შპს ,,ჯეოსელისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2012
მიღების თარიღი მარტი 29, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
2012 წლის 5 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე) 2012 წლის 2 მარტის №10/283-12 სამსახურებრივი ბარათი, რომელსაც თან ერთვოდა 2012 წლის 1 მარტის №1 შემოწმების აქტი, 2012 წლის 1 მარტის შპს ,,ჯეოსელის” სააბონენტო ხელშეკრულება და კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის 2012 წლის 1 მარტის №10/276-12 სამსახურებრივი ბარათი, რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2012 წლის 1 მარტს განხორციელდა შპს ,,ჯეოსელის” სააბონენტო ნომრისა და მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ქ.თბილისში, მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე და შემოწმდა ამ შესყიდვის შედეგად კომისიაში დასაქმებულ ზურაბ ვაჭარაძესა და შპს ,,ჯეოსელს” შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ შეესაბამება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ კანონმდებლობას შემდეგი გარემოებების გამო:
1. ხელშეკრულების პირველ გვერდზე მითითებულია აბონენტის მიერ არჩეული აქციის დასახელება ,,იასამნისფერი,“ მაგრამ არ არის ასახული აქციის პირობები და მისი მოქმედების ვადა. ხელშეკრულების 10.4 პუნქტის მიხედვით, ,,ოპერატორი ყოველ კონკრეტულ აქციაში გარკვევით ასახავს აქციის ვადას, მის ყველა პირობას და ასევე, პირგასამტეხლოს ოდენობას ასეთის არსებობის შემთხვევაში“. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების შესახებ.
2. ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, აბონენტი იხდის დონორ ოპერატორთან არსებულ დავალიანებას ჯეოსელის მიერ აბონენტის მოკლე ტექსტური შეტყობინებით ინფორმირებიდან არაუგვიანეს სამი (3) დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში პორტირებულ ნომერზე შეიზღუდება მომსახურება, ხოლო შეზღუდვა გაუქმდება პორტირებული აბონენტის მიერ დონორ ოპერატორთან დავალიანების თანხის დაფარვის შემთხვევაში და იმოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულების 1.5–1.8 პუნქტებით გათვალისწინებული წესი. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, პორტირებული სააბონენტო ნომრით მომსახურების მიმღები ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) დონორ ოპერატორთან არსებულ ანგარიშზე არსებული მიმდინარე დავალიანება, ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ იფარება პორტირებიდან 2 კვირის ვადაში.
3. ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ აბონენტის მიერ გააქტიურებული იქნება აქცია, რომელიც ითვალისწინებს აქციის პერიოდის განმავლობაში სხვა ოპერატორთან პორტირების შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, პორტირების მომენტში პირგასამტეხლოს თანხა დაფიქსირდება როგორც მიმდინარე დავალიანება, რაც არ დააბკოლებს პორტირების პროცესს, ხოლო ამ ვალის დასაფარად იმოქმედებს მიმდინარე დავალიანების დაფარვის 10.5 პუნქტში აღნიშნული პროცედურა.
,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 24–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, სტანდარტული პირობებით მომსახურების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების მომხმარებლის ინიციატივით შეწყვეტისათვის, არ შეიძლება დადგინდეს პირგასამტეხლო ან სხვა დამაბრკოლებელი პირობები.
4. ხელშეკრულების 1.8 პუნქტის თანახმად, თანხის ბოლო ჩატვირთვიდან ორას ათი (210) დღის განმავლობაში აბონენტს შეუძლია სააბონენტო ნომრის ანგარიშზე დარჩენილი თანხის აღდგენა ნებისმიერი ოდენობის თანხის ჩატვირთვით; თუ აღნიშნულ პერიოდში არ მოხდა ნომრის ანგარიშის შევსება, წინამდებარე სააბონენტო ხელშეკრულება ავტომატურად გაუქმდება ნომერზე არსებულ გაუხარჯავ თანხასთან ერთად და თანხის აღდგენა შეუძლებელი იქნება.
,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 21–ე მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა. ამავე რეგლამენტის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზედმეტად გადახდილი თანხა აღირიცხება მომხმარებლის დეპოზიტურ ანგარიშზე, თუ მომხმარებელი არ ითხოვს ამ თანხის უკან დაბრუნებას, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბაბისად, ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს მომხმარებლის განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღეში.
5. ხელშეკრულებაში არ არის ასახული მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულება გააფრთხილოს აბონენტი მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ.
,,ელექტონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე–4 მუხლის მე–6 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.
ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 20 მარტს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეოსელის” სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 29 მარტს, რის თაობაზეც შპს ,,ჯეოსელს” ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2012 წლის 29 მარტს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ჯეოსელის” წარმომადგენლები ლ. გიორგაძე, ა.სადაღაშვილი, ნ.ცნობილაძე. შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლ.გიორგაძემ აღნიშნა, რომ შპს ,,ჯეოსელი“ არ ეთანხმება შემოწმების აქტში მითითებულ დარღვევებს და განმარტა, რომ შემოწმებული ხელშეკრულება კომისიაში წარმოდგენილი იყო და მასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს გამოთქმული აქვს ერთადერთი შენიშვნა პირგასამტეხლოს თაობაზე. ასევე მან აღნიშნა, რომ საკონტროლო შესყიდვის დროს მომხმარებელმა აირჩია კონკრეტული აქცია და მისთვის ცნობილი იყო ყველა პირობა, რომელსაც ითვალისწინებდა ეს აქცია, მათ შორის ტარიფთან და პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, რომლებიც აბონენტებს უწესდებათ მაშინ, როდესაც ეს არის განსაზღვრული აქციით. ასევე მან განმარტა, რომ პორტირების შემთხვევაში, ხელშეკრულების 10.2. პუნქტში დაფიქსირებული 3-დღიანი ვადა ეხება აბონენტისათვის ინფორმაციის მიწოდებას და არ ზღუდავს აბონენტს 2 კვირის ვადაში დაფაროს დონორ ოპერატორთან არსებული დავალიანება. მისივე განმარტებით, ხელშეკრულების 1.8. პუნქტი არ გულისხმობს სააბონენტო ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ აბონენტისთვის მის ანგარიშზე არსებული გაუხარჯავი თანხის დაბრუნების შეუძლებლობას. ასევე, შპს ,,ჯეოსელის“ მიერ არ არის დარღვეული რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მომსახურების შეზღუდვის თაობაზე ინფორმაციის აბონენტისათვის ინდივიდუალურად შეტყობინებას, ვინაიდან მართალია ხელშეკრულებაში არ არის ასახული, მაგრამ მოკლე ტექსტური შეტყობინება ინდივიდუალურად ეგზავნებათ აბონენტებს. დამატებით მან აღნიშნა, რომ შპს ,,ჯეოსელის“ ახალი ხელშეკრულება, რომელიც ამოქმედდა 26 მარტს, სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე) 2012 წლის 2 მარტის №10/283-12 სამსახურებრივი ბარათი;
2. 2012 წლის 1 მარტის №1 შემოწმების აქტი;
3. 2012 წლის 1 მარტის შპს ,,ჯეოსელსა” და ზურაბ ვაჭარაძეს შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება;
4. კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის 2012 წლის 1 მარტის №10/276-12 სამსახურებრივი ბარათი;
5. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
6. შპს ,,ჯეოსელის” წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ჯეოსელი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 9.03.2006. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. 2012 წლის 1 მარტს, 17:00 საათზე, ქ.თბილისში, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა შპს ,,ჯეოსელის” სააბონენტო ნომრისა და მომსახურების საკონტროლო შესყიდვა, რის შედეგად კომისიაში დასაქმებულ ზურაბ ვაჭარაძესა და შპს ,,ჯეოსელს” შორის გაფორმდა სააბონენტო ხელშეკრულება;
3. 2012 წლის 1 მარტს, ზურაბ ვაჭარაძესა და შპს ,,ჯეოსელს” შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება შემოწმდა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამის კუთხით, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №1, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
4. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ხელშეკრულება არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ:
ა) ხელშეკრულების პირველ გვერდზე მითითებულია აბონენტის მიერ არჩეული აქციის დასახელება ,,იასამნისფერი,“ მაგრამ არ არის ასახული აქციის პირობები და მისი მოქმედების ვადა, რაც ეწინააღმდეგება: ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ე) ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ვ) ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს;
ბ) ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, აბონენტი იხდის დონორ ოპერატორთან არსებულ დავალიანებას ჯეოსელის მიერ აბონენტის მოკლე ტექსტური შეტყობინებით ინფორმირებიდან არაუგვიანეს სამი (3) დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში პორტირებულ ნომერზე შეიზღუდება მომსახურება, ხოლო შეზღუდვა გაუქმდება პორტირებული აბონენტის მიერ დონორ ოპერატორთან დავალიანების თანხის დაფარვის შემთხვევაში და იმოქმედებს ხელშეკრულების 1.5–1.8 პუნქტებით გათვალისწინებული წესი.
აღნიშნული ეწინააღმდეგება სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების მე–6 მუხლის მე–2 პუნქტს, რომლის თანახმად, პორტირებული სააბონენტო ნომრით მომსახურების მიმღები ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) დონორ ოპერატორთან არსებულ ანგარიშზე არსებული მიმდინარე დავალიანება, ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ იფარება პორტირებიდან 2 კვირის ვადაში;
გ) ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ აბონენტის მიერ გააქტიურებული იქნება აქცია, რომელიც ითვალისწინებს აქციის პერიოდის განმავლობაში სხვა ოპერატორთან პორტირების შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, პორტირების მომენტში პირგასამტეხლოს თანხა დაფიქსირდება როგორც მიმდინარე დავალიანება, რაც არ დააბკოლებს პორტირების პროცესს, ხოლო ამ ვალის დასაფარად იმოქმედებს მიმდინარე დავალიანების დაფარვის 10.5 პუნქტში აღნიშნული პროცედურა.
კომისია განმარტავს, რომ აქციაში მონაწილეობისას, რომელიც გრძელდება ერთი წლის განმავლობაში, ამასთან, მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველ პირს, ინდივიდუალური პირობებით მომსახურების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე, აქციაში ჩართულ მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, წარმოადგენს სტანდარტული პირობებით მომსახურების მიწოდებაზე დადებულ ხელშეკრულებას. აქედან გამომდინარე, 10.3 პუნქტი ეწინააღმდეგება ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 24–ე მუხლის მე–5 პუნქტს, რომლის თანახმად, სტანდარტული პირობებით მომსახურების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების მომხმარებლის ინიციატივით შეწყვეტისათვის, არ შეიძლება დადგინდეს პირგასამტეხლო ან სხვა დამაბრკოლებელი პირობები.
დ) ხელშეკრულების 1.8 პუნქტის თანახმად, თანხის ბოლო ჩატვირთვიდან ორას ათი (210) დღის განმავლობაში აბონენტს შეუძლია სააბონენტო ნომრის ანგარიშზე დარჩენილი თანხის აღდგენა ნებისმიერი ოდენობის თანხის ჩატვირთვით; თუ აღნიშნულ პერიოდში არ მოხდა ნომრის ანგარიშის შევსება, წინამდებარე სააბონენტო ხელშეკრულება ავტომატურად გაუქმდება ნომერზე არსებულ გაუხარჯავ თანხასთან ერთად და თანხის აღდგენა შეუძლებელი იქნება.
აღნიშნული არ შეესაბამება ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 21–ე მუხლის მე–7 პუნქტს, რომლის თანახმად, დაუშვებელია გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა; ასევე, ამავე რეგლამენტის 22–ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვით, ზედმეტად გადახდილი თანხა აღირიცხება მომხმარებლის დეპოზიტურ ანგარიშზე, თუ მომხმარებელი არ ითხოვს ამ თანხის უკან დაბრუნებას, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბაბისად, ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს მომხმარებლის განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღეში;
ე) ხელშეკრულებაში არ არის ასახული მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულება გააფრთხილოს აბონენტი მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ, რაც ეწინააღმდეგება ,,ელექტონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე–4 მუხლის მე–6 პუნქტს, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.
5. შპს ,,ჯეოსელის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ აბონენტ ზურაბ ვაჭარაძესა და შპს ,,ჯეოსელს” შორის 2012 წლის 1 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ: ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტებს, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე–4 მუხლის მე–6 პუნქტს, 21–ე მუხლის მე–7 პუნქტს, 22–ე მუხლის პირველ პუნქტს, 24-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის” დებულების მე–6 მუხლის მე–2 პუნქტს, რითაც შპს ,,ჯეოსელის” მიერ დარღვეულია სამართლებრივი ნორმები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც მისი სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა. ვინაიდან, შპს ,,ჯეოსელის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამავე დროს, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ჯეოსელს” უნდა დაევალოს სააბონენტო ხელშეკრულების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე–4 მუხლის მე–6 პუნქტის, 21–ე მუხლის მე–7 პუნქტის, 22–ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის” დებულების მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ჯეოსელს” მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე–4 მუხლის მე–6 პუნქტის, 21–ე მუხლის მე–7 პუნქტის, 22–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის” დებულების მე–6 მუხლის მე–2 პუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს ,,ჯეოსელმა” უზრუნველყოს სააბონენტო ხელშეკრულების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ჯეოსელისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ჯეოსელისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
