წვდომის მენიუ

შპს ,,კორტესი-გიდაგოსთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 215 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2012

მიღების თარიღი მარტი 16, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის  საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.  ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე)  ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 23 თებერვლის №10/240-12 სამსახურებრივი ბარათი, რომლიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,კორტესი-გიდაგოს” არ შეუსრულებია კანონისმიერი ვალდებულება და ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 1 იანვრისთვის კომისიაში არ წარმოუდგენია შესაბამისობის დეკლარაცია და ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  2012 წლის 23 თებერვლის №10/240-12 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 1 მარტს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კორტესი-გიდაგოს” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 16 მარტს. აღნიშნულის შესახებ შპს ,,კორტესი-გიდაგოს”  ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ  2012 წლის  12  მარტს,  შპს  ,,კორტესი-გიდაგოს”  დაზღვეული საფოსტო გზავნილით ჩაბარდა შეტყობინება (საფოსტო ქვითარი №1091), მისი წარმომადგენელი  კომისიის 2012 წლის 16 მარტის კომისიის სხდომაზე  არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია განიხილოს შპს  ,,კორტესი-გიდაგოსთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, ვინაიდან მის მიერ სრულად არის შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.    კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 23 თებერვლის №10/240-12 სამსახურებრივი ბარათი;

2.   კომისიის მიერ 2012 წლის 1 მარტს შპს ,,კორტესი-გიდაგოსთვის” გაგზავნილი შტყობინება და მისი ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი (№1091; 12.03.12.);

3.    მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრისა და  კომისიაში დაცული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა რეესტრის მონაცემები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.    შპს ,,კორტესი-გიდაგო” წარმოადგენს კერძო საერთო ტელემაუწყებლობის NB7 ლიცენზიის მფლობელს (კომისიის 2005 წლის 23 სექტემბრის №612/1 გადაწყვეტილებით მიეცა აღნიშნული ლიცენზია);

2.   შპს ,,კორტესი-გიდაგოს”  2012 წლის 1 იანვრისთვის  შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში  არ წარმოუდგენია და არ გამოუქვეყნებია ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე;

3.     შპს ,,კორტესი-გიდაგოს” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

„მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის  76-ე მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის წარდგენა, ასევე შესაბამისობის დეკლარაციის ინტერნეტის მეშვეობით  საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება.

კომისიას მიაჩნია, რომ  ვინაიდან  შპს ,,კორტესი-გიდაგო” 2012 წლის 1 იანვრისთვის  არ წარმოადგინა შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში, ასევე არ გამოაქვეყნა ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე, მის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  76-ე მუხლის 29-ე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები,  რაც კომპანიის სანქცირების საფუძველია.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის ან/და  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად,  კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში  აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში  მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს  ,,კორტესი-გიდაგოს” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.   ამავე დროს, მას უნდა დაევალოს შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენა და საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება 5 კალენდარული დღის ვადაში.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

:

1.   შპს ,,კორტესი-გიდაგოს”  მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის  76-ე მუხლის 29-ე პუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს ,,კორტესი-გიდაგოს”  დაევალოს  შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენა და საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება წინამდებარე გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს  ,,კორტესი-გიდაგოსთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს  ,,კორტესი-გიდაგოსთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ირაკლი  ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                    კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                    აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები