წვდომის მენიუ

შპს ,,მეტაკომთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე სს ,,სილქნეტის” განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: 230 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 27, 2012

მიღების თარიღი მარტი 23, 2012

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო  მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

2012 წლის 9 მარტს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში კომისია) განცხადებით (№790/05-8; 9.03.12.)  მიმართა სს ,,სილქნეტმა” და   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მოითხოვა შპს ,,მეტაკომთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ მასსა და შპს ,,მეტაკომს” შორის 2010 წლის 12 მარტიდან დღემდე მოქმედი ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე შპს ,,მეტაკომს” მის მიმართ გააჩნია ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობა 2012 წლის 9 მარტის მდგომარეობით შეადგენს 34,010.50  ლარს. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად სს ,,სილქნეტმა” კომისიაში წარმოადგინა მასსა და შპს ,,მეტაკომს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება (№11-531, 20.09.11.) დავალიანების აღიარების თაობაზე, 2011 წლის აგვისტოდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად შედგენილი საოქმო გადაწყვეტილებები და 2011 წლის 18 ოქტომბრის, 25 ოქტომბრისა და 28 დეკემბრის საგადასახადო დავალებები.

2012 წლის 16 მარტს, სს ,,სილქნეტის” განცხადების (№790/05-8; 9.03.12.) განხილვის მიზნით კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 23 მარტს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ სს ,,სილქნეტსა” და  შპს ,,მეტაკომს”.  ამ უკანასკნელს, შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით  შეტყობინებასთან ერთად გადაეგზავნა სს ,,სილქნეტის”  განცხადება თანდართული დოკუმენტებით და ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 23 მარტს,  კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სს ,,სილქნეტის”  წარმომადგენელი მ.ქოქიაშვილი და შპს ,,მეტაკომის” წარმომადგენელი ლ.პარასტაშვილი.

კომისიის სხდომაზე, სს ,,სილქნეტის” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას და მოითხოვა შპს ,,მეტაკომთან”  მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა, შპს ,,მეტაკომის” მიერ ურთიერთჩართვიდან   გამომდინარე ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

კომისიის სხდომაზე, შპს ,,მეტაკომის”  წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია  აღიარებს მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე მისთვის გაწეული მომსახურებისათვის  ფინანსურ დავალიანებას სს ,,სილქნეტის”  მიმართ და ამ დავალიანების დაფარვის მიზნით მოითხოვა ვადა მიმდინარე წლის აგვისტოს თვემდე, რასაც არ დაეთანხმა სს ,,სილქნეტის” წარმომადგენელი.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ  ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.     სს ,,სილქნეტის” 2012 წლის 9 მარტის  №790/05-8 განცხადება;

2.     სს ,,სილქნეტისა” და შპს ,,მეტაკომის” მიერ ხელმოწერილი, 2011 წლის 20 სექტემბრის №11-531 ხელშეკრულება დავალიანების აღიარების თაობაზე;

3.     2011 წლის აგვისტოდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად შედგენილი საოქმო გადაწყვეტილებები;

4.     2011 წლის 18 ოქტომბრის №87,  2011 წლის 25 ოქტომბრის №92 და 2011 წლის 28 დეკემბრის №1 საგადასახადო დავალებები;

5.     მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

6.     კომისიის სხდომაზე სს ,,სილქნეტისა” და შპს ,,მაიფონის” წარმომადგენლების მიერ მიცემული  ახსნა-განმარტებები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ29 ქვეპუნქტის შესაბამისად, სს ,,სილქნეტსა” და შპს ,,მეტაკომს” შორის მოქმედებს ურთიერთჩართვა, წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, რასაც მხარეები სადაოდ არ ხდიან;

2. მხარეთა ახსნა-განმარტებით, 2011 წლის 20 სექტემბრის №11-531 ხელშეკრულებით დავალიანების აღიარების თაობაზე, 2011 წლის აგვისტოდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად შედგენილი საოქმო გადაწყვეტილებებითა და 2011 წლის 18 ოქტომბრის №87,  2011 წლის 25 ოქტომბრის №92 და 2011 წლის 28 დეკემბრის №1 საგადასახადო დავალებებით ირკვევა, რომ სს ,,სილქნეტის” მიერ შპს ,,მეტაკომისთვის” გაწეული ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის, შპს ,,მეტაკომს” სს ,,სილქნეტის” მიმართ წარმოეშვა ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობა 2012 წლის 9 მარტის მდგომარეობით  შეადგენს  34,010.50  ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე, შპს ,,მეტაკომის” მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება სს ,,სილქნეტის” მიმართ. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტის” მოთხოვნა შპს ,,მეტაკომთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადებაზე (ოფერტაზე) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში, მით უფრო უკვე მოქმედი ურთიერთჩართვის დროს,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მხარეები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული  ზომა  გააფორმონ ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და წარუდგინონ იგი კომისიას, ხოლო თუ ურთიერთჩართვის პირობებთან დაკავშირებით მხარეები ვერ აღწევენ კონსენსუნს, უნდა მიმართონ კომისიას, რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის,  34-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, 99-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. სს ,,სილქნეტის” მოთხოვნა,  შპს ,,მეტაკომთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ,  დაკმაყოფილდეს;

2. შპს ,,მეტაკომს”, სს ,,სილქნეტთან” მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად, კერძოდ, 34,010.50   (ოცდათოთხმეტი ათას ათი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის დასაფარად,  მიეცეს 10 კალენდარული დღე წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,მეტაკომისთვის” ჩაბარებიდან;

3. შპს ,,მეტაკომის” მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული ფინანსური დავალიანების დროულად არ დაფარვის ან დავალიანების გაზრდის  შემთხვევაში, სს ,,სილქნეტს” მიეცეს თანხმობა შპს ,,მეტაკომთან” მოქმედი ურთიერთჩართვის  შეჩერებაზე, აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;

4. სს ,,სილქნეტსა” და შპს ,,მეტაკომს” განემარტოთ, რომ მათ უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, შეთანხმდნენ და გააფორმონ  ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი  წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,სილქნეტისთვის” და შპს ,,მეტაკომისთვის” გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,სილქნეტისთვის” და შპს ,,მეტაკომისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.   კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების (მე-5 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                    კარლო კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                    აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები