნული დამატების თანახმად, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ უფლებამოსილია სატელევიზიო არხები ,,Fox Crime“ და ,,Fox Life” გაავრცელოს კომერციულ აბონენტებზე. აღნიშნული დოკუმენტის ბოლოს მითითებულია, რომ ეს დამატება ძალაში შედის 2012 წლის პირველი თებერვლიდან.
შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ 2012 წლის 22 თებერვალს კომისიაში წარმოადგინა N6/981012 წერილი, რომელსაც დართული ჰქონდა ,,Caucasus Media Services”-სა და შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგს შორის მიმოწერა და ასევე ხელშეკრულება გაფორმებული ,,Niltex Holding Limited”- სა და ,,შპს გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ შორის 2011 წლის პირველ სექტემბერს სხვადასხვა სატელევიზიო არხის რეტრანსლირების თაობაზე და მათ შორის ,,Viasat Explorer“-ზე; ასევე აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2012 წლის 03 იანვარს შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმად, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული არხები, მათ შორის ,,Viasat Explorer“ გაავრცელოს კომერციულ აბონენტებზე; აღნიშნული ხელშეკრულება და მასში შეტანილი ცვლილება შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ 2012 წლის 22 თებერვლამდე კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული არხი მოხვდა 2012 წლის 18 იანვრის N53 შემოწმების აქტში, როგორც არამართლზომიერად გადაცემული არხი.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (16.02.2012, №10/206-12) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 21 თებერვალს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 24 თებერვალს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგს” ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2012 წლის 24 თებერვლის კომისიის სხდომა არ შედგა კომისიის ქვორუმის არ არსებობის გამო და საკითხის განხილვა დაინიშნა განმეორებით, 2012 წლის 06 მარტს, რის შესახებაც შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ ეცნობა ტელეფონოგრამის მეშვეობით. (ტელეფონოგრამა ჩაიბარა თეა ჯუღელმა სატელეფონო ნომერზე 294 10 11).
2012 წლის 6 მარტს, სხდომამდე, კომისიაში შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ წარმოდგენილი იქნა N6/1143-12 წერილი - ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის კომისიას არც პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება შეუძლია და არც გადაწყვეტა, ვინაიდან, ტერმინში ,,ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა“ იგულისხმება პასუხსიმგებლობა იმ ერთი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. აღნიშნული კოდექსი შეიცავს ნორმებს, რომელთა მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა, მაგრამ კომისიას არ გააჩნია კომპეტენცია შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი აღნიშნული სამართალდარღვევის შემთხვევაში, ვინაიდან აღნიშნულზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. გარდა ამისა, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მოსაზრებით კომისია არ იყო უფლებამოსილი დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ვინაიდან ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტში ცვლილება, რომელიც ავალდებულებს ნებისმიერ ავტორიზებულ პირს, კომისიის მიერ მოთხოვნილ ვადაში, წარუდგინოს კომისიას საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამოქმედდა 2012 წლის პირველ თებერვალს, თუმცა არც აღნიშნული ცვლილება ანიჭებს უფლებამოსილებას კომისიას, იმსჯელოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობასთან ასეთი დოკუმენტაციის შესაბამისობის თაობაზე. აღნიშნული საფუძვლების გათვალისწინებით შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ მოითხოვს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
2012 წლის 06 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ წარმომადგენელები შ.თადუმაძე, ნ.გელაძე, ზ.ბაზლიძე. შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ წარმომადგენლებმა დააყენეს შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე შემდეგი საფუძვლით: 1. მათი ინფორმაციით, კომისიის 2009 წლის 31 მარტის N03/448/09 და 2009 წლის 10 თებერვლის N04/177-09 წერილები წარმოადგენს მნიშვნელოვან დასაბუთებას იმისა, რომ კომისია არ არის კომპეტენტური ორგანო დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო და ითხოვს აღნიშნული წერილების მოძიებას; 2. მათი განცხადებით, მიმართეს შპს ,,ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმეტს“ და მოითხოვეს იმ არხების დაზუსტებული სია, რომელსაც აწვდიდა შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ შპს ,,ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტს“ (Radisson Blu Iveria”-ს), ვინაიდან, მათი განცხადებით 2012 წლის 18 იანვრის N53 შემოწმების აქტში მითითებულია ისეთი არხები, რომლებსაც არ აწვდიდა შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ სასტუმრო ,,Radisson Blu Iveria“-ს; 3. შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ წერილით მიმართა Discovery Network-ის ოფიციალურ წარმომადგენელს ცენტრალურ აზიასა და კავკასიის ტერიტორიაზე, კითხვით, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო თუ არა არხის რეტრანსლირება სასტუმროსა და მასში არსებულ საცხოვრებელ ოთახში, რომლის პასუხად აცნობეს, რომ აღნიშნული საკითხი გადაეცემა იურიდიულ სამსახურს და მხოლოდ ამის შემდეგ ეცნობებათ პასუხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ მიაჩნია, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და მოითხოვა სხდომის გადადება.
კომისიამ იმსჯელა შუამდგომლობასთან დაკავშირებით. კომისიამ შეაფასა და გაითვალისწინა შემდეგი გარემოებები: 1. კომისიის 2009 წლის წერილებს საერთო არ აქვთ განსახილვევლ საკითხთან; 2. შპს ,,ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტისაგან“ კომისიის მიერ უკვე მიღებულია წერილი (24.01.2012 N6/374-12), სადაც მითითებულია იმ არხების ჩამონათვალი, რომელთაც ღებულობდა ,,Radisson Blu Iveria” შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგისაგან“, ასევე აღნიშნული არხები დაფიქსირებულია 2012 წლის 18 იანვრის N53 შემოწმების აქტში; 3. ,,Discovery Network“-ის 2012 წლის 06 თებერვლის N8/18-12 წერილის თანახმად, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ არ იყო უფლებამოსილი გაევრცელებინა სატელევიზიო არხები: ,,Discovery”, ,,Discovery Science” და ,,Animal Planet” კომერციულ დაწესებულებებში, მათ შორის სასტუმროებში. ამდენად, კომისიამ ხმათა უმრავლესობით (სამი ერთის წინააღმდეგ), არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე.
კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 16 თებერვლის სამსახურებრივი ბარათი №10/206-12;
2. 2012 წლის 18 იანვრის შემოწმების აქტი N53 დანართებითურთ (მოწმეთა პირადობის მოწმობების ასლები);
3. ხელშეკრულება გაფორმებული 2011 წლის 4 იანვარს შპს ,,კონტაქტ კონსალტინგსა“ და შპს ,,ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტს“ შორის;
4. კომისიის მიერ Discovery Networks-ისათვის გაგზავნილი წერილი (24.01.2012 N04/171-12);
5. Discovery Networks-ის წერილი (06.02.2012 N8/18-12);
6. კომისიის მიერ Radisson Blu Iveria -სთვის გაგზავნილი წერილი (20.01.2012 N04/146-12);
7. შპს ,,ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტის“ წერილი (24.01.2012 N6/374-12);
8. კომისიის მიერ შპს ,,Caucasus Media Services“ -სთვის გაგზავნილი წერილი (24.01.2012. N04/170-12);
9. შპს ,,Caucasus Media Services“ -ის წერილი - (24.01.2012. N6/394-12);
10. შემოწმების ჩატარების ამსახველი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი CD-ზე;
11. კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის 2012 წლის 23 თებერვლის N10/239-12 სამსახურებრივი ბარათი, რომელსაც დართული აქვს შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ 2012 წლის 20 თებერვლის N6/856-12 წერილი დანართებითურთ (ხელშეკრულებები) და 22 თებერვლის N6/981-12 წერილი დანართებითურთ (ხელშეკრულებები);
12. შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები;
13. კომისიის 2011 წლის 14 მარტის (N04/481-11) წერილი ავტორიზებულ პირებს, აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი N563;
14. შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ წარმომადგენლების შალვა თადუმაძისა და ნატალია გელაძის ახსნა-განმარტებები გაკეთებული 2012 წლის 06 მარტის კომისიის სხდომაზე, ნატალია გელაძის წერილობითი ახსნა-განმარტება (06.03.12 N6/1143-12 );
15. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები;
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ 2005 წლის 11 ოქტომბრიდან არის ავტორიზებული პირი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით;
2. კომისიამ 2011 წლის 14 მარტს წერილობით (N04/481-11) მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსთხოვა სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები (აღნიშნული წერილი 2011 წლის 16 მარტს ჩაბარდა შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“, რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი N563); ამავე წერილით, კომისიამ განუმარტა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, რომ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში წარმოდგენილ იქნას აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილი (Permission Letter) რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:
ა) ნებართვა ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ;
ამდენად, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“, ვალდებული იყო კომისიაში წარმოედგინა ყველა ის ხელშეკრულება, თუ სანებართვო წერილი, რომელთა საფუძველზეც განახორციელებდა მაუწყებლობის ტრანზიტს;
3. შპს ,,ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“, რომელიც ფლობს სასტუმრო ,,Radisson Blu Iveria”-ს, წარმოადგენს შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აბონენტს, რასაც ადასტურებს, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგსა“ და შპს ,,ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტს“ შორის 2011 წლის 4 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება და შპს ,,ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტის“ წერილი (24.01.2012 N6/374-12). აღნიშნულ წერილში მითითებულია იმ არხების ჩამონათვალი, რომელთა სიგნალს გადასცემს შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ შპს ,,ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტს“. ეს არხებია: ,,CNN”, ,,CNBC”, ,,Discovery”, ,,Discovery Science”, ,,National Geographic”, ,,Explorer”, ,,Animal Planet”, ,,Fox Life”, ,,Fox Crime”, ,,Eurosport Russia”, ,,Extreme sport”, ,,Eurosport Live”, ,,TNT”, ,,MTV Europe”;
4. 2012 წლის 18 იანვარს, 16:56 საათზე, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აბონენტთან სასტუმრო ,,Radisson Blu Iveria”-ში, მისამართზე: ქ. თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი N1, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის მიერ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის ვ.შუღლიაშვილის მონაწილეობით, განხორციელდა შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №53. შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ვ. შუღლიაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები მიხეილ აბრამიშვილი (პ/ნ 01024023260) და გიორგი მხეიძე (პ/ნ 11IA26625);
5. 2012 წლის 18 იანვრის N53 შემოწმების აქტის შესაბამისად, ირკვევა, რომ შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ თავისი საკაბელო ქსელით, რეტრანსლირების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: ,,Discovery“, ,,Discovery Science”, ,,National Geographic”, ,,Animal Planet”, ,,Fox Life”, ,,Fox crime”, ,,Viasat Explorer”, ,,CNN”, ,,CNBC”;
6. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2012 წლის 18 იანვრის №53 შემოწმების აქტით, აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD);
7. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 18 იანვრის №53 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
8. შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
8. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ პოზიციას, თითქოს კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს და გადაწყვიტოს ავტორიზებულ პირთა მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევის ფაქტები. კომისია აღნიშნავს, რომ ახორციელებს არა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვას, არამედ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) პუნქტის საფუძველზე აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას. ამ ფუნქციის ფარგლებში კომისია ამოწმებს ავტორიზებული პირების მხრიდან ტრანზიტის კანონიერად განხორციელების ფაქტს, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მაუწყებლობის ტრანზიტი ეს არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. ამდენად, კომისია, თავისი კანონისმიერი ვალდებულების ფარგლებში ითხოვს მაუწყებლობის ტრანზიტორისაგან ამ ავტორიზებული საქმიანობის კანონიერად განხორციელებას - საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვით, რამდენადაც ეს არის დაკავშირებული სატელევიზიო არხის მართლზომიერ ტრანზიტთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: ,,Discovery“, ,,Discovery Science”, ,,Animal Planet”, ,, National Geographic”, ,,Fox Life”, ,,Fox Crime” საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ დაწესებულებებში (სასტუმროებში და ა.შ), და სამაუწყებლო არხის ,,CNBC”-ის საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ხოლო სატელევიზიო არხების: ,,Viasat Explorer”-ისა და ,,CNN”-ის პაკეტში ჩასმამდე, ტრანზიტის უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების, კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი (2012 წლის 18 იანვრისათვის მოქმედი რედაქცია).
ვინაიდან, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ ამავდროულად უნდა აეკრძალოს სატელევიზიო არხების: ,,Discovery“, ,,Discovery Science” და ,,Animal Planet”-ის არამართლზომიერი გადაცემა საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ დაწესებულებებში (სასტუმროებში და ა.შ), და სატელევიზიო არხის ,,CNBC”-ის არამართლზომიერი გადაცემა, საქართველოს ტერიტორიაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, 3 ხმა 1 ხმის (ი. მოსეშვილი) წინააღმდეგ
გადაწყვიტა:
1. შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ მიეცეს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ უზრუნველყოს არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, შემდეგი სატელევიზიო არხების: ,,Discovery“, ,,Discovery Science”, ,,Animal Planet” საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ დაწესებულებებში (სასტუმროებში და ა.შ), და სატელევიზიო არხის: ,,CNBC”, არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა საქართველოს ტერიტორიაზე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგისათვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგისათვის” ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
