შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2012
მიღების თარიღი მარტი 30, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/202-12, 20/03/2012) 10 000 სააბონენტო ნომერზე (220XXXX) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვა გაიცემა - გეოგრაფიული ნომრებზე (რომლის სრული ფორმატი 9 ციფრიანია, შედგება ეროვნული დანიშნულების კოდისაგან (NDC - 2 ან 3 ციფრი) და აბონენტის ნომრისაგან (SN – 6 ან 7 ციფრი), მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; გეოგრაფიული ნომრებისათვის ეროვნული დანიშნულების კოდი (NDC) განსაზღვრულია ციფრებით „3“ და „4“) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის; ნებართვა გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;
კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 1000 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები; ამავე დროს, ვინაიდან შპს ”კავკასუს ონლაინი” ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ფლობს 28 000 სააბონენტო ნომერს, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია ზემოაღნიშნული მომსახურებისთვის გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75% ათვისების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ შპს ”რკინიგზის ტელეკომთან” სატელეფონო მომსახურების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს შპს ”რკინიგზის ტელეკომისთვის”, როგორც აბონენტისთვის 20 789 სააბონენტო ნომრით მომსახურებას. კომისიის მიერ ასევე შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, საიდანაც ირკვევა რომ შპს ”კავკასუს ონლაინს” ქ. თბილისში შპს”რკინიგზის ტელეკომის” გარდა კიდევ ჰყავს 1868 აბონენტი ანუ კომპანიას ათვისებული აქვს ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის მასზე გაცემული ნუმერაციის რესურსის 80% (22 657 სააბონენტო ნომერი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”კავკასუს ონლაინს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N7 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 220XXXX (სულ ათი ათასი სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
2. ეცნობოს შპს ”კავკასუს ონლაინს”, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” ჩაბარებისთანავე.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე).
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
