წვდომის მენიუ

შპს “მაგთიკომის“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ს განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 238 / 12

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2012

მიღების თარიღი მარტი 26, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ (01/11/2010, №6/3694-10) და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–მა (18/05/2011, №7/200-11) კომისიას მიმართეს განცხადებებით მაუწყებლობის ლიცენზიების მიღების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე“ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენა, რის შემდგომაც, კომისიას შესაძლებლობა ექნებოდა განეხორციელებინა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებები ლიცენზიის გაცემის თაობაზე დამტკიცებული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენამდე შეჩერებულ იქნა სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებები,  რის შესახებაც ეცნობათ ლიცენზიის მაძიებლებს, მათ შორის შპს „მაგთიკომს“ (26/11/2010, №01/2467-10); მათ ასევე განემარტათ, რომ კომისიის მიერ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენისთანავე განახლდებოდა ადმინისტრაციული წარმოება მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით.

კომისიის 2011 წლის 18 აპრილის №190/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, განისაზღვრა ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები და განახლდა ადმინისტრაციული წარმოებები კომისიაში სამაუწყებლო ლიცენზიების მიღებასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა განცხადებაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ლიცენზიების მაძიებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებები არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, მოთხოვნის დასაზუსტებლად წერილობით მიმართა ლიცენზიის ყველა იმ მაძიებელს, მათ შორის შპს „მაგთიკომს“ (29/04/2011, №03/819-11), რომელთა განცხადებებიც მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე ხარვეზიანი იყო. კერძოდ, შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში არ იყო მითითებული სპეციალიზებული მაუწყებლობის თემატიკა და თან არ ერთვოდა სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შპს „მაგთიკომს“ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის და დაზუსტებული განცხადების წარმოდგენის მიზნით განესაზღვრა ვადა – 2011 წლის 1 ივნისამდე. ზემოაღნიშნული წერილი, შპს „მაგთიკომს“ ჩაბარდა 2011 წლის 2 მაისს, რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი (№77).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, განცხადებაში არ იყო მითითებული მაუწყებლობის გეოგრაფიული ზონა, აგრეთვე არ იყო წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციის შევსებული ფორმა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზემოაღნიშნულის თაობაზე შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ს ეცნობა წერილით (16/06/2011, №01/1232-11) და დაზუსტებული განცხადების წარმოდგენის მიზნით განესაზღვრა ვადა – აღნიშნული წერილის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღე. შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ს ზემოაღნიშნული წერილი ჩაბარდა 2011 წლის 21 ივნისს, რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი (№75).

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ კომისიაში წარმოადგინა დაზუსტებული განცხადება (11/05/2011,  №6/1884-11), ხოლო შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ს მიერ დაზუსტებული მოთხოვნა არ იქნა წარმოდგენილი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დაზუსტებული განცხადება არ შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ. შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციის შევსებული ფორმა. ზემოაღნიშნულის თაობაზე შპს „მაგთიკომს“ გაეგზავნა წერილი (10/06/2011, №01/1493-11), სადაც მითითებული იყო, რომ აღნიშნული წერილის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შპს „მაგთიკომს“ კომისიაში უნდა წარმოედგინა შესაბამისობის დეკლარაციის შევსებული ფორმა. აღნიშნული წერილი შპს „მაგთიკომს“ ჩაბარდა 2011 წლის 13 ივნისს, რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი (№203). შპს „მაგთიკომის“ მიერ შესაბამისობის დეკლარაციის შევსებული ფორმა არ იქნა წარმოდგენილი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომს“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ს არ წარმოუდგენიათ კომისიაში დაზუსტებული განცხადებები მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე, ამავე დროს მათ კომისიისთვის არ მოუმართავთ ინფორმაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განუხილველად დარჩეს შპს „მაგთიკომის“ (01/11/2010, №6/3694-10 და 11/05/2011,  №6/1884-11) და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ს (18/05/2011, №7/200-11) განცხადებები მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება არ ზღუდავს დაინტერესებულ პირებს განმეორებით მიმართონ კომისიას სამაუწყებლო ლიცენზიის მოსაპოვებლად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს  შპს „მაგთიკომის“ განცხადებები (01/11/2010, №6/3694-10 და 11/05/2011,  №6/1884-11) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;

2. განუხილველად დარჩეს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ს განცხადება (18/05/2011, №7/200-11) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების შპს „მაგთიკომისა“ და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,№6) ერთი თვის ვადაში;   

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ინტერნეტში, კომისიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები