შპს ”ჯორჯექსისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2012
მიღების თარიღი მარტი 16, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (04.11.2011 №7/540-11) მიმართა შპს ”ჯორჯექსმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში, საფოსტო კავშირით მომსახურების განხორციელებისას საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის 1XX(XXX) ფორმატის ნუმერაციის რესურსის მინიჭების მოთხოვნით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს ”ჯორჯექსი” ეწევა მომხმარებლების საფოსტო კავშირით მომსახურებას.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისია გასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნუბართვებს და ამავე დროს კომისია უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსი ნებართვის გარეშე ენიჭება საფოსტო კავშირით მომსახურების განმახორციელებელ პირებს საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის (რომლის სრული ფორმატი 5 - ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე), შესაბამისი საქმიანობის ვადით; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებულ ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” №3 დანართის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის განსაზღვრულია - 188XX ფორმატის ნუმერაციის რესურსი, სადაც XX საოპერატორო კომპანიის განმსაზღვრელია.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შპს „ჯორჯექსი“ წარმოადგენს არაავტორიზებულ პირს, რომელსაც კომისიაში არ აქვს გავლილი ავტორიზაცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე და განცხადებით ითხოვს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებითა” და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად, საფოსტო კავშირით მომსახურებისას საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის (188XX) მინიჭებას. კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „ჯორჯექსის“ განცხადება და მას უნდა მიენიჭოს ნუმერაციის რესურსი 1-8-8-0-6 (ერთი-რვა-რვა-ნული-ექვსი) შესაბამისი საქმიანობის ვადით.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების”, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-10 მუხლის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ჯორჯექსს” ნუმერაციის რესურსი - 1-8-8-0-6 (ერთი-რვა-რვა-ნული-ექვსი), 2012 წლის 16 მარტიდან, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, აღნიშნული მომსახურების განხორციელების ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე”;
2. შპს “ჯორჯექსი“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ საფოსტო კავშირით მომსახურების განხორციელებისას საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში შპს ”ჯორჯექსის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში შპს ”ჯორჯექსს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”ჯორჯექსისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
