წვდომის მენიუ

შპს ,,სპექტრისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 216 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2012

მიღების თარიღი მარტი 16, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.  ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე)  ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 23 თებერვლის №10/240-12 სამსახურებრივი ბარათი, რომლიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,სპექტრს” არ შეუსრულებია კანონისმიერი ვალდებულება და ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 1 იანვრისთვის კომისიაში არ წარმოუდგენია შესაბამისობის დეკლარაცია და ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  2012 წლის 23 თებერვლის № 10/240-12 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 1 მარტს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  შპს ,,სპექტრისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 16 მარტს. აღნიშნულის შესახებ  შპს ,,სპექტრს”  ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ  2012 წლის  14  მარტს,  შპს  ,,სპექტრს”  დაზღვეული საფოსტო გზავნილით ჩაბარდა შეტყობინება (საფოსტო ქვითარი №1094), მისი წარმომადგენელი  კომისიის 2012 წლის 16 მარტის კომისიის სხდომაზე  არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია განიხილოს შპს  ,,სპექტრისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, ვინაიდან მის მიერ სრულად არის შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 23 თებერვლის №10/240-12 სამსახურებრივი ბარათი;

2.       მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრისა და  კომისიაში დაცული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა რეესტრის მონაცემები;

3.       კომისიის მიერ 2012 წლის 1 მარტს შპს ,,სპექტრისთვის” გაგზავნილი შტყობინება და მისი ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი (№1094; 14.03.12.);

4.       შპს ,,სპექტრის” მიერ 2012 წლის 16 მარტს კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       შპს ,,სპექტრი“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB77 ლიცენზიის მფლობელს (კომისიის 2005 წლის 8 აპრილის 216/1 გადაწყვეტილებით მიეცა №1470 ლიცენიზა, რომელიც კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა);

2.       2012 წლის 1 იანვრისთვის შპს ,,სპექტრს” შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში არ წარმოუდგენია და საკუთარ ვებ-გვერდზე ინტერნეტის მეშვეობით არ გამოუქვეყნებია;

3.       შპს ,,სპექტრის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის წარდგენა, ასევე შესაბამისობის დეკლარაციის ინტერნეტის მეშვეობით  საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება.

კომისიას მიაჩნია, რომ  ვინაიდან  შპს ,,სპექტრმა”  2012 წლის 1 იანვრისთვის  არ წარმოადგინა შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში, ასევე არ გამოაქვეყნა ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე, მის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  76-ე მუხლის 29-ე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები,  რაც კომპანიის სანქცირების საფუძველია.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 16 მარტს შპს ,,სპექტრმა” კომისიაში წარმოადგინა შესაბამისობის დეკლარაცია, კომისიაში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ, კომპანიის მიერ სამართალდარღვევის აღმოფხვრა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან მისი გათავისუფლების საფუძველს.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის ან/და  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად,  კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში  აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში  მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,სპექტრის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.   

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

:

1.    შპს ,,სპექტრს” მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის  76-ე მუხლის 29-ე პუნქტის დარღვევის გამო;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,სპექტრისთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,სპექტრისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) შპს ,,სპექტრისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ირაკლი  ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                    კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                    აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები