რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2012
მიღების თარიღი მარტი 23, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელეკომპანია “დიამ“ (№6/1247-12, 14.03.2012 წ.), რომლითაც ითხოვს ქ. გორის სატელევიზიო ანძიდან (ახალდაბის ანძა) – ქ. გორში ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია „კოსმოსის“ სტუდიამდე (ქ. გორი ამილახვრის ქ. №26), რადიოსარელეო კავშირისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადებას.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლებისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია “დია“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს საეთერო ტელემაუწყებლობას მე-11 სატელევიზიო არხზე ქ. ხაშურში და მიმდებარე ტერიტორიაზე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, ლიცენზიის მოქმედების ვადით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შპს ტელეკომპანია “დიას“ მიერ ქ. გორის სატელევიზიო ანძიდან (ახალდაბის ანძა) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ქსელში ჩართვის მიზნით, სატელევიზიო სიგნალის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისთვის მიწოდება არ ემსახურება შპს ტელეკომპანია “დიას“ კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიით გათვალისწინებულ სალიცენზიო პირობების შესრულებას, კომისია ვერ იხელმძღვანელებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით. ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ტელეკომპანია “დიას“ ესაჭიროება რადიოსიხშირული სპექტრი ქ. გორში მოქმედი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის საკაბელო ქსელში საკუთარი სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, ანუ მონაცემთა გადასაცემად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლებისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების შესაბამისად, გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა შპს ტელეკომპანია “დიას“ მიერ ქ. გორის სატელევიზიო ანძიდან (ახალდაბის ანძა) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია „კოსმოსის“ ქსელში ჩართვის მიზნით რადიოსარელეო კავშირისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების მიზანშეწონილობის საკითხი და კომისიას მიაჩნია, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი (11594 მჰც ± 14 მჰც, ზოლის სიგანე 28 მჰც) და შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი რადიოსარელეო კავშირისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად და შეადგინა 1,198.80 (ერთი ათას ას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა” და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 11594 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. გორის სატელევიზიო ანძიდან (ახალდაბის ანძა) – ქ. გორში ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია „კოსმოსის“ სტუდიამდე (ქ. გორი, ამილახვრის ქ. №26); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 1 ვატამდე;
ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;
2. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 1,198.80 (ერთი ათას ას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის ოდენობით;
3. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2012 წლის 1 მაისი, 13:00 საათი;
4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2012 წლის 16 აპრილის 17:00 საათამდე;
5. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 60.00 (სამოცი ლარი) ლარს.
6. სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;
ბ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებით;
7. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი განცხადებით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სახის სარგებლობის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
8. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკ ”თი-ბი-სი” ბანკში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;
-ა/ანგარიში: GE 11 TB 06 000 000 006 093 26;
-კოდი: TBCBGE22;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %, გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს +995 32 239 40 29);
9. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;
10. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
12. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
