წვდომის მენიუ

შპს ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 240 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2012

მიღების თარიღი მარტი 28, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (21.03.2012 N10/367-12) და შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ შემოწმების საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000178, შედგენილი 2012 წლის 20 მარტს ქ.გორში, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ქ.გორში ჩატარებულ იქნა რადიომონიტორინგი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ქ.გორში ულიცენზიოდ ან/და მინიჭების გარეშე იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს 11.864-12.064 მჰც სიხშირულ დიაპაზონში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი კომისიის აპარატის რადიოსხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2012 წლის 20 მარტს, რომელიც კომისიას წარედგინა 2012 წლის 21 მარტს, ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში დაიწყო 2012 წლის 22 მარტს, ხოლო, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2012 წლის 28 მარტის 16:00 საათი, რის შესახებაც  შეტყობინებით (22.03.2012 N03/731-12) ეცნობა შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“. მხარეს განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000178 და ოქმზე თანდართული ვიდეო მტკიცებულებები); მხარეს ასევე განემარტა, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2012 წლის 28 მარტის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ტელე-რადიო კომპანია „თრილეთის“ დირექტორი ჯონდო ნანეტაშვილი, რომელიც არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და აღნიშნა, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ როგორც რადიოსარელეო კავშირისთვის, ასევე მაუწყებლობისთვისაც იყენებს მისთვის კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებულ რადიოსიხშირულ სპექტრს. შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი მონიტორინგის შედეგების გამაქარწყლებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია ან მტკიცებულებები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000178 (20.03.2012) და ოქმზე თანდართული CD დისკი;

2. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (21.03.2012 N10/367-12 და 22.03.2012 N10/369-12);

3. კომისიის 2004 წლის 26 ნოემბრის N636/1 გადაწყვეტილება;

4. კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის N71/13 გადაწყვეტილება;

5. კომისიის მიერ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთისთვის“ 2012 წლის 22 მარტს გაგზავნილი შეტყობინება (N03/731-12);

6. შპს „სმარტექსიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი N1226;

7. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

8. ამონაწერი კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან;

9. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტში დასაქმებული პირების ახსნა-განმარტებები;

10. შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000178 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების  შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ კომისიის 2004 წლის 26 ნოემბრის N636/1 გადაწყვეტილებით მიეცა ლიცენზია N1436 საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე მრავალარხიანი მიკროტალღოვანი, ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემა მიტრისის გამოყენებით ქ.გორში, ქ.ხაშურში, ქ.ქარელსა და ქ.კასპში.  კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის N71/13 გადაწყვეტილებით, შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“, საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობის განხორციელების მიზნით მიენიჭა რადიოსიხშირული სპექტრი 10.705-11.181 მჰც, N1436 ლიცენზიის მოქმედების ვადით (26.11.2014);

2. გამომადინარე იქიდან, რომ ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით  მომსახურება აღარ ექვემდებარება ლიცენზირებას და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით აღნიშნულ მომსახურებაზე გათვალისწინებულია ავტორიზაციის რეჟიმი, გაუქმდა შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ N1436 ლიცენზია, ხოლო კომპანიამ 2006 წლის 31 მაისს კომისიაში გაიარა ავტორიზაცია ტელემაუწყებლობის ტრანზიტზე; შესაბამისად, შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას (ტელემაუწყებლობის ტრანზიტს) ახორციელებს ქ.გორში.

3. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ქ.გორში ჩატარებული რადიომონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მიერ ულიცენზიოდ/მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით 11.864-12.064 მჰც სარგებლობის ფაქტი, რაც დაფიქსირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში N000178 (რომელსაც კომისიის მხრიდან ხელს აწერენ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი - ნ.კონდოლელი, უფროსი ინჟინერი - გ.ქართველიშვილი და წამყვანი სპეციალისტი - გ.გოგიაშვილი, მოწმეები: ზაზა შერაზადიშვილი (პირადი N59004002434) და გიორგი კობახია (პირადი N01024006483); ოქმში აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევათა ოქმი წარედგინა შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ დირექტორს -  ჯონდო ნანეტაშვილს, რომელმაც უარი განაცხადა ოქმის ჩაბარებაზე და ხელმოწერაზე) და აღნიშნულ ოქმზე თანდართულ CD დისკზე დატანილ შესაბამის ვიდეომასალებში.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი 22.03.2012 N10/369-12, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ სამართალდარღვევათა ოქმში N000178 დაფიქსირებულ რადიოსიხშირულ სპექტრს 11.864-12.064 მჰც იყენებს მრავალარხიანი რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად; აღნიშნული რადიოსარელეო ხაზი შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ გორის სტუდიას აკავშირებს ქ.გორის სატელევიზიო ანძასთან, სადაც განთავსებულია კომპანიის მრავალარხიანი წერტილი-მრავალწერტილი სისტემის გადამცემი სადგური. აღნიშნულ გადამცემ სადგურზე, შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“, ასევე იყენებს კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის N71/13 გადაწყვეტილებით მინიჭებულ რადიოსიხშირულ სპექტრსაც;

4. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

2. „ელექტრონული კომუნიკაცების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მიერ 11.864-12.064 მჰც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ან/და კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭების უფლების გარეშე, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმებითა და შემოწმების შედეგად შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით N000178, შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას და შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას; კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზიის ან/და მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით; ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს შესაბამისი ლიცენზიის ან/და მინიჭების გარეშე  რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 290-ე მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, 15-ე, მე-16, 18-ე პუნქტების, 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაეკისროს ჯარიმა შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;

2. უზრუნველყოს შპს ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300433251;

3. უზრუნველყოს შპს ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთნმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ლიცენზიის  ან/და მინიჭების გარეშე 11.864-12.064 მჰც  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთისთვის”  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; N6) 10 დღის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთისთვის “ ჩაბარების დღიდან;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შვგულიძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                                           კ.კვიტაიშვილი

                                                                                                                              ა. სიხარულიძე

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები