წვდომის მენიუ

შპს ,,სუპერ ტვ“-ს სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 222 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 05, 2012

მიღების თარიღი მარტი 23, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2012 წლის 9 იანვარს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 29 დეკემბრის  №10/1413-11 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ პირთა  მიერ, 2011 წლის 29 დეკემბერს, შპს ,,სუპერ ტვ”-ს  მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №50, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ შპს ,,სუპერ ტვ”  თავის ქსელში, სასტუმრო  ,,თბილისი მერიოტში“ სამაუწყებლო არხებს გადასცემდა არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (29.12.2011, №10/1413-11) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის 29 თებერვალს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს  ,,სუპერ ტვ”-ს  სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2012 წლის 06 მარტს, აღნიშნულის თაობაზე შპს ,,სუპერ ტვ“-ს   ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. 2012 წლის 06 მარტს დანიშნულ სხდომაზე, შპს ,,სუპერ ტვ“-ის სანქცირების საკითხი გადაიდო დამატებითი მოკვლევისათვის.

კომისიამ 2012 წლის 23 მარტის სხდომაზე განიხილა შპს ,,სუპერ ტვ“-ის სანქცირების საკითხი, სადაც დადგინდა, რომ შპს ,,სუპერ ტვ“-ის შემოწმება, ერთი მხრივ, ჩატარებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ხოლო მეორე მხრივ, მტკიცებულებები არასაკმარისია, რის გამოც, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

1.      შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სუპერ ტვ“-ის სანქცირებასთან დაკავშირებით;

2.      დაევალოს კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი), შპს ,,სუპერ ტვ“-ის შემოწმების ხელახალი ჩატარება სათანადო წესის დაცვით;

3.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

4.      გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე - www.gncc.ge.

         კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

         კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი  

         კომისიის წევრი                                                                                  კ. კვიტაიშვილი

         კომისიის წევრი                                                                                  კ. სიხარულიძე

         კომისიის წევრი                                                                                  ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები