წვდომის მენიუ

შპს ,,ტელევიზია კახეთისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 211 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2012

მიღების თარიღი მარტი 16, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2012 წლის 24 თებერვალს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი. ვ.გლავაცკი) 2012 წლის  21 თებერვლის  №10/223-12 მოხსენებითი ბარათი თანდართულ მასალასთან ერთად (CD) და  2012  წლის 15 თებერვლის №54 შემოწმების აქტი,  რომელთა თანახმად ირკვევა, რომ  შპს ,,ტელევიზია კახეთი”, სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომისიაში წარდგენის გარეშე, არამართლზომიერად ახორციელებდა მთელი რიგი სამაუწყებლო არხების: ,,იმედი”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”,  ,,რუსთავი 2”, ,,აჭარა”, ,,ერთსულოვნება”, ,,მზე”, ,,რეალ ტვ”, ,,ПИК”, ,,საქართველო”, ,,ახალი არხი”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,Music Box ru”, ,,Кино Плюс”, ,,India TV”, ,,Discovery”, ,,Animal Planet”, ,,НТV Плюс”, ,,Футбол”, ,,Eurosport”, ,,Детский”, ,,МТV”, ,,National Geographic Wild”, ,,Охота и рыбалка“, ,,National Geographic”, ,,History”, ,,Sport 1”, ,,НТV +”, ,,Премьера”, ,,НТV +Онлаин”, ,,Боец ТВ”, ,,Eurosport 2”, ,,Еврокино”, ,,Avto плюс ТВ”, ,,AK TV”, ,,НСТ”, ,,FTV”, ,,ენკი - ბენკი”, ,,Explorer”, ,,ТВ3”, ,,TV 1000 Асtion“, ,,Travel”, ,,Усадьба” საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემას (ტრანზიტს).

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის 28 თებერვალს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელევიზია კახეთის” სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის  16 მარტს,  რის თაობაზეც შპს ,,ტელევიზია კახეთს” ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2012 წლის 24 თებერვალს, შპს ,,ტელევიზია კახეთმა” კომისიას წარმოუდგინა შესაბამისი ხელშეკრულებები მთელი რიგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლიაციის უფლების მოპოვების თაობაზე. კერძოდ, საერთაშორისო კომპანია ,,ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედთან” 2012 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მას აქვს შემდეგი სატელევიზიო არხების: ,,TV 1000 Асtion“, ,,VIASAT Nature”, ,,VIASAT History”, ,,THT” რეტრანსლირების უფლება. შპს ,,რუსთავი 2”-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის 31 მაისის ჩათვლით, მას აქვს სატელევიზიო არხების: ,,რუსთავი 2”-ისა და ,,ახალი არხის”  გავრცელების უფლება. შპს ,,სი-ენ-ეი ჯორჯიასთან” 2012 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 მაისის ჩათვლით, მას აქვს სატელევიზიო არხების: ,,Охота и рыбалка“, ,,Усадьба”, ,,Шансон”,  ,,Наше Кино”,  ,,Юмор тв”,  ,,Music Box ru” რეტრანსლირების უფლება. შპს ,,სტეპკომთან” 2012 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე, მას აქვს სატელევიზიო არხების: ,,Боец ТВ”, ,,India TV”, ,,Avto плюс ТВ”, ,,Еврокино”, ,,Детский”, ,,Bridge TV” რეტრანსლირების უფლება. საქართველოს კაბელური ქსელების ასოციაციის 2012 წლის 1 იანვრის წერილის თანახმად, მას აქვს სატელევიზო არხების: ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” (I არხი), ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” (II არხი), ,,მზე”, ,,აჭარა”, ,,კავკასია”, ,,I სტერეო”, „MUSIC BOX” (შპს ,,ტელეკომპანია თბილისი”) გავრცელების უფლება. ასევე შპს ,,რეალტივი-საქართველოსთან” და შპს ,,ალანიასთან” დადებული შეთანხმების თანახმად, მას აქვს საკაბელო ქსელის მეშვეობით განახორციელოს სატელევიზიო არხების: ,,რეალტივი-საქართველოსა” და ,,Region TV”-ის რეტრანსლირების უფლება 2015 წლის 31 დეკემბრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ  2012 წლის  2  მარტს,  შპს  ,,ტელევიზია კახეთს”  დაზღვეული საფოსტო გზავნილით ჩაბარდა შეტყობინება (საფოსტო ქვითარი №708), მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი  კომისიის 2012 წლის 16 მარტის კომისიის სხდომაზე  არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია განიხილოს შპს  ,,ტექნონეტისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, ვინაიდან მის მიერ სრულად არის შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

2012 წლის 16 მარტს, კომისიის სხდომაზე, როგორც დაინტერესებული პირი, გამოცხადდა შპს ,,ტელევიზია კახეთის” ბუღალტერი ე.გავარდაშვილი, რომელმაც დაადასტურა შპს ,,ტელევიზია კახეთის” მიერ შეტყობინების ჩაბარება და განმარტა, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიებთან სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლების მოპოვების თაობაზე.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 21 თებერვლის №10/223-12 სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012  წლის  15 თებერვლის №54 შემოწმების აქტი;

3. შპს ,,ტელეიმედის” 2012 წლის 20 თებერვლის № 0094 წერილი;

4.  შპს ,,ტელეიმედის” 2011 წლის 17 ნოემბრის №0565 წერილი;

5.  შპს ,,რუსთავი 2”-ის 2011 წლის 1 ივლისის №4/0566-11 წერილი;

6.  შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს” 2011 წლის 7 მარტის №14/1 წერილი;

7. შპს ,,ტელევიზია კახეთის” 2011 წლის 18 ივლისის წერილი;

8. შპს ,,ტელევიზია კახეთსა” და შპს ,,ივერია ინტერმედიას” შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხი ,,ენკი-ბენკის” რეტრანსლიაციის ნებართვის თაობაზე;

9. შპს ,,ტელევიზია კახეთსა” და შპს ,,რეალტივი საქართველოს” შორის 2011 წლის 5 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხის რეტრანსლიაციის ნებართვის თაობაზე;

10. შპს ,,ტელევიზია კახეთსა” და შპს ,,მაესტროს” შორის 2011 წლის 21 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხის რეტრანსლიაციის ნებართვის თაობაზე;

11. შპს ,,ტელევიზია კახეთის” 2012 წლის 24 თებერვლის წერილი;

12. შპს ,,ტელევიზია კახეთსა” და საერთაშორისო კომპანია ,,ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს” შორის 2012 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხების რეტრანსლიაციის ნებართვის თაობაზე;

13. შპს ,,ტელევიზია კახეთსა” და შპს ,,სი-ენ-ეი ჯორჯიას” შორის 2012 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხების რეტრანსლიაციის ნებართვის თაობაზე;

14. შპს ,,ტელევიზია კახეთსა” და შპს ,,სტეპკომს” შორის 2012 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხების რეტრანსლიაციის ნებართვის თაობაზე;

15. შპს ,,რელტივი-საქართველოსთან” და შპს ,,ალანიასთან” დადებული შეთანხმებები სატელევიზიო არხების: ,,რეალტივი-საქართველოსა” და ,,Region TV”-ის რეტრანსლიაციის ნებართვის თაობაზე;

16. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის 2010 წლის 30 მარტის №152/01-34 წერილი ,,აჭარის” ტრანზიტული გავრცელების უფლების გადაცემის თაობაზე;

17. საქართველოს კაბელური ქსელების ასოციაციის 2012 წლის 1 იანვრის წერილი სატელევიზიო არხების რეტრანსლიაციის ნებართვის თაობაზე;

18.  შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი (CD);

19. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

20. შპს ,,ტელევიზია კახეთის” ბუღალტრის ახსნა-განმარტება;

21.  კომისიის 2011 წლის 14 მარტის (N04/481-11) წერილი ავტორიზებულ პირებს და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი (№ 624, 18.03.2012).

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  ,,ტელევიზია კახეთი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 01.02.10., ავტორიზებული საქმიანობის სახე - ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით;

2.    შპს ,,ტელევიზია კახეთს” სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე  რეტრანსლირების უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

3.  2012 წლის 15 თებერვალს, 14:23 საათზე, კომპანიის ოფისში, მისამართზე: ქ. ახმეტა, ლესელიძის ქუჩა №3, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის მიერ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის ვ.გლავაცკის მონაწილეობითა და შესამოწმებელი პირის, შპს ,,ტელევიზია კახეთის” მორიგე ოპერატორის ვ.ნონიაშვილის თანდასწრებით განხორციელდა შპს ,,ტელევიზია კახეთის” მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №54.  შემოწმების ოქმს ხელს აწერენ შპს ,,ტელევიზია კახეთის” მორიგე ოპერატორი ვ.ნონიაშვილი, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ.რატიშვილი და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ვ.გლავაცკი;

4. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  შპს ,,ტელევიზია კახეთი” საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,იმედი”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”,  ,,რუსთავი 2”, ,,აჭარა”, ,,ერთსულოვნება”, ,,მზე”, ,,რეალ ტვ”, ,,ПИК”, ,,საქართველო”, ,,ახალი არხი”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,Music Box ru”, ,,Кино Плюс”, ,,India TV”, ,,Discovery”, ,,Animal Planet”, ,,НТV Плюс”, ,,Футбол”, ,,Eurosport”, ,,Детский”, ,,МТV”, ,,National Geographic Wild”, ,,Охота и рыбалка“, ,,National Geographic”, ,,History”, ,,Sport 1”, ,,НТV +”, ,,Премьера”, ,,НТV +Онлаин”, ,,Боец ТВ”, ,,Eurosport 2”, ,,Еврокино”, ,,Avto плюс ТВ”, ,,AK TV”, ,,НСТ”, ,,FTV”, ,,ენკი - ბენკი”, ,,Explorer”, ,,ТВ3”, ,,TV 1000 Асtion“, ,,Travel”, ,,Усадьба”;

5. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება როგორც 2012 წლის 15 თებერვლის №54  შემოწმების აქტით, ისე შესამოწმებელი პირის, შპს ,,ტელევიზია კახეთის” მორიგე ოპერატორის ხელმოწერით, ასევე შპს ,,ტელევიზია კახეთის” წარმომადგენლის კომისიის 2012 წლის 16 მარტის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით;

6.  2012 წლის 15 თებერვლის №56 შემოწმების აქტი  შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული  მოთხოვნების შესაბამისად; 

7.    შპს ,,ტელევიზია კახეთს” კომისიაში წარმოდგენილი არა აქვს ხელშეკრულებები საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,ПИК”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,Кино Плюс”, ,,Discovery”, ,,Animal Planet”, ,,НТV Плюс”, ,,Футбол”, ,,Eurosport”, ,,МТV”, ,,National Geographic Wild”, ,,National Geographic”, ,,History”, ,,Sport 1”, ,,НТV +”, ,,Премьера”, ,,НТV +Онлаин”, ,,Eurosport 2”, ,,Avto плюс ТВ”, ,,AK TV”, ,,НСТ”, ,,FTV”, ,,Explorer”, ,,ТВ3”, ,,Travel”  უცველელი სახით გადაცემის უფლების მოპოვების თაობაზე;

8.  კომისიამ 2011 წლის 14 მარტს წერილობით (N04/481-11) მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსთხოვა სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები (აღნიშნული წერილი 2011 წლის 18 მარტს ჩაბარდა შპს ,,ტელევიზია კახეთს”, რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი №624. ამავე წერილით, კომისიამ განუმარტა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, რომ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში წარმოდგენილ იქნას აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილი (Permission Letter) რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: ა) ნებართვა ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ. ამდენად, შპს ,,ტელევიზია კახეთი” ვალდებული იყო კომისიაში წარმოედგინა ყველა ის ხელშეკრულება, თუ სანებართვო წერილი, რომელთა საფუძველზეც განახორციელებდა მაუწყებლობის ტრანზიტს;

9. შპს ,,ტელევიზია კახეთის” წარმომადგენელი  არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შპს  ,,ტელევიზია კახეთი” ახორციელებდა სამაუწყებლო არხების  არამართლზომიერ გადაცემას;

10. შპს ,,ტელევიზია კახეთის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა;

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი.

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით დართონ თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ბერნის კონვენციისა და ისმო-ს ხელშეკრულების  აღნიშნულ დანაწესთან სრულ თანხმობაშია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,ПИК”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,Кино Плюс”, ,,Discovery”, ,,Animal Planet”, ,,НТV Плюс”, ,,Футбол”, ,,Eurosport”, ,,МТV”, ,,National Geographic Wild”, ,,National Geographic”, ,,History”, ,,Sport 1”, ,,НТV +”, ,,Премьера”, ,,НТV +Онлаин”, ,,Eurosport 2”, ,,AK TV”, ,,НСТ”, ,,FTV”, ,,Explorer”, ,,ТВ3”, ,,Travel”  შესაბამისი ხელშეკრულებებისა და სანებართვო წერილების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით შპს ,,ტელევიზია კახეთის” მიერ დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ხოლო სატელევიზიო არხების: ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”,  ,,მზე”, ,,Music Box ru”, ,,India TV”, ,,Детский”, ,,Охота и рыбалка“, ,,Боец ТВ”,  ,,Еврокино”, ,,Avto плюс ТВ”,  ,,TV 1000 Асtion“-სა და  ,,Усадьба”-ის პაკეტში ჩასმამდე, ტრანზიტის უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების  კომისიაში  წარმოუდგენლობით დაირღვა  ,,ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა. ვინაიდან, შპს ,,ტელევიზია კახეთის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ტელევიზია კახეთს”  უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო არხების: ,,ПИК”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,Кино Плюс”, ,,Discovery”, ,,Animal Planet”, ,,НТV Плюс”, ,,Футбол”, ,,Eurosport”, ,,МТV”, ,,National Geographic Wild”, ,,National Geographic”, ,,History”, ,,Sport 1”, ,,НТV +”, ,,Премьера”, ,,НТV +Онлаин”, ,,Eurosport 2”, ,,AK TV”, ,,НСТ”, ,,FTV”, ,,Explorer”, ,,ТВ3”, ,,Travel”  არამართლზომიერი გადაცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,ტელევიზია კახეთს” მიეცეს გაფრთხილება ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების  დარღვევის გამო;

2. შპს ,,ტელევიზია კახეთმა” უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ,,ПИК”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,Кино Плюс”, ,,Discovery”, ,,Animal Planet”, ,,НТV Плюс”, ,,Футбол”, ,,Eurosport”, ,,МТV”, ,,National Geographic Wild”, ,,National Geographic”, ,,History”, ,,Sport 1”, ,,НТV +”, ,,Премьера”, ,,НТV +Онлаин”, ,,Eurosport 2”, ,,AK TV”, ,,НСТ”, ,,FTV”, ,,Explorer”, ,,ТВ3”, ,,Travel”  არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ტელევიზია კახეთისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელევიზია კახეთისთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                          . ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                        . ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრი                                                                        . კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                        . სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                       . მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები