წვდომის მენიუ

შპს ,,მაგთიკომისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 242 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2012

მიღების თარიღი მარტი 29, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2012 წლის 15 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე) 2012 წლის 14 მარტის  №10/336-12 სამსახურებრივი ბარათი, რომელსაც თან ერთვოდა  2012 წლის 12 მარტის №3 შემოწმების აქტი, კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის 2012 წლის 12 მარტის №10/322-12 სამსახურებრივი ბარათი და შპს ,,მაგთიკომის” იურისტის 2012 წლის 13 მარტის ახსნა-განმარტება, რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2012 წლის 12 მარტს, ქ.თბილისში, გორგასლის ქ. №8-ში, განხორციელდა შპს ,,მაგთიკომის” სააბონენტო ნომრისა და მომსახურების საკონტროლო შესყიდვა და შემოწმდა ამ შესყიდვის შედეგად კომისიაში დასაქმებულ ზურაბ ვაჭარაძესა და შპს ,,მაგთიკომს” შორის გაფორმებული მობილური სატელეფონო მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ შეესაბამება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ კანონმდებლობას შემდეგი გარემოებების გამო:

1.  ხელშეკრულების პირველ გვერდზე მონიშნულია მომხმარებლის ზურაბ ვაჭარაძის მიერ არჩეული სატარიფო გეგმა ,,მაგთი“. ხელშეკრულება არ შეიცავს მობილური სატელეფონო მომსახურების ტარიფებს. ხელშეკრულებაში მითითებულია მხოლოდ სატარიფო გეგმის სახელწოდება. ამასთან, ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ,,...მომსახურების ტარიფები, საფასური და გადასახდელები განისაზღვრება სატარიფო გეგმის შესაბამისად. აღნიშნულ ტარიფებს ოპერატორი აქვეყნებს თავის ვებ–გვერდზე www.magticom.ge.’’

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების შესახებ.

2.  ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, წინასწარი გადახდის სისტემის აბონენტებისთვის: მომსახურების ფარგლებში ფულადი საავანსო თანხის (დეპოზიტის) ამოწურვის შემთხვევაში აბონენტს ეთიშება გამავალი ზარი და უნარჩუნდება შემომავალი ზარის განხორციელების შესაძლებლობა ოპერატორის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, შემდგომი გადახდის სისტემის აბონენტებისთვის: სააბონენტო გადასახდელისა და მიღებული მომსახურების მოცულობის მიხედვით განსაზღვრული მომსახურებს საფასურის (დავალიანების) გადაუხდელობის შემთხვევაში აბონენტს ეთიშება სააბონენტო ნომრიდან გამავალი ზარი და უნარჩუნდება შემომავალი ზარის განხორციელების შესაძლებლობა ოპერატორის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში...“

ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, ,,...აბონენტის მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ოპერატორი იტოვებს უფლებას მის მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ  გააუქმოს სააბონენტო ნომერი და გასცეს სხვა აბონენტზე.“

ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება შესაძლებელია ნებისმიერ დროს ვადაზე ადრე შეწყდეს ოპერატორის ინიციატივით, ოპერატორის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში, სააბონენტო ანგარიშზე, ფულადი საავანსო თანხის არ შეტანის ან დავალიანების არსებობისას, მისი გადაუხდელობის შემთხვევაში ან 6.2.3 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ უნდა მოიცავდეს მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების შეწყვეტა დაიშვება მომხმარებლის მიერ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 45 დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში.

ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებში  ოპერატორის მიერ დადგენილი ვადების მიუთითებლობის გამო მომხმარებლები არ ფლობენ ინფორმაციას თუ რა ვადაში უნდა შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება, რათა ამას არ მოჰყვეს მომსახურების შეზღუდვა. ამასთან, ხელშეკრულებაში არ არის მითითებული ვადა, რომლის ამოწურვის შემდეგ დავალიანების გადაუხდელობის საფუძვლით შპს ,,მაგთიკომი“ უფლებამოსილია მომხმარებელს შეუწყვეტოს  მომსახურება და სატელეფონო ნომრით სარგებლობის უფლება.

3.ხელშეკრულების  6.3.1 პუნქტის თანახმად, ოპერატორს უფლება აქვს ,,დაადგინოს მომსახურების პირობები და წესები, ტარიფების ოდენობა, მათი გადახდის და დამრგვალების წესები...“

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-105  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებელს გაწეული მომსახურებისთვის საფასურს არიცხავს წამობრივი სიზუსტით.

4.    ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, აქციაში ჩართვიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში აქციაში ჩართული აბონენტის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ოპერატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს აბონენტს და ეს უკანასკნელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ვადამდე მოშლისთვის. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ყოველი კონკრეტული აქციის პირობებით, როს შესახებაც ინფორმაციას ოპერატორი აქვეყნებს თავის ვებ–გვერდზე www.magticom.ge.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 24–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, სტანდარტული პირობებით მომსახურების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების მომხმარებლის ინიციატივით შეწყვეტისათვის, არ შეიძლება დადგინდეს პირგასამტეხლო ან სხვა დამაბრკოლებელი პირობები.

5.  ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ,,მომსახურების არაჯეროვნად მიღებასთან, მომსახურების საფასურის დარიცხვასთან ან ნებისმიერ ხარვეზთან დაკავშირებით აბონენტის პრეტენზია შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადების სახით და წარედგინოს/მიეწოდოს ოპერატორს ადმინისტრაციული ოფისის მისამართზე...“

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63–ე მუხლისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე–18 მუხლის მე–3 პუნქტის, 26–ე, 27–ე მუხლების შესაბამისად, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს მომსახურების მიმწოდებელს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი განცხადებით (საჩივრით).

6.   ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, ,,აბონენტის მიერ ოპერატორისათვის პრეტენზიის წარდგენის/მიწოდების ვადა შეადგენს ორ თვეს, რომელიც აითვლება საფასურის დარიცხვის, ანდა მომსახურების ხარვეზის ან არაჯეროვანი მომსახურების მიწოდების მომენტიდან. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემთხვევაში აბონენტი კარგავს პრეტენზიის  წარდგენის უფლებას...”

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი, ხოლო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონი და ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტი არ უწესებს მომხმარებელს დამატებით ვადებს საჩივრის წარსადგენად.

7.   ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, ,,პრეტენზიის წარდგენა არ იწვევს ოპერატორის გასაჩივრებული ქმედების შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ქმედების შეჩერებაზე მიღებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს აქტი.“

