შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2012
მიღების თარიღი აპრილი 10, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 24 თებერვალს კომისიას განცხადებით (24.02.2012 N6/1017-12) მიმართა შპს „მაგთიკომმა“, საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“-ს სამაუწყებლო არხების: „Кинопоказ 1”, „Кинопоказ 2”, „Женский Mир“, „Телепутешествие“ არამართლზომიერად რეტრანსლირების თაობაზე. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომი“ რომელიც წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს და რომელიც ახორციელებს ბოლო მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდებას, ახორციელებს მოლაპარაკებებს უცხოური სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოლაპარაკებების პროცესში, შპს „მაგთიკომმა“ სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“-სგან მიიღო უარი, აღნიშნული სამაუწყებლო კომპანიის სამაუწყებლო არხების: „Кинопоказ 1”, „Кинопоказ 2”, „Женский Mир“, „Телепутешествие“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან თავად სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“ არ ფლობს აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებას (შპს „მაგთიკომის“ განცახადებას თანდართული აქვს სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“-ს მიერ შპს „მაგთიკომისთვის“ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი წერილის ასლი). შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას, აბონენტებს სთავაზობენ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხებს სამაუწყებლო პაკეტში. შესაბამისად, შპს „მაგთიკომმა“ კომისიისგან მოითხოვა საკითხის შესწავლა, კერძოდ ხორციელდება თუ არა ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება საქართველოს ტერიტორიაზე, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ მართლზომიერად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ განცხადების საფუძველზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების შემოწმება და 2012 წლის 22 მარტს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის (გ.რატიშვილი) სამსახურებრივი ბარათი №10/370-12 შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებისას სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“-ს სამაუწყებლო არხების: „Кинопоказ 1 HD”, „Кинопоказ 2 HD”, „Женский мир HD“, „Телепутешествие HD“ არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე გადაცემის თაობაზე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 27 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასუს ონლაინის“ სანქცირების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 30 მარტს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ეცნობა შეტყობინებით (27.03.2012 N03/780-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად შეტყობინება გაეგზავნა შპს „მაგთიკომს“ (27.03.2012 N0/781-12) და, როგორც დაინტერესებული მხარე, მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 27 და 28 მარტს კომისიას განცხადებებით (27.03.2012 N6/1628-12; 28.03.2012 N6/1648-12) მიმართა შპს „მაგთიკომმა“ რიგი სამაუწყებლო არხების: Lux TV HD, Rai news, Rai Storia, Rai uno, RTL, RTL2, Arte HD, ICTV, CC TV, LTV World, THT, CTB, Delux lounge HD, Delux music, High TV 3D, 3D by Panasonic, Женский мир HD, HD Кино, HD1 3D, Redlight HD, RTVE, Sky Sport 24, A VON, НТВ+ Спорт, Украина, Disney Channel საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი რეტრანლირების თაობაზე.
შპს „მაგთიკომის“ ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა შპს „კავკასუს ონლაინის“ ვებ გვერდზე (www.co.ge) გამოქვეყნებული „კავკასუს TV”-ს მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სამაუწყებლო პაკეტები და აღნიშნული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხებიდან შპს „კავკასუს ონლაინი“ მომხმარებლებს სთავაზობს სამაუწყებლო არხებს: HD Кино, HD1 3D, Redlight HD, 3D by Panasonic, Sky Sport 24, ICTV, RTVE, Arte HD, THT, Disney Channel და აღნიშნული არხების რეტრანსლირების თაობაზე კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი მართლზომიერად რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამის დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, კერძოდ, დარღვევის შინაარსისა და მოცულობის დასადგენად, შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა, რომელიც კომისიაში დანიშნული იყო 2012 წლის 30 მარტს, გადაიდო 2012 წლის 10 აპრილის 16:00 საათისთვის, ხოლო მხარეს ეცნობა, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართებოდა 2012 წლის 10 აპრილს 12 საათზე (03.04.2012 N03/826-12). შპს „კავკასუს ონლაინს“ კომისიისგან ასევე გაეგზავნა წერილები (29.03.2012 N04/787-12, 02.04.2012 N04/813-12, 06.04.2012 N04/868-12), რომლითაც მოეთხოვა რომ კომისიაში წარმოედგინა ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 10 აპრილის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელი გიორგი ჭელიძე და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური. კომისიის სხდომაზე შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ყველა იმ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების უფლებამოსილების მოპოვების მიზნით, რაც აღნიშნულია შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში და რომელი არხების რეტრანსლირებასაც ახორციელებს შპს „კავკასუს ონლაინი“ და საკითხის განხილვის ეტაპისთვის შპს „კავკასუს ონლაინს“ არ აქვს გაფორმებული რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი უფლება მფლობელ კომპანიებთან აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების შესახებ, გარდა სამაუწყებლო არხის “RTVE”-სა, რომლის ტერტრანსლირების თაობაზედაც შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2012 წლის 5 აპრილს (N6/1739-12) კომისიაში წარმოდგენილია ხელშეკრულება გაფორმებული 2011 წლის 31 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინსა“ და “CORPORACION RADIO TELEVISION ESPANOLA S.A.”-ს შორის;
