წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 254 / 20

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2012

მიღების თარიღი მარტი 30, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 15 მარტს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/1307-12) მიმართა შპს „მაგთიკომმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხი “NBA TV”–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

      შპს „მაგთიკომის“ მიერ 2012 წლის 15 მარტის (№6/1307-12) განცხადებით მოთხოვნილია სამაუწყებლო არხი “NBA TV”–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „მაგთიკომსა“ და “NBA Properties, Inc.” შორის 2012 წლის 6  მარტს გაფორმებული ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა (06.03.2012–30.09.2013).

    კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულება და მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულება სამაუწყებლო არხი “NBA TV”–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ.

      კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულება შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ, კომისიის აზრით, შპს „მაგთიკომის“ 2012 წლის 15 მარტის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/1307-12) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასათვალისწინებელია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ 2012 წლის 15 მარტის განცხადება (№6/1307-12) ნაწილობრივ და ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და “NBA Properties, Inc.”  შორის 2012 წლის 6  მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (06.03.2012–30.09.2013) სამაუწყებლო არხი “NBA TV”–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

2. ამ გადაწყვეტილების პირველი  პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისათვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები