მოქალაქე ირაკლი მოსეშვილის განცხადების განხილვისა და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2012
მიღების თარიღი აპრილი 06, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (30.03.2012 N9/27-12) მიმართა მოქალაქე ირაკლი მოსეშვილმა, რუსეთის ფედერაციაში მოქმედი მობილური კომპანია „ბილაინის“ და შპს „მობიტელის“ მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციაში მოქმედი მობილური კომპანია „ბილაინის“ ვებ გვერდზე როუმინგის არჩევისას, საზღვარგარეთის ქვეყნების საძიებო ველში ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი მითითებულია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აღნიშნული კი მოქალაქე ირაკლი მოსეშვილის აზრით წარმოადგენს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევას, რომლის შესაბამისადაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „წყლის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს საზღვაო კოდექსის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას, ან თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შეთანხმებას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში;
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნულ ნორმას ასევე არღვევს კომპანია „ბილაინთან“ დაკავშირებული, საქართველოში რეგისტრირებული შპს „მობიტელი“, რომელიც აწარმოებს საქმიანობას საქართველოში, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. შესაბამისად, მოქალაქე ირაკლი მოსეშვილს მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შპს „მობიტელსაც“ როგორც დაკავშირებულ პირს, ვინაიდან „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული კანონის დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები ვრცელდება დაკავშირებულ პირებზედაც, ანუ იმ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების კაპიტალში ან/და რაიმე ფორმით გავლენას ახდენენ მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე.
მ ო თ ხ ო ვ ნ ა:
კომისიამ დაიწყოს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება კომპანიების „ბილაინი“ და „მობიტელი“ წინააღმდეგ.
კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქე ირაკლი მოსეშვილის განცხადების საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული განცხადების განხილვის მიზნით.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 6 აპრილის სხდომაზე. გამომდინარე იქიდან, რომ განცხადების ავტორი ირაკლი მოსეშვილი წარმოადგენს კომისიის ერთ-ერთ წევრს, საკითხის განხილვის წინ მან განაცხადა თვითაცილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში.
კომისია აღნიშნავს, რომ:
1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „წყლის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს საზღვაო კოდექსის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას, ან თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შეთანხმებას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში;
2. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები ვრცელდება დაკავშირებულ პირებზედაც, ანუ იმ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების კაპიტალში ან/და რაიმე ფორმით გავლენას ახდენენ მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე.
კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის დაკავშირებული პირები არიან:
ა) პირი, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ პირში აქვს წილი ან აქციათა 5%-ზე მეტი;
ბ) პირი, რომელსაც აქვს წილი ან აქციათა 25%-ზე მეტი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირში;
გ) პირი, რომელსაც აქვს წილი ან აქციათა 50%-ზე მეტი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირში.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 000 ლარის ოდენობით.
4. ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილ იქნა მოქალაქე ირაკლი მოსეშვილის მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება თანდართული მტკიცებულებებით და გამოვლინდა შემდეგი:
1. რუსეთის ფედერაციის რეზიდენტი იურიდიული პირი, ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციები“ ახორციელებს მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებას ბრენდი „ბილაინის“ სახელწოდებით.
2. ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციების“ ოფიციალური ვებ გვერდის (www.beeline.ru) შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლისთვის როუმინგული მომსახურების შეთავაზებისას, კომპანიის ვებ გვერდზე არსებული ქვეყნების ჩამონათვალში მითითებულია „აფხაზეთი“.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ საქმიანობის ავტორიზაციის საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით (რადიოსიხშირული სპექტრით) სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე აუქციონის წესით.
4. იმისთვის, რომ დადასტურებულ ფაქტად იქნას მიჩნეული ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციების“ მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უკანონო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, უნდა დადასტურდეს, რომ ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციები“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელსაც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსი, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას ან/და ლიცენზიერებას დაქვემდებარებულ საქმიანობას, კერძოდ, მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებას ახორციელებს. მოქალაქე ირაკლი მოსეშვილის მიერ წარმოდგენილი განცხადებითა და თანდართული მტკიცებულებით (ამონაბეჭდი ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციების“ ოფიციალური ვებ გვერდიდან (www.beeline.ru)) ვერ დასტურედება აღნიშნული კომპანიის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განხორციელების ფაქტი.
კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გადამოწმდა ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციების“ ოფიციალური ვებ გვერდი (www.beeline.ru) და დადგინდა, რომ კომპანია საკუთარ ვებ გვერდზე როუმინგული მომსახურების მოწოდებისას, ქვეყნების ჩამონათვალში უთითებს „აფხაზეთს“; ამავე ვებ გვერდზე მითითებულია, რომ როუმინგული მომსახურების განხორციელებისას კომპანიის პარტნიორს წარმოადგენს “A-Mobile”. შესაბამისად, დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი გარემოებები:
ა) ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციები“ საკუთარ აბონენტებს სთავაზობს როუმინგულ მომსახურებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელსაც განიხილავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ;
ბ) ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციები“ სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედ კომპანია “A-Mobile”-თან;
გ) ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციების“ მიერ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევა ხორციელდება საკუთარი აბონენტებისთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე; კომპანია ასევე საკუთარ აბონენტებს, რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სთავაზობს როუმინგულ მომსახურებას, რაც გულისხმობს, რომ ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციების“ აბონენტებს აქვთ შესაძლებლობა, საზღვარგარეთ ყოფნისას ისარგებლონ საკუთარი სააბონენტო ნომრით და სხვა როუმინგ ოპერატორის ქსელის გამოყენებით მიიღონ შესაბამისი მობილური ან/და სხვა დამატებითი საკომუნიკაციო მომსახურებები, რისთვისაც ანგარისშწორებას ახდენენ ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციებთან“.
დ) როუმინგული მომსახურების განხორციელება არ გულისხმობს აბონენტის მფლობელი ოპერატორისთვის როუმინგული მომსახურების განხორციელების ქვეყანაში მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ავტორიზაციის ან/და ლიცენზიის აღების ვალდებულებას.
ე) სავარაუდოდ, ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციების“ მხრიდან ადგილი აქვს მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების გზით, კერძო სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედ კომპანია „A-Mobile”-თან და არა ავტორიზაციის ან/და ლიცენზიის გარეშე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განხორციელებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებს გათვალისწინებით არ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით რომ ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციები“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახორციელებს მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებას, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობას და რომლის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელებაც (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) წარმოადგენს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას, ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
კომისია დამატებით აღნიშნავს რომ ბრენდი „ბილაინის“ გამოყენებით საქართველოში მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებას ახორციელებს შპს „მობიტელი“, რომელიც წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და რომელიც ფლობს რადიოსიხშიორული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად. გამომდინარე იქიდან, რომ მოქალაქე ირაკლი მოსეშვილი განცხადებით ითხოვს შპს „მობიტელის“, როგორც ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციებთან“ დაკავშირებული პირის სანქცირებას, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციების“ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და ავტორიზაციას (ლიცენზირებას) დაქვემდებარებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განხორციელების ფაქტი, კომისიის მიერ მაინც გამოკვეულ იქნა რამდენად წარმოადგენს შპს „მობიტელი“ ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციებთან“ დაკავშირებულ პირს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტიდან გამომდინარე. კერძოდ, კომისიამ 2012 წლის 3 აპრილს წერილით N03/843-12 მიმართა შპს „მობიტელს“ და მოსთხოვა კომისიაში ოფიციალურად დადასტურებული შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:
1. ფლობს თუ არა შპს „მობიტელი“ აქციებს და თუ ფლობს რა ოდენობით ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციებში“.
2. წარმოადგენს თუ არა შპს „მობიტელი“ პირს, რომელიც ფლობს აქციათა 25%-ზე მეტს იმ პირში, რომელიც ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციებში“ ფლობს აქციათა 5%-ზე მეტს.
3. წარმოადგენს თუ არა შპს „მობიტელი“ პირს, რომელიც ფლობს აქციათა 50%-ზე მეტს იმ პირში, რომელიც ფლობს აქციათა 25%-ზე მეტს იმ პირში, რომელიც აქციათა 5%-ზე მეტს ფლობს ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციებში“.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში შპს „მობიტელისგან“ წარმოდგენილი განცხადებების შესაბამისად (04.04.2012 N6/1726-12 05.04.2012 N6/1737-12) შპს „მობიტელი“ ადასტურებს, რომ კომპანია არ ფლობს აქციებს არც ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციებში“ და არც რომელიმე იმ კომპანიაში, რომლებიც ფლობენ აქციებს ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციებში“, ამავე დროს, კომპანია ადასტურებს, რომ შპს „მობიტელი“ არ ფლობს არავითარ წილს ან აქციას არც ერთ რეზიდენტ თუ არარეზიდენტ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო იურიდიულ პირში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დგინდება რომ შპს „მობიტელი“ წარმოადგენს ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციებთან“ დაკავშირებულ პირს, როგორც ეს გათვალისწინებულია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ რომც არსებობდეს ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციების“ სანქცირების საფუძველი, ამ უკანასკნელის მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, ვერ იარსებებდა შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი გამომდინარე იქიდან, რომ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციებთან“ დაკავშირებულ პირს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოქალაქე ირაკლი მოსეშვილის განცხადება ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციების“ და შპს „მობიტელის“ სანქცირების თაობაზე, დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 თავისა და მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს მოქალაქე ირაკლი მოსეშვილის განცხადება ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელ-კომუნიკაციებისა“ და შპს „მობიტელის“ სანქცირებასთან დაკავშირებით კანონდარღვევის ჩადენის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების მოქალაქე ირაკლი მოსეშვილისთვის გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მოქალაქე ირაკლი მოსეშვილისთვის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