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიაში შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი წერილი 22.03.2012 N10/370-12 და აღნიშნულ წერილზე თანდართული სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“-ს მიერ შპს „მაგთიკომისთვის“ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი წერილის ასლი;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის (გ.რატიშვილი) სამსახურებრივი ბარათი 22.03.2012 №10/370-12 და თანდართული დოკუმენტაცია;
3. კომისიაში შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი წერილები 24.02.2012 N6/1017-12; 27.03.2012 N6/1628-12; 28.03.2012 N6/1648-12; 04.04.2012 N6/1723-12;
4. კომისიის მიერ შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ გაგზავნილი წერილები 29.03.2012 N04/787-12; 02.04.2012 N04/813-12, 06.04.2012 N04/868-12;
5. კომისიაში შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი წერილები 15.03.2012 N6/1316-12; 05.04.2012 N6/1739-12;
6. კომისიაში შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება გაფორმებული შპს „კავკასუს ონლაინსა“ და “CORPORACION RADIO TELEVISION ESPANOLA S.A.”-ს შორის სამაუწყებლო არხის “RTVE” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
7. ამონაბეჭდი შპს „კავკასუს ონლაინის“ ვებ გვერდიდან;
8. კომისიის მიერ შპს „კავკასუს ონალინისთვის“ გაგზავნილი შეტყობინებები 27.03.2012 N03/780-12; 03.04.2012 N03/826-12;
9. კომისიის მიერ შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნილი შეტყობინებები 27.03.2012 N03/781-12; 03.04.2012 N03/826-12;
10. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები;
11. შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათისა და თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2012 წლის 24 თებერვალს კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მაგთიკომმა“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“-ს სამაუწყებლო არხების: „Кинопоказ 1”, „Кинопоказ 2”, „Женский Mир“, „Телепутешествие“ არამართლზომიერად რეტრანსლირების საკითხის შესწავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ შპს „მაგთიკომი“ რომელიც წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს და რომელიც ახორციელებს ბოლო მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე მომსახურების მიწოდებას, ახორციელებს მოლაპარაკებებს უცხოური სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოლაპარაკებების პროცესში კომპანიამ სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“-სგან მიიღო უარი, აღნიშნული სამაუწყებლო კომპანიის სამაუწყებლო არხების: „Кинопоказ 1”, „Кинопоказ 2”, „Женский Mир“, „Телепутешествие“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე, ვინაიდან თვითონ სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“ არ ფლობს აღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე (შპს „მაგთიკომის“ განცახადებას თანდართული აქვს სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“-ს მიერ შპს „მაგთიკომისთვის“ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი წერილის ასლი);
2012 წლის 27 და 28 მარტს კომისიაში შემოსულია ასევე შპს „მაგთიკომის“ განცხადებები (27.03.2012 N6/1628-12; 28.03.2012 N6/1648-12) რიგი სამაუწყებლო არხების: Lux TV HD, Rai news, Rai Storia, Rai uno, RTL, RTL2, Arte HD, ICTV, CC TV, LTV World, THT, CTB, Delux lounge HD, Delux music, High TV 3D, 3D by Panasonic, Женский Mир HD, HD Кино, HD1 3D, Redlight HD, RTVE, Sky Sport 24, A VON, НТВ+ Спорт, Украина, Desney Channel საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი რეტრანლირების თაობაზე.
შპს „მაგთიკომის“ განცხადებებში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული კომპანიები, რომლების ახორციელებენ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას, აბონენტებს სთავაზობენ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხებს საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში. შესაბამისად, შპს „მაგთიკომმა“ კომისიისგან მოითხოვა საკითხის შესწავლა, კერძოდ ხორციელდება თუ არა ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება საქართველოს ტერიტორიაზე, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ მართლზომიერად.
2. შპს „მაგთიკომის“ განცხადების საფუძველზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების შემოწმება და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებისას ხორციელდება შპს „მაგთიკომის“ განცხადებებში აღნიშნული სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“-ს სამაუწყებლო არხების: „Кинопоказ 1HD”, „Кинопоказ 2HD”, „Женский MирHD“, „Телепутешествие“, ასევე სამაუწყებლო არხების HD Кино, HD1 3D, Redlight HD, 3D by Panasonic, Sky Sport 24, ICTV, RTVE, Arte HD, THT, Disney Channel არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვებისა და კომისიაში შესაბამისი ხელშეკრულებების წარმოდგენის გარეშე გადაცემა და ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდება. კერძოდ, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმდა შპს „კავკასუს ონალინის“ მიერ ბოლო მომხმარებლისთვის შეთავაზებული პაკეტები (რომელთა ჩამონათვალიც განთავსებულია შპს „კავკასუს ონლაინის“ ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში http://www.co.ge/CaucasusTV.aspx) და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „კავკასუს ონლაინს“ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტებში განთავსებული აქვს სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“-ს სამაუწყებლო არხები: „Кинопоказ 1HD”, „Кинопоказ 2HD”, „Женский MирHD“, „Телепутешествие HD“, ასევე HD Кино, HD1 3D, Redlight HD, 3D by Panasonic, Sky Sport 24, ICTV, RTVE, Arte HD, THT, Disney Channel.
საკითხის შესწავლის მიზნით, კომისიამ წერილებით 12.03.2012 N04/610-12, 29.03.2012 N04/787-12, 02.04.2012 N04/813-12, 06.04.2012 N04/868-12 მიმართა შპს „კავკასუს ონლაინს“ და მოსთხოვა ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
2012 წლის 15 მარტს შპს „კავკასუს ონლაინმა“ წერილით N6/1316-12 აცნობა კომისიას, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ აწარმოებს მოლაპარაკებებს სამაუწყებლო არხების: „Кинопоказ HD-1”, „Кинопоказ HD-2”, „Женский ир HD“, „Телепутешествие HD” მომწოდებელთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და კომპანია კომისიას ხელშეკრულებებს წარმოუდგენს მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევისთანავე, ხოლო 2012 წლის 5 აპრილს შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომისიას წარმოუდგინა 2011 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული (რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 1 იანვრიდან) ხელშეკრულება შპს „კავკასუს ონლაინსა“ და “CORPORACION RADIO TELEVISION ESPANOLA S.A.”-ს შორის სამაუწყებლო არხის “RTVE” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ.
3. შპს „კავკასუს ონალინი“ წარმოადგენს ავტორიზებული პირს, რომელსაც 2011 წლის 7 აპრილს გავლილი აქვს კომისიაში ავტორიზაცია მაუწყებლობის ტრანზიტზე და რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით; როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებითა და კომისიაში შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2012 წლის 15 აპრილს წარმოდგენილი N6/1316-12 წერილით ირკვევა, შპს „კავკასუს ონლაინი“ მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებისას ახორციელებს სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“-ს სამაუწყებლო არხები: „Кинопоказ 1HD ”, „Кинопоказ 2 HD”, „Женский мир HD“, „Телепутешествие HD“ რეტრანსლირებას და ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდებას არამართლზომიერად, აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების გარეშე.
ამავე დროს, შპს „კავკასუს ონლაინს“ მიუხედავად კომისიის მიმართვისა, კომისიაში არ წარმოუდგენია სამაუწყებლო არხების: HD Кино, HD1 3D, Redlight HD, 3D by Panasonic, Sky Sport 24, ICTV, Arte HD, THT, Disney Channel რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული ასევე კომისიის 2012 წლის 10 აპრილის სხდომაზე დაადასტურა შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმაც. რაც შეეხება სამაუწყებლო არხის „RTVE“ რეტრანსლირებას, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია ხელშეკრულება გაფორმებული შპს „კავკასუს ონლაინსა“ და “CORPORACION RADIO TELEVISION ESPANOLA S.A.”-ს შორის სამაუწყებლო არხის “RTVE” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“-ს სამაუწყებლო არხების: „Кинопоказ 1 HD”, „Кинопоказ 2 HD”, „Женский Mир HD“, „Телепутешествие HD“, HD Кино, HD1 3D, Redlight HD, 3D by Panasonic, Sky Sport 24, ICTV, Arte HD, THT, Disney Channel შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის და ბ) ქვეპუნქტი.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევსი გამო.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „კავკასუს ონლაინს“ ამავდროულად უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“-ს სამაუწყებლო არხების: „Кинопоказ 1HD”, „Кинопоказ 2HD”, „Женский Mир HD“, „Телепутешествие HD“, ასევე სამაუწყებლო არხების: HD Кино, HD1 3D, Redlight HD, 3D by Panasonic, Sky Sport 24, ICTV, Arte HD, THT, Disney Channel არამართლზომიერი გადაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე, 99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-5, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და “ბ” ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს ,,კავკასუს ონლაინს“ სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“-ს სამაუწყებლო არხების: „Кинопоказ 1HD ”, „Кинопоказ 2 HD”, „Женский Mир HD“, „Телепутешествие HD“ ასევე სამაუწყებლო არხების: HD Кино, HD1 3D, Redlight HD, 3D by Panasonic, Sky Sport 24, ICTV, Arte HD, THT, Disney Channel რეტრანსლირების დროს „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „კავკასუს ონლაინმა“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო კომპანია „Первый ТВЧ“-ს სამაუწყებლო არხების: „Кинопоказ 1HD ”, „Кинопоказ 2 HD”, „Женский Mир HD“, „Телепутешествие HD“, ასევე სამაუწყებლო არხების: HD Кино, HD1 3D, Redlight HD, 3D by Panasonic, Sky Sport 24, ICTV, Arte HD, THT, Disney Channel არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ. კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