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია საჩივრის განხილვის მთელ პერიოდში მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების შეზღუდვა ან შეწყვეტა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის 20 მარტს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მაგთიკომის”  სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის  29 მარტს,  რის თაობაზეც შპს ,,მაგთიკომს” ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2012 წლის 29 მარტს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,მაგთიკომის”  წარმომადგენელი დ.ძიძიგური, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს ,,მაგთიკომის” მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების პირობების შეთანხმება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა კომისიასთან და მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან, ამ უკანასკნელის შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებული და ასახული იქნა ხელშეკრულებაში. ვინაიდან ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტში გასული წლის განმავლობაში შევიდა რამდენიმე ცვლილება, ამასთან რეგლამენტში ცვლილება ისევ არის მოსალოდნელი, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელთან შეხვედრის დროს მოხდა არაფორმალური შეთანხმება, რომ მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბებულიყო ცვლილებების დასრულების შემდეგ. შპს ,,მაგთიკომის” წარმომადგენელმა არ უარყო, რომ შესაბამისი ცვლილებები უნდა შესულიყო მომსახურების ხელშეკრულებაში, მაგრამ, ვინაიდან შპს ,,მაგთიკომს” ჰყავს 3000–მდე დილერი, რომლებსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გატანილი აქვთ დაბეჭდილი ხელშეკრულებები, ძველი ხელშეკრულებების ახლით ჩანაცვლება წარმოადგენს რთულ პროცესს. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიამ წერილობით მიმართა კომისიას, რომელიც „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ მე–7 მუხლის თანახმად ვალდებულია სათანადო მიმართვის შემთხვევაში, კონსულტაცია გაუწიოს ავტორიზებულ პირს და დაამატა, რომ მათ ოფიციალური პასუხი წერილზე არ მიუღიათ არც კომისიისგან და არც მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურიდან, თუმცა წერილზე ორივე ადრესატი იყო მითითებული. შპს ,,მაგთიკომის” იურისტმა დაადასტურა, რომ ხელშეკრულება არ შეიცავს მობილური სატელეფონო მომსახურების ტარიფებს. მან განმარტა, რომ ხელშეკრულებაში შეიძლება არ არის მითითებული მომსახურების შეწყვეტის ვადა, მაგრამ ეს ვადა კანონით დადგენილ ვადაზე - 45 დღეზე მეტია. ამასთან 4.1 პუნქტის შესაბამისად, წინასწარი გადახდის სისტემის აბონენტებს დეპოზიტის ამოწურვის შემთხვევაში გამავალი ზარი ეთიშება და უნარჩუნდება შემომავალი ზარის განხორციელების შესაძლებლობა ოპერატორის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში, ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, შემდგომი გადახდის სისტემის აბონენტებისთვის: სააბონენტო გადასახდელისა და მიღებული მომსახურების მოცულობის მიხედვით განსაზღვრული მომსახურებს საფასურის (დავალიანების) გადაუხდელობის შემთხვევაში აბონენტს ეთიშება სააბონენტო ნომრიდან გამავალი ზარი და უნარჩუნდება შემომავალი ზარის განხორციელების შესაძლებლობა ოპერატორის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში. ასევე მან განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების 8.4 პუნქტი ითვალისწინებს მომხმარებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, ის არ მოქმედებს, ვინაიდან რეგლამენტში შესული ცვლილების შემდეგ ის ბათილია, ხოლო რაც შეეხება 9.1 პუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიის წარდგენას  წერილობითი ფორმით, აღნიშნულს ითვალისწინებს რეგლამენტის მე-2 მუხლის რ) პუნქტი და 27-ე მუხლი. ასევე მან განმარტა, რომ მართალია ხელშეკრულების 9.2 პუნქტი, რომელიც აბონენტს უწესებს ოპერატორისათვის პრეტენზიის წარდგენის ორთვიან  ვადას, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ კომპანიას უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე ამ ვადის გასვლის შემდეგ. ასევე მან განმარტა, რომ ხელშეკრულების 9.2. პუნქტში მითითებული ,,ოპერატორის გასაჩივრებული ქმედება“ არ მოიცავს  ოპერატორის ქმედებას მომსახურების მიწოდების შეზღუდვასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვის ან შეწყვეტის საფუძვლების არსებობისას;  შესაბამისად, ამ პუნქტზე მითითებით  შპს ,,მაგთიკომი“ ვერ შეუზღუდავს ან ვერ შეუწყვეტს მომსახურებას  აბონენტს თუ მას არ აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვის ან შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნული პუნქტი ეხება ოპერატორის სხვა ქმედებებს. მაგ. როდესაც აბონენტი ასაჩივრებს  შპს ,,მაგთიკომის” მიერ მისთვის დარიცხული თანხის ოდენობას, 9.2 პუნქტის თანახმად, შპს ,,მაგთიკომის” აღნიშნული ქმედება (თანხის დარიცხვა) ძალაში რჩება. ამასთან, მან დაამატა, რომ 9.2 პუნქტი შესაძლოა  საჭიროებს კორექტირებას, მაგრამ ის არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.  

2012 წლის 29 მარტის კომისიის სხდომაზე, კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ე.ჭახრაკიამ მხარი დაუჭირა მის სამსახურებრივი ბარათში (№10/322-12; 12.03.12) ასახულ არგუმენტაციას შპს ,,მაგთიკომის” მომსახურების ხელშეკრულების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის თაობაზე. ამასთან განმარტა, რომ შპს ,,მაგთიკომის” იურისტის მიერ აღნიშნული წერილები მიღებულია მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ და არა კომისიაში, შესაბამისად მის მიერვე არის პასუხგაცემული.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე) 2012 წლის 14 მარტის  №10/336-12 სამსახურებრივი ბარათი;

2.       2012 წლის 12 მარტის №3 შემოწმების აქტი;

3.       შპს ,,მაგთიკომსა” და ზურაბ ვაჭარაძეს შორის გაფორმებული  2012 წლის 12 მარტის მობილური სატელეფონო მომსახურების ხელშეკრულება;

4.       კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის 2012 წლის 12  მარტის №10/322-12 სამსახურებრივი ბარათი;

5.       მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

6.       კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2012 წლის 22 მარტის №10/377-12 სამსახურებრივი ბარათი;

7.       შპს ,,მაგთიკომის” წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  ,,მაგთიკომი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 18.07.2005. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების ქსელითა (სადენიანი) და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების ქსელის (უსადენო) შესაბამისი ელემენტებიტა და საშუალებებით უზრუნვეყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაუწყებლობის ტრანზიტი; ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; მოძრავი ტანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით უზრუნველყოფა), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2.  2012 წლის 7 მარტს, ქ.თბილისში, გორგასლის ქუჩა №39-ში, განხორციელდა შპს ,,მაგთიკომის” სააბონენტო ნომრისა და მომსახურების საკონტროლო შესყიდვა, რის შედეგად კომისიაში დასაქმებულ ზურაბ ვაჭარაძესა და შპს ,,მაგთიკომს” შორის 2012 წლის 7 მარტს გაფორმდა მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ  ხელშეკრულება;

3. 2012 წლის 12 მარტს, ზურაბ ვაჭარაძესა და შპს ,,მაგთიკომს” შორის გაფორმებული მობილური სატელეფონო მომსახურების ხელშეკრულება შემოწმდა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით, რის თაობაზეც  გაფორმდა შემოწმების აქტი №3, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლით გათვალისწინებული  მოთხოვნების შესაბამისად; 

4. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ხელშეკრულების პირობები არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას,  კერძოდ:

ა) ხელშეკრულება არ შეიცავს მობილური სატელეფონო მომსახურების ტარიფებს. ხელშეკრულებაში მითითებულია მხოლოდ სატარიფო გეგმის სახელწოდება. ამასთან, ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ,,...მომსახურების ტარიფები, საფასური და გადასახდელები განისაზღვრება სატარიფო გეგმის შესაბამისად; აღნიშნულ ტარიფებს ოპერატორი აქვეყნებს თავის ვებ–გვერდზე www.magticom.ge.’’ აღნიშნული ეწინააღმდეგება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ე) ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების შესახებ.

ბ) ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, აბონენტის მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ოპერატორი იტოვებს უფლებას მის მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ  გააუქმოს სააბონენტო ნომერი და გასცეს სხვა აბონენტზე. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება შესაძლებელია ნებისმიერ დროს ვადაზე ადრე შეწყდეს ოპერატორის ინიციატივით, ოპერატორის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში, სააბონენტო ანგარიშზე ფულადი საავანსო თანხის არ შეტანის ან დავალიანების არსებობისას, მისი გადაუხდელობის შემთხვევაში ან 6.2.3 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

ხელშეკრულების ზემოაღნიშნული დებულებები არ შეესაბამება ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტს, რომლის შესაბამისად, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების შეწყვეტა დაიშვება მომხმარებლის მიერ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 45 დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, რის თაობაზეც აბონენტს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს სწორედ ხელშეკრულების საფუძველზე, გამომდინარე ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტიდან.   

გ) ხელშეკრულების  6.3.1 პუნქტის თანახმად, ოპერატორს უფლება აქვს ,,დაადგინოს მომსახურების პირობები და წესები, ტარიფების ოდენობა, მათი გადახდის და დამრგვალების წესები...“, რაც არ შეესაბამება ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-105  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტს, რომლის  თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებელს გაწეული მომსახურებისთვის საფასურს არიცხავს წამობრივი სიზუსტით.

დ) ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, აქციაში ჩართვიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, აქციაში ჩართული აბონენტის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ოპერატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს აბონენტს და ეს უკანასკნელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ვადამდე მოშლისას, რომლის ოდენობა განისაზღვრება ყოველი კონკრეტული აქციის პირობებით, რის შესახებაც ინფორმაციას ოპერატორი აქვეყნებს თავის ვებ–გვერდზე.

კომისია განმარტავს, რომ  აქციაში მონაწილეობისას, რომელიც  გრძელდება ერთი წლის განმავლობაში, ამასთან,  მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველ პირს, ინდივიდუალური პირობებით მომსახურების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების  გარეშე, აქციაში ჩართულ მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, წარმოადგენს სტანდარტული პირობებით მომსახურების მიწოდებაზე დადებულ ხელშეკრულებას. აქედან გამომდინარე, 8.4 პუნქტი ეწინააღმდეგება ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 24–ე მუხლის მე–5 პუნქტს, რომლის თანახმად, სტანდარტული პირობებით მომსახურების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების მომხმარებლის ინიციატივით შეწყვეტისათვის, არ შეიძლება დადგინდეს პირგასამტეხლო ან სხვა დამაბრკოლებელი პირობები.

ე) ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, ,,აბონენტის მიერ ოპერატორისათვის პრეტენზიის წარდგენის/მიწოდების ვადა შეადგენს ორ თვეს, რომელიც აითვლება საფასურის დარიცხვის, ან/და მომსახურების ხარვეზის ან არაჯეროვანი მომსახურების მიწოდების მომენტიდან. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემთხვევაში აბონენტი კარგავს პრეტენზიის  წარდგენის უფლებას...”

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი, ხოლო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონი და ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტი არ უწესებს მომხმარებელს სხვა ვადებს საჩივრის წარსადგენად.;

5. კომისიას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების 4.1 პუნქტი, რომლის თანახმად, წინასწარი გადახდის სისტემის აბონენტებს დეპოზიტის ამოწურვის შემთხვევაში გამავალი ზარი ეთიშება და უნარჩუნდება შემომავალი ზარის განხორციელების შესაძლებლობა ოპერატორის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში, და ხელშეკრულების 4.2  პუნქტი, რომლის თანახმად, შემდგომი გადახდის სისტემის აბონენტებისთვის: სააბონენტო გადასახდელისა და მიღებული მომსახურების მოცულობის მიხედვით განსაზღვრული მომსახურებს საფასურის (დავალიანების) გადაუხდელობის შემთხვევაში აბონენტს ეთიშება სააბონენტო ნომრიდან გამავალი ზარი და უნარჩუნდება შემომავალი ზარის განხორციელების შესაძლებლობა ოპერატორის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში, არსებითად წარმოადგენს მომსახურების შეზღუდვის ღონისძიებას. აღნიშნული პუნქტების მიხედვით, ოპერატორი არ განსაზღვრავს მომსახურების შეზღუდვის პირობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, რა შედეგები დადგება და როდის, ასევე არ მიუთითებს მომსახურების შეზღუდვის საფუძვლების აღმოფხვრის ვადებს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ეს დებულებები საჭიროებენ რედაქციულ სრულყოფას, რათა მომხმარებლებისათვის მარტივად გასაგები იყოს მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობები;

6.  ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ,,მომსახურების არაჯეროვნად მიღებასთან, მომსახურების საფასურის დარიცხვასთან ან ნებისმიერ ხარვეზთან დაკავშირებით აბონენტის პრეტენზია შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადების სახით და წარედგინოს/მიეწოდოს ოპერატორს ადმინისტრაციული ოფისის მისამართზე...“

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის რ) ქვეპუნქტი ადგენს მომხმარებლის ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მიერ მომსახურების მიმწოდებლისათვის ან კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისათვის,  მომსახურების გაწევისას დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით საჩივრით მიმართვის წერილობით ფორმას, ხოლო ამავე რეგლამენტის 26–ე და 27–ე მუხლების შესაბამისად, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს მომსახურების მიმწოდებელს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი საჩივრით, რაც დამკვიდრებულია პრაქტიკაში. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ  ვინაიდან რეგლამენტის ნორმები მომხმარებელთა საჩივრის ფორმის განსაზღვრასთან  დაკავშირებით წინააღმდეგობრივია,  ხელშეკრულების 9.1 პუნქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შპს ,,მაგთიკომის” მიერ რეგლამენტის 26-ე და 27-ე მუხლების, ასევე მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევად, რომელიც ითვალისწინებს,  საკომუნიკაციო ქსელის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებლისაგან ზეპირი ან წერილობითი ფორმით განცხადების მიღებას დაზიანების აღმოფხვრის მიზნით;

7. კომისიის 2011 წლის 16 დეკემბრის №784/18 გადაწყვეტილებით შპს ,,მაგთიკომს” მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  ზურაბ ვაჭარაძესა და შპს ,,მაგთიკომს” შორის 2012 წლის 7 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება  არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ: ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) და ე) ქვეპუნქტებს, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტს, მე–14 მუხლის მე–2 პუნქტს, 24–ე მუხლის მე–5 პუნქტს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი პუნქტსა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტს, რაც შპს ,,მაგთიკომის” სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ   3 000 და არა უმეტეს 30 000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2011 წლის 16 დეკემბრის №784/18 გადაწყვეტილებით შპს ,,მაგთიკომს” მიეცა გაფრთხილება,  ამჯერად მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმის სახით.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (22.03.12, 10/377-12) თანახმად, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, შპს ,,მაგთიკომის” ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი შეადგენს 1,367,132.59 ლარს. შესაბამისად, შპს ,,მაგთიკომის” მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) და ე) ქვეპუნქტების,  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის, 342-ე მუხლის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის, მე–18 მუხლის მე–3 პუნქტის, 24–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,მაგთიკომს” დაეკისროს ჯარიმა 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) და ე) ქვეპუნქტების,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის, 24–ე მუხლის მე–5 პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილისა  და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს ,,მაგთიკომმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს ,,მაგთიკომმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. შპს ,,მაგთიკომმა” უზრუნველყოს მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა წინამდებარე გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მაგთიკომისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაგთიკომისთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                          . ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                        . კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                        . სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                       . მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები