შპს ,,მაქსტელკომ+“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2012
მიღების თარიღი მარტი 16, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
2012 წლის 05 მარტს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 02 მარტის სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად, ირკვევა, რომ შპს ,,მაქსტელკომი+“-ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილებები 2011 წლის 15 ნოემბერს, რის შესახებაც კომისიისათვის ცნობილი გახდა შპს ,,მაქსტელკომ+“-ის მიერ კომისიაში 2012 წლის 29 თებერვალს წარდგენილი N6/1069-12 წერილის საფუძველზე. აღნიშნულ წერილზე დართული, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერიდან ირკვევა, რომ განხორციელებული ცვლილების თანახმად, შეიცვალნენ შპს ,,მაქსტელკომ+“-ის დამფუძნებლები აკაკი ჩხაბერიძე და ნოდარ ხვაბლიანი და ახალ დაფუძნებლებად განისაზღვრნენ გიორგი ფირცხელანი და თინა გიორგობიანი. გარდა ამისა, შეიცვალა კომპანიის დირექტორი, კერძოდ: აკაკი ჩხაბერიძის ნაცვლად დირექტორად დაინიშნა გიორგი ფირცხელანი, ასევე შეიცვალა კომპანიის იურიდიული მისამართი.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ითვალისწინებს შემდეგ მონაცემებს: საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „მაქსტელკომი+“-ის წილის შეძენა, განხორციელდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, ხოლო ცვლილების განხორციელების შემდეგ, კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენის კანონით დადგენილი 7 დღიანი ვადაც დარღვეულია, კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 13 მარტს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაქსტელკომის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სანქცირების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 16 მარტს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,მაქსტელკომ+“-ს ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ჩაბარდა შპს ,,მაქსტელკომ+“-ის დირექტორს გიორგი ფირცხელანს, რაც დასტურდება შეტყობინების ასლზე დირექტორის ხელისმოწერით.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 16 მარტის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ,,მაქსტელკომ+“-ის ტექნიკური დირექტორი ლევან გიორგობიანი, რომელსაც არ გააჩნდა შპს ,,მაქსტელკომ+“-ის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა, თუმცა, საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღო, როგორც დაინტერესებულმა პირმა და განაცხადა, რომ შპს ,,მაქსტელკომ+“-ს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაცია კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2012 წლის 02 მარტის N10/282-12 სამსახურებრივი ბარათი;
2. შპს ,,მაქსტელკომ+“-ის 2012 წლის 29 თებერვლის N6/1069-12 წერილი;
3. შპს ,,მაქსტელკომ+“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის N392702, ამონაწერის მომზადების თარიღი 15.11.2011);
4. შპს ,,მაქსტელკომ+“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის N300705, ამონაწერის მომზადების თარიღი 20.05.2011);
5. შპს ,,მაქსტელკომ+“-ის ტექნიკური მენეჯერის ლევან გიორგობიანის ახსნა-განმარტება მიცემული 2012 წლის 16 აპრილის კომისიის სხდომაზე.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,მაქსტელკომ+“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს 2011 წლის 23 მაისიდან;
2. შპს ,,მაქსტელკომ+“-ს არ მიუმართავს კომისიისათვის თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ, შესაბამისად არ მიუღია კომისიისაგან თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით;
3. შპს ,,მაქსტელკომ+“-ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2011 წლის 15 ნოემბერს შეიცვალა ავტორიზებული პირის იურიდიული მისამართი, წილის მფლობელები (დამფუძნებლები), დირექტორი, რაც დასტურდება შპს ,,მაქსტელკომ+“-ის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
4. შპს ,,მაქსტელკომ+“-მა არ მიაწოდა კომისიას ინფორმაცია სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების თაობაზე, კანონით განსაზღვრულ 7 დღიან ვადაში;
5. შპს ,,მაქსტელკომ+“-ს უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაქსტელკომ+“-ის მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, წილის გასხვისებითა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების შესახებ, კომისიაში კანონით დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტები, ასევე 26-ე მუხლი.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „მაქსტელკომ+“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „მაქსტელკომ+“-ს მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო და ამავე დროს, დაევალოს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე, 99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტების, 26-ე, 27-ე, 43-ე მუხლების და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „მაქსტელკომ+“-ს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;
2. შპს ,,მაქსტელკომ+”-ს დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შეტყობინების წარმოდგენა კომისიაში, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: წილების შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წილების შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:
ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული
მომსახურებიდან;
გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;
დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;
ე) ინფორმაცია წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მაქსტელკომ+“-ისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაქსტელკომ+“-ისათვის ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე და შპს ,,მაქსტელკომ+“-ის მიერ მე-2 პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
