წვდომის მენიუ

შპს ,,ფოლკ-რადიოსთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 217 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2012

მიღების თარიღი მარტი 16, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.  ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე)  ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 23 თებერვლის № 10/240-12 სამსახურებრივი ბარათი, რომლიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,ფოლკ-რადიოს” არ შეუსრულებია კანონისმიერი ვალდებულება და ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 1 იანვრისთვის შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში არ წარმოუდგენია და ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  2012 წლის 23 თებერვლის №10/240-12 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 1 მარტს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ფოლკ-რადიოსთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 16 მარტს. აღნიშნულის შესახებ შპს ,,ფოლკ-რადიოს”  ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ  2012 წლის  9  მარტს,  შპს  ,,ფოკლ-რადიოს”  დაზღვეული საფოსტო გზავნილით ჩაბარდა შეტყობინება (საფოსტო ქვითარი №1092), მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი  კომისიის 2012 წლის 16 მარტის კომისიის სხდომაზე  არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია განიხილოს შპს  ,,ტექნონეტისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, ვინაიდან მის მიერ სრულად არის შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

2012 წლის 16 მარტს, კომისიის სხდომაზე, როგორც დაინტერესებული პირი, გამოცხადდა შპს ,,ფოლკ-რადიოს” მაუწყებლობის დირექტორი დავით მაღლაფერიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ დეკლარაციის წარმოუდგენლობა განპირობებული იყო იმით, რომ კომპანია გადავიდა ახალ ოფისში; ამ დროისთვის კომპანიამ შესაბამისობის დეკლარაცია წარმოადგინა კომისიაში და განათავსა საკუთარ ვებ-გვერდზე.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 23 თებერვლის №10/240-12 სამსახურებრივი ბარათი;

2.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრისა და  კომისიაში დაცული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა რეესტრის მონაცემები;

3.   კომისიის სხდომაზე შპს  ,,ფოლკ-რადიოს”  მაუწყებლობის დირექტორის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.   შპს ,,ფოლკ-რადიო” წარმოადგენს კერძო საერთო ტელემაუწყებლობის NB98 ლიცენზიის მფლობელს (კომისიის 2008 წლის 28 მარტის №160/1 გადაწყვეტილებით მიეცა ლიცენზია, რომელიც მოდიფიცირდა კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის №408/2 გადაწყვეტილებით);

2.   შპს ,,ფოლკ-რადიოს” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა;

3.   შპს ,,ფოლკ-რადიოს” 2012 წლის 1 იანვრისთვის შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში არ წარმოუდგენია და ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებ გვერდზე არ გამოუქვეყნებია.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის წარდგენა, ასევე შესაბამისობის დეკლარაციის ინტერნეტის მეშვეობით  საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება.

კომისიას მიაჩნია, რომ  ვინაიდან  შპს ,,ფოლკ-რადიო” 2012 წლის 1 იანვრისთვის  არ წარმოადგინა შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში, ასევე არ გამოაქვეყნა ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე, მის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  76-ე მუხლის 29-ე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები,  რაც კომპანიის სანქცირების საფუძველია.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის ან/და  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად,  კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში  აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში  მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს  ,,ფოლკ-რადიოს” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.   

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

:

1.   შპს ,,ფოლკ-რადიოს”  მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის  76-ე მუხლის 29-ე პუნქტის დარღვევის გამო;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს  ,,ფოლკ-რადიოსთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს  ,,ფოლკ-რადიოსთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) შპს ,,ფოლკ-რადიოსთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ირაკლი  ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                    კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                    აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები