შპს ,,მობიტელისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2012
მიღების თარიღი მარტი 29, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
2012 წლის 15 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე) 2012 წლის 14 მარტის №10/336-12 სამსახურებრივი ბარათი, რომელსაც თან ერთვოდა 2012 წლის 7 მარტის №2 შემოწმების აქტი, კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის 2012 წლის 7 მარტის №10/312-12 სამსახურებრივი ბარათი და შპს ,,მობიტელის” 2012 წლის 9 მარტის №263/12 წერილი, რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2012 წლის 7 მარტს, შპს ,,მობიტელის” ოფისში, მდებარე ქ.თბილისი, გორგასლის ქ. №8, განხორციელდა შპს ,,მობიტელის” სააბონენტო ნომრისა და მომსახურების საკონტროლო შესყიდვა კომისიაში დასაქმებულ ზ.ვაჭარაძის მიერ. მიუხედავად ზ.ვაჭარაძის მოთხოვნისა, შპს ,,მობიტელმა” მას არ გადასცა სააბონენტო ხელშეკრულების დანართები, რომლებშიც სავარაუდოდ ასახული უნდა იყოს მომსახურების არსებითი პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მობიტელის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ბ), გ), დ), ე), ვ) ზ) და თ) ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას.
შპს ,,მობიტელის” განცხადებით (9.03.12., №263/12), ხელშეკრულების გადაცემა ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობს სააბონენტო ხელშეკრულების პირობებში ცვლილებების შეტანა, აღარ შეუკვეთეს სააბონენტო ხელშეკრულების ფორმები ძველი პირობებით, ხოლო არსებული სააბონენტო ხელშეკრულების ფორმები ამოწურული იყო.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 20 მარტს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მობიტელის” სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 29 მარტს, რის თაობაზეც შპს ,,მობიტელს” ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2012 წლის 29 მარტს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,მობიტელის” წარმომადგენელი ლ.ესართია, რომელმაც განმარტა, რომ ხელშეკრულების გადაცემა ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობს სააბონენტო ხელშეკრულების პირობებში ცვლილებების შეტანა, აღარ შეუკვეთეს სააბონენტო ხელშეკრულების ფორმები ძველი პირობებით, ხოლო არსებული სააბონენტო ხელშეკრულების ფორმები ამოწურული იყო. ასევე მან დაადასტურა, რომ ინტერნეტში, შპს ,,მობიტელის“ ვებგვერდზე არ არის გამოქვეყნებული მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების პირობები.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე) 2012 წლის 14 მარტის №10/336-12 სამსახურებრივი ბარათი;
2. 2012 წლის 7 მარტის №2 შემოწმების აქტი;
3. 2012 წლის 7 მარტის შპს ,,მობიტელსა” და ზურაბ ვაჭარაძეს შორის გაფორმებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;
4. კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის 2012 წლის 7 მარტის №10/312-12 სამსახურებრივი ბარათი;
5. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
6. შპს ,,მობიტელის” წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
7. შპს ,,მობიტელის” ვებ-გვერდი;
8. შპს ,,მობიტელის” მიერ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში წარმოდგენილი ხელშეკრულება დანართებთან ერთად;
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,მობიტელი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 9.03.2006. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. 2012 წლის 7 მარტს, 13:50 საათზე, შპს ,,მობიტელის” ოფისში, მდებარე ქ.თბილისი, გორგასლის ქუჩა №8, განხორციელდა შპს ,,მობიტელის” სააბონენტო ნომრისა და მომსახურების საკონტროლო შესყიდვა, რის შედეგად კომისიაში დასაქმებულ ზურაბ ვაჭარაძესა და შპს ,,მობიტელს” შორის გაფორმდა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. მიუხედავად მოთხოვნისა, არ დაკმაყოფილდა ზ.ვაჭარაძის მოთხოვნა მისთვის ხელშეკრულების დანართების გადაცემის თაობაზე.
3. აღნიშნული ხელშეკრულება შემოწმდა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი (№2, 7.03.12) რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ზ.ვაჭარაძესთან გაფორმებული ხელშეკრულება შინაარსობრივად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 მუხლს, რომლის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს;
ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ;
გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს;
დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს;
ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ;
ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს;
ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს;
თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას.
ზ.ვაჭარაძესთან გაფორმებული ხელშეკრულება, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებისა და მისამართის გარდა სხვა სავალდებულო ინფორმაციას არ შეიცავს.
ამასთან, ზ.ვაჭარაძის მოთხოვნის, მისთვის ხელშეკრულების დანართების გაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილებით შპს ,,მობიტელის” მიერ დაირღვა სააბონენტო ხელშეკრულების პირობა, რომლის თანახმად, აბონენტი ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში ადასტურებს ხელშეკრულების მისთვის ჩაბარების, ხელშეკრულებისა და მისი №1, №2 დანართების, ასევე, მისი უფლებების გაცნობის ფაქტს. აღნიშნული დანართების ზ.ვაჭარაძისთვის გადაცემის შემთხვევაშიც, მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ადგილი ექნებოდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, ვინაიდან დანართი 1 არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ვინაიდან:
ა) ხელშეკრულების №1 დანართში არ არის ასახული შპს ,,მობიტელის” ვალდებულება წინასწარ გააფრთხილოს აბონენტი მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ.
,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე–4 მუხლის მე–6 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.
ბ) ხელშეკრულების №1 დანართის 5.4 პუნქტის თანახმად, ,,...2.2.2. პუნქტის გათვალისწინებით აბონენტს ბალანსზე არსებული თანხა მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში ჩამოეწერება საკომუნიკაციო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.“
,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 21–ე მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა. ხოლო ამავე რეგლამენტის 24–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, სტანდარტული პირობებით მომსახურების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების მომხმარებლის ინიციატივით შეწყვეტისათვის, არ შეიძლება დადგინდეს პირგასამტეხლო ან სხვა დამაბრკოლებელი პირობები.
5. შპს ,,მობიტელს” საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში არ აქვს განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე. შესაბამისად, მის მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი.
6. შპს ,,მობიტელის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ:
ა) მომხმარებლებს უფორმდებათ არასრული და კანონშეუსაბამო ხელშეკრულებები, ვინაიდან ზ.ვაჭარაძესთან გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ბ), გ), დ), ე), ვ) ზ) და თ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას;
ბ) ხელშეკრულების დანართი 1 და დანართი 2 აბონენტს არ გადაეცემა, რის გამოც აბონენტს არ აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მომსახურების მიწოდების პირობებს და უწევს ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ისე, რომ არ ეცნობა მომსახურების არსებითი პირობები;
გ) დანართი 1 არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
დ) საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში არ აქვს განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მობიტელის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ბ), გ), დ), ე), ვ) ზ) და თ) ქვეპუნქტები. და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა.
ვინაიდან, შპს ,,მობიტელის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამავე დროს, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,მობიტელს” უნდა დაევალოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი მომსახურების არსებითი პირობების მქონე ხელშეკრულების მომხმარებლებისათვის გადაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ბ), გ), დ), ე), ვ), ზ), და თ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მობიტელს” მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ბ), გ), დ), ე), ვ) ზ) და თ) ქვეპუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. წინამდებარე გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში შპს ,,მობიტელმა” უზრუნველყოს შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) ფორმითა და შინაარსით მოიყვანოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები; კერძოდ, ხელშეკრულებაში ასახოს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ბ), გ), დ), ე), ვ) ზ) და თ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, ხოლო დანართში ასახოს მხოლოდ ის ნაწილი, რაც არ არის არსებითი პირობა;
ბ) უზრუნველყოს მომხმარებლებისათვის სააბონენტო ხელშეკრულების მიწოდება;
გ) უზრუნველყოს მომხმარებლებისათვის დანართების გაცნობა, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში აბონენტებისათვის მიწოდება;
დ) საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ს.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მობიტელისათვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მობიტელისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) შპს ,,მობიტელისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
