სს ”სილქნეტისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2012
მიღების თარიღი აპრილი 06, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (26.03.2012 №7/218-12) მიმართა სს ”სილქნეტმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში 1XX(XXX) ფორმატის ნუმერაციის რესურსის მინიჭების მოთხოვნით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სს „სილქნეტი“ ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით ახორციელებს საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №149/15 გადაწყვეტილებით სს „სილქნეტს” მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსს 1-1-8-1-8 (ერთი-ერთი-რვა-ერთი-რვა), დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 2012 წლის 24 აპრილამდე, საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განსახორციელებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისია გასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვებს და ამავე დროს, კომისია უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსი არაავტორიზებულ პირებს ენიჭებათ საინფორმაციო-საცნობარო (ევრონომერი) სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 5- ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე) – შესაბამისი საქმიანობის ვადით; ამავე წესების მე-13 მუხლის შესაბამისად, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი - 118XX) გამოყენებით მომსახურების მიმწოდებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ენაზე;
ბ) მომსახურების მიმწოდებელი უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას;
გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული;
დ) მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია.
კომისია აღნიშნავს, სს ”სილქნეტი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის. სს ”სილქნეტი” ითხოვს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებითა” და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის (118XX ევრონომერი) მინიჭებას და განცხადებაში ადასტურებს, რომ უზრუნველყოფს კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-13 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესრულებას.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტის” განცხადების საფუძველზე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „სილქნეტისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების თაობაზე. საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინებით (№05/828 03.04.12) ეცნობა სს „სილქნეტს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.
კომისიის 2012 წლის 6 აპრილის სხდომას ესწრებოდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი ლევან ურუშაძე, რომელსაც კომისიის სხდომაზე განემარტა, რომ საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების შემთხვევაში, კომპანია ვალდებული იქნება მომხმარებილისთვის მომსახურება ხელმისაწვდომი გახადოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო ენაზე, მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული და მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია.
კომისიის სხდომაზე სს „სილქნეტის” წარმომადგენელმა ლევან ურუშაძემ გამოთქვა აღნიშნული პირობების დაკმაყოფილების მზადყოფნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის” განცხადება და მას უნდა მიენიჭოს ნუმერაციის რესურსი 1-1-8-1-8 (ერთი-ერთი-რვა-ერთი-რვა) სატელეფონო საცნობარო - საინფორმაციო საქმიანობის განხორციელების ვადით.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების”, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-10 მუხლის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნტისა და მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს ”სილქნეტს” ნუმერაციის რესურსი - 1-1-8-1-8 (ერთი-ერთი-რვა-ერთი-რვა), 2012 წლის 24 აპრილიდან, სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, სატელეფონო საინფორმაციო - საცნობარო მომსახურების განხორციელების ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე”;
2. სს “სილქნეტი“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით საინფორმაციო - საცნობარო მომსახურება განახორციელოს შემდეგი პირობების დაცვით:
ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ენაზე;
ბ) მომსახურების მიმწოდებელი უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას;
გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული;
დ) მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია.
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში სს ”სილქნეტის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში სს ”სილქნეტს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს ”სილქნეტისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
