წვდომის მენიუ

შპს ”მაგთიკომისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 285 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2012

მიღების თარიღი აპრილი 10, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს ”გლობალ მედია ჯგუფის” განცხადება (30.03.2012 №6/1676-12), რომელიც ეხება შპს ”მაგთიკომის” მიერ გავრცელებულ „მაგთისატის“ სამაუწყებლო რეკლამას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ ტელევიზიით ვრცელდება რეკლამა, სადაც კომპანია აცხადებს: „მაგთისატი გთავაზობთ წამყვან სპორტულ არხს მსოფლიოში „Setanta sports“; ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი, ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის და ნაციონალური ჰოკეის ლიგის მატჩები, 500-ზე მეტი პირდაპირი რეპორტაჟი წელიწადში, მაღალპროფესიული კომენტარი და გამოსახულების უმაღლესი ხარისხი მხოლოდ მაგთისატის მაყურებლისთვის“. განცხადებაში შპს „გლობალ მედია ჯგუფი“ აღნიშნავს, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი ბუნდოვანია და მასში შეგნებულად არაფერია ნახსენები იმაზე, თუ რა ენაზე შეუძლია მომხმარებელს პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა და „მაღალკვალიფიციური კომენტარების“ მოსმენა. იმის გათვალისწინებით, რომ შპს `გლობალ მედია ჯგუფი“ ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხა სპორტული ღონისძიებების/თამაშების, მათ შორის, ინგლისის პრემიერ ლიგის ჩვენების ექსკლუზიურ უფლებებს ქართულ ენაზე, კომპანიას მიაჩნია, რომ მსგავსი სახის სარეკლამო რგოლის გავრცელება ზიანს აყენებს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კანონიერ ინტერესებს და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს `გლობალ მედია ჯგუფის“ სატელევიზო არხების რეტრანსლირებას შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი. შპს „მაგთიკომის“ ზემოაღნიშნული სარეკლამო რგოლის ეთერში გასვლის შემდეგ გაჩნდა საკმაოდ ბევრი კითხვა, კერძოდ, კვლავ ფლობდა თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე შპს `გლობალ მედია ჯგუფი“ ინგლისის პრემიერ ლიგის ექსკლუზიური ჩვენების უფლებას ქართულ ენაზე.  შესაბამისად, როგორც შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ განცხადებაშია აღნიშნული, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები, რომლების ახორციელებენ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ სატელევიზიო არხების რეტრანსლირებას, გამოთქვამენ უკმაყოფილებას, კერძოდ, რომ მსგავსი შინაარსის შემცველი სარეკლამო რგოლი წინააღმდეგებაში მოდის მათ ინტერესებთანაც და შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მათი ბოლო მომხმარებლებიც. კერძოდ, როდესაც „მაგთისატი“ აცხადებს, რომ „ინგლისის პრემიერ ლიგა“, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი, ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის და ნაციონალური ჰოკეის ლიგის მატჩები, 500-ზე მეტი პირდაპირი რეპორტაჟი წელიწადში, მაღალპროფესიული კომენტარი და გამოსახულების უმაღლესი ხარისხი მხოლოდ მაგთისატის მაყურებლისთვის“, სხვა ავტორიზებული პირების ბოლო მომხმარებლების მიერ ეს აღქმულია ისე, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის ყურება ამიერიდან შესაძლებელია მხოლოდ „მაგთისატის“ აბონენტებისათვის. განცხადებას თანდართული აქვს მიმოწერა შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და შპს „ბლექ სი სატს“ შორის.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „გლობალ მედია ჯგუფს“ მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ სატელევიზიო ეთერით გავრცელებული „მაგთისატის“ რეკლამა წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ და შეცდომაში შემყვან რეკლამას და ითხოვს:

1. კომისიამ აუკრძალოთ შპს „მაგთიკომს“ არასათანადო რეკლამის გავრცელება;

2.კომისიამ დაავალდებულოს შპს „მაგთიკომი“  სარეკლამო რგოლი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობასთან, მათ შორის, სარეკლამო რგოლში ნახსენები იყოს თუ რა ენაზე ფლობს მაგთისატის პაკეტში ჩართული არხი „Setanta sports“ ინგლისის პრემიერ ლიგის ჩვენების უფლებას და რა ენაზე შეუძლიათ მომხმარებლებს „მაღალკვალიფიციური კომენტარების“ და სპორტული რეპორტაჟების ყურება.

3. შპს „მაგთიკომის“  მიმართ გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები არასათანადო რეკლამის გავრცელების გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის 3 აპრილს  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ სანქცირების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 10 აპრილს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „მაგთიკომს“ ეცნობა შეტყობინებით (03.04.2012 N03/832-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად შეტყობინება გაეგზავნა შპს „გლობალ მედია ჯგუფს“ (03.04.2012 N03/832-12) და, როგორც დაინტერესებული მხარე, მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 10 აპრილს (N6/1758-12) კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „მაგთიკომის“ განცხადება, შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ საჩივართან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია არ ეთანხმება შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ განცხადებაში აღნიშნულ გარემოებებს ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირმა რეკლამაში მიუთითოს თუ რა ენაზე ახორციელებს საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში განთავსებული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას. შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ რეკლამაში გაჟღერებული ფრაზა „მაგთისატი გთავაზობთ წამყვან სპორტულ არხს მსოფლიოში Setanta sports” ვერ შეუქმნის შთაბეჭდილებას მომხმარებელს, რომ აღნიშნული არხის რეტრანსლირება ხორციელდება ქართულ ენაზე, ვინაიდან ზემოაღნიშნული ფრაზა თავისთავად მიუთითებს, რომ საუბარია უცხოურ არხზე. შესაბამისად, შპს „მაგთიკომისთვის“ გაუგებარია შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ არგუმენტაცია, თუ რატომ უნდა მაუწყებლობდეს ირლანდიური არხი „Setanta sports“ ქართულ ენაზე.

შპს „მაგთიკომის“ აზრით, შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ რეკლამაში გაჟღრებული ფრაზა „მხოლოდ მაგთიკომის აბონენტებისთვის“ კონტექსტიდან ამოგლეჯილად არის განხილული, ვინაიდან რეკლამა იწყება ტექსტით: „მაგთისატი გთავაზობთ წამყვან სპორტულ არხს მსოფლიოში „Setanta sports“ და რეკლამის ბოლოს ნახსენებია „მხოლოდ მაგთიკომის აბონენტებისთვის“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომი“ არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში ჩასვა სამაუწყებლო არხის „Setanta sports“, ამდენად, რეკლამაში გაჟღერებული ფრაზა გულისხმობს, რომ „Setanta sports“-ის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ მაგთიკომის აბონენტებს და ეს ფრაზა არ ეხება ინგლისის პრემიერ ლიგის, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის, ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის და ნაციონალური ჰოკეის ლიგის მატჩებს. აღნიშნული წინადადებით რეკლამა განმარტავს თუ რისი ნახვაა შესაძლებელი სამაუწყებლო არხზე „Setanta sports“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „მაგთიკომის“ მიაჩნია, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (30.03.2012 N6/1676-12);

2. შპს „მედია საკონსულტაციო ჯგუფსა “ და Handymain Ltd. T/A Advisers Media International Limited–ს (AMI) შორის გაფორმებული ხელშეკრულება (სალიცენზიო პერიოდი 01.08.2010–31.05.2013) საქართველოს ტერიტორიაზე ინგლისის პრემიერ ლიგის ჩვენების ექსკლუზიური უფლების შესახებ;

3. სამმხრივი შეთანხმება შპს „მედია საკონსულტაციო ჯგუფს“, შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და Handymain Ltd. T/A Advisers Media International Limited–ს (AMI) შორის, გაფორმებული 2010 წლის 8 სექტემბერს.

4. შპს „მაგთიკომსა“ და „Eurasian Broadcasting Enterprise Limited”-ს შორის 2012 წლის 24 თებერვლას გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხ Setanta Sports Eurasia”–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ.

4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპატამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნა (10.04.2012 N10/439-12)

5. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (10.04.2012 N10/440-12);

6. შპს „მაგთიკომის“ სარეკლამო რგოლი (ჩანაწერი DVD დისკზე);

7. შპს „მაგთიკომის“ განცხადება (10.04.2012 N6/1758-12);

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (10.04.2012 N10/439-12), სადაც აღნიშნულია შემდეგი:

„1. შპს „გლობალ მედია ჯგუფს“ წარმოდგენილი აქვს Handymain Ltd T/A Advisers Media International Limited–ს (AMI) და Media Consulting Group LTD-ს შორის 2010 წლის 16 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, Media Consulting Group LTD–ს გადაეცა საქართველოს ტერიტორიაზე, ქართულ ენაზე, ინგლისის საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის (2010/2011, 2011/2012, 2012/2013 სეზონების) ექსკლუზიური ჩვენების უფლება. წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული უფლება გულისხმობს საეთერო, სატელიტური (მხოლოდ კოდირებული სისტემა), ფასიანი საკაბელო, SMART/MMDS და IPTV სისტემებით გავრცელების უფლებას. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2010 წლის 1 აგვისტოდან 2013 წლის 31 მაისამდე.

2. შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში ასევე წარმოდგენილია 2010 წლის                      8 სექტემბერს, Handymain Ltd T/A Advisers Media International Limited–ს,  Media Consulting Group LTD-ს და Global Media Group-ს შორის გაფორმებული სამმხრივი შეთანხმება, რომლის თანახმად, შპს „გლობალ მედია ჯგუფს“ გადაეცა საქართველოს ტერიტორიაზე, ქართულ ენაზე, ინგლისის საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის (2010/2011, 2011/2012, 2012/2013 სეზონების) ექსკლუზიური ჩვენების უფლება.

3. შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია Eurasian Broadcasting Enterprise limited–თან (EBEL) 2012 წლის 24 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის Setanta Sports Eurasia–ს საქართველოს ტერიტორიაზე არაექსკლუზიური რეტრანსლირების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული სამაუწყებლო არხი გადაიცემა რუსულ ენაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2012 წლის 24 თებერვლიდან 2013 წლის 31 მაისამდე.

შპს `გლობალ მედია ჯგუფის“ განცხადებაში, რომელიც ეხება შპს „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებულ სპორტული არხის „Setanta sports“–ის სატელევიზიო რეკლამას, აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ სარეკლამო რგოლი ბუნდოვანია და მასში შეგნებულად არაფერია ნახსენები იმაზე, თუ რა ენაზე შეუძლია მომხმარებელს პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა და „მაღალკვალიფიციური კომენტარების“ მოსმენა. იმის გათვალისწინებით, რომ შპს `გლობალ მედია ჯგუფი“ ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხა სპორტული ღონისძიებების/თამაშების, მათ შორის, ინგლისის პრემიერ ლიგის ჩვენების ექსკლუზიურ უფლებებს ქართულ ენაზე, მსგავსი სახის სარეკლამო რგოლის გავრცელება ზიანს აყენებს შპს `გლობალ მედია ჯგუფის“ კანონიერ ინტერესებს და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

შპს `გლობალ მედია ჯგუფის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ხსენებული სარეკლამო რგოლის ეთერში გასვლის შემდეგ გაჩნდა საკმაოდ ბევრი კითხვა, კერძოდ, კვლავ ფლობდა თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე შპს `გლობალ მედია ჯგუფი“ ინგლისის პრემიერ ლიგის ექსკლუზიური ჩვენების უფლებას ქართულ ენაზე. საკაბელო ტელევიზიები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ მსგავსი შინაარსის შემცველი სარეკლამო რგოლი წინააღმდეგებაში მოდიოდა მათ ინტერესებთანაც და შესაძლოა შეცდომაში შეეყვანა მათი ბოლო მომხმარებლებიც. კერძოდ, როდესაც „მაგთისატი“ აცხადებს, რომ „ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი, ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის და ნაციონალური ჰოკეის ლიგის მატჩები, 500-ზე მეტი პირდაპირი რეპორტაჟი წელიწადში, მაღალპროფესიული კომენტარი და გამოსახულების უმაღლესი ხარისხი მხოლოდ მაგთისატის მაყურებლისთვის“, ბოლო მომხმარებლების მიერ ეს აღქმულია ისე, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის ყურება ამიერიდან შესაძლებელია მხოლოდ „მაგთისატის“ აბონენტებისათვის, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება“.

შპს `გლობალ მედია ჯგუფის“ განცხადებაში აღნიშნული შპს „მაგთიკომის“ სამაუწყებლო სარეკლამო რგოლის ჩვენება შეწყდა მიმდინარე წლის 1 აპრილს.“

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებას;

2. შპს „მაგთიკომის“ მიერ ტელევიზიით ვრცელდება „მაგთისატის“ რეკლამა, სადაც კომპანია აცხადებს: „მაგთისატი გთავაზობთ წამყვან სპორტულ არხს მსოფლიოში „Setanta sports“; ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი, ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის და ნაციონალური ჰოკეის ლიგის მატჩები, 500-ზე მეტი პირდაპირი რეპორტაჟი წელიწადში, მაღალპროფესიული კომენტარი და გამოსახულების უმაღლესი ხარისხი მხოლოდ მაგთისატის მაყურებლისთვის“.

3. შპს „მაგთიკომი“, სამაუწყებლო არხი „Setanta Sports Eurasia”–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ „Eurasian Broadcasting Enterprise Limited”-თან 2012 წლის 24 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული სამაუწყებლო არხის რუსულ ენაზე რეტრანსლირების უფლებას.

4. სამაუწყებლო არხზე „Setanta Sports Eurasia” ხორციელდება ისეთი სახის საპორტული ღონისძიებების რეტრანსლირება, როგორიცაა „ინგლისის პრემიერ ლიგა“, „ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი“, „ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგა“  „ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური ჰოკეის ლიგის მატჩები“ და ა.შ.

5. „ინგლისის პრემიერ ლიგის“ საქართველოს ტერიტორიაზე ქართულ ენაზე რეტრანლირების ექსკლუზიურ უფლებას, შპს „მედია საკონსულტაციო ჯგუფსა “ და Handymain Ltd. T/A Advisers Media International Limited–ს (AMI) შორის 2010 წლის 16 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებისა და შპს „მედია საკონსულტაციო ჯგუფს“, შპს „გლობალ მედიას ჯგუფსა“ და Handymain Ltd. T/A Advisers Media International Limited–ს (AMI) შორის 2010 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების შესაბამისად ფლობს შპს „გლობალ მედია ჯგუფი“.  

შენიშვნა: 2010 წლის 8 სექტემბერს გაფორმდა სამმხრივი შეთანხმება შპს „მედია საკონსულტაციო ჯგუფს“, შპს „გლობალ მედიას ჯგუფსა“ და Handymain Ltd. T/A Advisers Media International Limited–ს (AMI) შორის რომლის შესაბამისადაც, „მედია საკონსულტაციო ჯგუფსა“ და Handymain Ltd. T/A Advisers Media International Limited–ს (AMI) შორის 2010 წლის 16 ივნისს გაფორმებული ხელშელრულებიდან გამომდინარე შპს „მედია საკონსულტაციო ჯგუფის“ უფლება-მოვალეობები გადაეცა შპს „გლობალ მედია ჯგუფს“.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია, აღნიშნავს შემდეგს:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, „ელექტრონული კომუნკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

3. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასათანადო რეკლამას წარმადგენს არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

4. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი რეკლამა განმარტებულია, როგორც რეკლამა, რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან, კონკურენტის ან მესამე პირის სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ანდა მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით, შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ.

5. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შეცდომაში შემყვანი რეკლამა არის რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი.

6. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, რეკალმის დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისთვის.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი და შეუფერხებელი მიწოდება; ამავე დებულების მე-3 მუხლის ღ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარისხიანი მომსახურება არის მომხმარებლებისათვის გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე ინფორმაციას (რეკლამას) მომსახურების შესახებ.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ ტელევიზიით გავრცელებული „მაგთისატის“ რეკლამა წარმოადგენს შეცდომაში შემყვან და შესაბამისად არასათანადო რეკლამას. კერძოდ, შპს „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული რეკლამაში აღნიშნულია, რომ კომპანია მომხმარებელს სთავაზობს წამყვან სპორტულ არხს მსოფლიოში „Setanta sports“, ინგლისის პრემიერ ლიგას, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასს, ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის და ნაციონალური ჰოკეის ლიგის მატჩებს, 500-ზე მეტ პირდაპირ რეპორტაჟს წელიწადში, მაღალპროფესიულ კომენტარს და გამოსახულების უმაღლესი ხარისხს, მხოლოდ მაგთისატის მაყურებლისთვის, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. კერძოდ, კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ინგლისის პრემიერ ლიგის საქართველოს ტერიტორიაზე ქართულ ენაზე ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს შპს „გლობალ მედია ჯგუფი“, აღნიშნული კი წარმოადგენს იმის დასტურს, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის სპორტული ღონისძიებები ხელმისაწვდომია არა მარტო „მაგთისატის“ მაყურებლისათვის, არამედ ყველა იმ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მაყურებლისთვის, რომელსაც თავის საკაბელო ქსელში განთავსებული აქვს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ სამაუწყებლო პროდუქცია (შპს „სუპერ ტვ“, შპს „ნორმა“, სს „სილქნეტი“, შპს „კავკასუს ონლაინი“, შპს „გლდანი ტვ“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ბადაგი“, შპს „სისტემა +“ და ა.შ). შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“ მიერ რეკლამაში გაჟღერებული ის ინფორმაცია, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩები ხელმისაწვდომია მხოლოდ „მაგთისატის“ აბონენტებისთვის არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით შესაძლოა ზიანი მიადგეთ როგორც ბაზარზე მოქმედ კონურენტ, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, ასევე შპს „გლობალ მედია ჯგუფს“, რომელიც წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს და რომელიც ფლობს ინგლისის პრემიერ ლიგის სპორტული ღონისძიებების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების უფლებას, ასევე ამ რეკლამას რეკლამის მომხმარებელიც შეცდომაში შეჰყავს. კომისიის აღნიშნულ მოტივაციას ამყარებს კომისიაში შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართული მიმოწერა შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და შპს „ბლექ სი სატს“ შორის (რომელიც წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს), სადაც შპს „ბლექ სი სატი“ შპს „გლობალ მედია ჯგუფისგან“ ითხოვს განმარტებებს ინგლისის პრემიერ ლიგის საქართველოს ტეროტირიაზე ჩვენების უფლების მართლზომიერებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე ორჯერ განხორციელდა სადაო სარეკლამო რგოლის ჩვენება (მოსმენა, ყურება და აუდიოვიზუალური აღქმა) და კომისიმ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია შპს „მაგთიკომის“ არგუმენტაცია, რომ სარეკლამო რგოლში ნახსენები ფრაზა „მხოლოდ მაგთისატის მაყურებლისთვის“ გულისხმობს, რომ „Setanta sports“-ის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ მაგთიკომის აბონენტებს და ეს ფრაზა არ ეხება ინგლისის პრემიერ ლიგის  ფეხბურთის მატჩებს.

რაც შეეხება შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ განცხადებაში აღნიშნულ გარემოებას, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული სარეკლამო რგოლში არ არის მითითებული მაუწყებლობის განხორციელების ენა და შესაბამისად, სპორტული ღონისძიებების კომენტარის განხორციელების ენა და ამის გათვალისწინებით აღნიშნული რეკლამა წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ რეკლამას, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი რეკლამა განმარტებულია, როგორც რეკლამა, რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან, კონკურენტის ან მესამე პირის სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ან/და მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით, შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ.  შპს „მაგთისატის“ მიერ გავრცელებული რეკლამა ვერ შეფასდება არაკეთილსინდისიერ რეკლამად, ვინაიდან იგი არ შეიცავს რეკლამირებადი პროდუქციის არაკორექტულ შედარებას სხვა პირთა იდენტურ პროდუქციასთან, ასევე არ შეიცავს კონკურენტის ან სხვა პირთა სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, არ ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი პროდუქციით, არ შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ შეცდომაში. ის გარემოება, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ სარეკლამო რგოლში არ არის მითითებული სამაუწყებლო არხის გავრცელების ენა, ცალკე აღებული ვერ იქნება შეფასებული როგორც „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა და არაკეთილსინდისიერი რეკლამა. გავრცელებულ რეკლამაში თავად რეკლამის დამკვეთის მიერ ენის მითითებით რეკლამაში გამოყენებული ფრაზა „მხოლოდ მაგთისატის მაყურებლისთვის“  აღარ იქნებოდა შეცდომაში შემყვანი არასათანადო რეკლამა, თუმცა ენის მითითება თავად რეკლამის დამკვეთის მიერ მიზანშეწონილობით ხდება და ამის სამართლებრივ ვალდებულებას კანონმდებლობა არ იცნობს.

 „რეკალამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეკლამის დამკვეთი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, რეკლამის შესაქმნელად წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე. 

კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა, რომ შპს „მაგთიკომის“ „მაგთისატის“ რეკლამასთან დაკავშირებით არ დგას რეკლამის მწარმოებლისა და რეკლამის გამავრცელებელის ბრალეულობის საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“, როგორც რეკლამის დამკვეთის მიერ დარღვეულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეკლამის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები, კერძოდ,  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი და ამავე დროს, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ვალდებულება. აღნიშნული კი, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა  და  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის  21-ე მუხლიდან გამომდინარე წარმოადგენს პასუხისმგებლობის საფუძველს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 29 მარტის N242/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „მაგთიკომს“ დაეკისრა ჯარიმა 30,000.00 ლარის ოდენობით ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) და ე) ქვეპუნქტების,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის, 24–ე მუხლის მე–5 პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილისა  და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის  ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ  არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2012 წლის 29 მარტის №242/18 გადაწყვეტილებით შპს ,,მაგთიკომს” დაეკისრა ჯარიმა 30,000.00 ლარის ოდენობით,  კომისიას მიაჩნია, რომ ამჯერად მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმის სახით.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (10.04.2012 N10/440-12) შესაბამისად, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, შპს ,,მაგთიკომის” ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტი აღემატება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ 90,000.00 ლარს და შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის” მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 90,000.00 ლარის ოდენობით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის, 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-8 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-20 მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,მაგთიკომს” დაეკისროს ჯარიმა 90,000.00 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს ,,მაგთიკომმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს ”მაგთიკომისთვის”  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო  დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                          ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                  ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                              კ.კვიტაიშვილი                                                      კომისიის წევრი                                                                                              ი. მოსეშვილი

                                                                                                                                                           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები