შპს ,,ევროპა პლუს - თბილისისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2012
მიღების თარიღი მარტი 16, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 23 თებერვლის №10/240-12 სამსახურებრივი ბარათი, რომლიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,ევროპა პლუს-თბილისს” არ შეუსრულებია კანონისმიერი ვალდებულება და ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 1 იანვრისთვის კომისიაში არ წარმოუდგენია შესაბამისობის დეკლარაცია და ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 23 თებერვლის № 10/240-12 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 1 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ევროპა პლუს-თბილისისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 16 მარტს. აღნიშნულის შესახებ შპს ,,ევროპა პლუს-თბილისს” ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2012 წლის 16 მარტს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ევროპა პლუს-თბილისის” დირექტორი თეა კალანდია, რომელმაც განმარტა, რომ შესაბამისობის დეკლარაცია 2012 წლის 1 იანვრს კომისიაში არ იყო წარმოდგენილი იმის გამო, რომ კომპანიისთვის უცნობი იყო კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 23 თებერვლის №10/240-12 სამსახურებრივი ბარათი;
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრისა და კომისიაში დაცული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა რეესტრის მონაცემები;
3. კომისიის სხდომაზე შპს ,,ევროპა პლუს-თბილისის” დირექტორის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ევროპა პლუს-თბილისი” წარმოადგენს კერძო საერთო ტელემაუწყებლობის NB54 ლიცენზიის მფლობელს (კომისიის 2004 წლის 2 ივლისის №313/1 გადაწყვეტილებით მიეცა N1405 ლიცენზია, რომელიც მოდიფიცირდა კომისიის 2010 წლის 12 მარტის №119/2 გადაწყვეტილებით);
2. 2012 წლის 1 იანვრისთვის შპს ,,ევროპა პლუს-თბილისს” შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში არ წარმოუდგენია და ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებ გვერდზე არ გამოუქვეყნებია;
3. შპს ,,ევროპა პლუს-თბილისის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის წარდგენა, ასევე შესაბამისობის დეკლარაციის ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება.
კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან შპს ,,ევროპა პლუს-თბილისმა” 2012 წლის 1 იანვრისთვის არ წარმოადგინა შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში, ასევე არ გამოაქვეყნა ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე, მის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 29-ე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც კომპანიის სანქცირების საფუძველია.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ევროპა პლუს-თბილისის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამავე დროს, მას უნდა დაევალოს შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენა და საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება 5 კალენდარული დღის ვადაში.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ევროპა პლუს-თბილისს” მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს ,,ევროპა პლუს-თბილისს” დაევალოს შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენა და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება წინამდებარე გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ., №6) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ევროპა პლუს-თბილისისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ევროპა პლუს-თბილისისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
