სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2012
მიღების თარიღი მარტი 23, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით მიმართა სს „სილქნეტმა“ (№7/46-11, 26/01/11) და მოითხოვა კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებით სს „გაერთიანებული ტელეკომისგან“ მასზე დროებით (3 წლის ვადით) გადაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მოდიფიცირება იმგვარად, რომ მომსახურების სახედ განესაზღვროს, როგორც მობილური, ისე ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილების მე–14 პუნქტის შესაბამისად, სს ”სილქნეტი” განისაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის დროებით მფლობელად, 3 (სამი) წლის ვადით, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც - 831,645 მჰც და 872,955 მჰც - 876,645 მჰც სიხშირული დიაპაზონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 23 ივლისამდე;
გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებით სს „გაერთიანებული ტელეკომის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზია დროებით სარგებლობაში გადაცემულია სს „სილქნეტსთვის“, სს „სილქნეტის“ განცხადებას თან ერთვის სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წერილი (№8-01/7, 16/0/12), რომლითაც სს „გაერთიანებული ტელეკომი“ აცხადებს თანხმობას მისი კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირებაზე, რომ ამ ლიცენზიის ფარგლებში გაწეული მომსახურების სახედ განისაზღვროს, როგორც მობილური, ისე ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურება.
კომისიის აპარატის რადიოსიხშრეთა მართვის დეპარტამენტის 2012 წლის 22 თებერვლის (№10/232-12) სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, კომისიამ აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მოთხოვნა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე, დასაბუთებულია და შეესაბამება „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებულ მომსახურების სახეებს, გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმაში“ შეტანილი ცვლილებების შედეგად, სიხშირული დიაპაზონი 790.0 – 890.0 მჰც განაწილებულია ფიქსირებული, სამაუწყებლო და მობილური (გარდა საჰაერო მობილურისა) სამსახურებისათვის. ამავე გეგმის მიხედვით აღნიშნული დიაპაზონის შესაბამისი მონაკვეთი – 824.25 – 889.515 მჰც, საქართველოში გამოიყენება სისტემებისათვის კოდური დაყოფისა და მრავალჯერადი დაშვებისათვის (CDMA – 850).
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 25 აპრილს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
