შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2012
მიღების თარიღი აპრილი 20, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, 2012 წლის 4 აპრილს, შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2012 წლის 2 აპრილის №10/412-12 მოხსენებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა წილის გასხვისება. კერძოდ, შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიის” 2012 წლის 29 მარტის №1-10/1 წერილის თანახმად, შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” საწესდებო კაპიტალის 49% წილის მფლობელია შპს ,,ტექნონეტი”, ხოლო 51 % წილის მფლობელი ფიზიკური პირი ვასილ კობაიძე.
ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 10 აპრილს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 20 აპრილს, რის თაობაზეც შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 12 აპრილს, შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” დაზღვეული საფოსტო გზავნილით ჩაბარდა შეტყობინება (საფოსტო ქვითარი №1346), მისი წარმომადგენელი კომისიის 2012 წლის 20 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია განიხილოს შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, ვინაიდან მის მიერ სრულად არის შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
2012 წლის 20 აპრილს, კომისიის სხდომაზე, შესაბამისი მინდობილობის გარეშე გამოცხადდა შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” წარმომადგენელი რ.ჩხაიძე, რომელსაც, როგორც დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა მიეცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოეთქვა თავისი მოსაზრება. მან დაადატურა შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასთვის” შეტყობინების ჩაბარების ფაქტი და აღნიშნა, რომ შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 2 აპრილის №10/412-12 სამსახურებრივი ბარათი;
2. შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” 2011 წლის 30 დეკემბრის №1-10/7 წერილი შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” წილის გასხვისების ხელშეკრულების წარმოდგენის თაობაზე;
3. კომისიის მიერ 2012 წლის 19 მარტს შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასთვის” გაგზავნილი წერილი №08/683-12;
4. შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” მიერ 2012 წლის 29 მარტს კომისიისათვის გაგზავნილი წერილი №1-10/1 ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე;
5. მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” შესახებ.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ვაიმაქს ჯორჯია” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი - 2008 წლის 19 ივლისი. ავტორიზებული საქმიანობის სახე - ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება);
2. 2011 წლის 30 დეკემბერს, შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიამ” წერილობით (№1-10/7) მიმართა კომისიას და წარმოუდგინა შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” წილის გასხვისების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” პარტნიორმა და საწესდებო კაპიტალის 51%-იანი წილის მფლობელმა შპს ,,ჩემექსიმ ინტერნეშენალმა” თავისი წილი მიყიდა ფიზიკურ პირს ვასილ კობაიძეს;
3. ვინაიდან 2011 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” საწესდებო კაპიტალში ცვლილებები არ განხორციელებულა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში, შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” 2011 წლის 30 დეკემბრის №1-10/7 წერილი კომისიამ მიიჩნია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წილის შეძენის განზრახვის შესახებ შეტყობინებად;
4. ვინაიდან შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების განხორციელების მიზნით, კერძოდ, წილის შეძენაზე თანხმობის გაცემის მიზნით ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, 2012 წლის 19 მარტს, კომისიამ წერილობით №08/683-12 მიმართა შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას”, რომლითაც მოსთხოვა კომისიაში წარმოედგინა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
5. 2012 წლის 29 მარტს, შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიამ” წერილობით (№1-10/1; 29.03.12) მიმართა კომისიას, რომლითაც, მისივე განმარტებით, კომისიის 2012 წლის 19 მარტის წერილის საპასუხოდ, კომისიაში წარმოადგინა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გაTვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ:
- საფირმო სახელწოდება: შპს ,,ვაიმაქს ჯორჯია”; საქმინობის სფერო: ტელესაკომუნიკაციო საქმიანობა; ს/კ: 205253982.
- საწესდებო კაპიტალის 49% წილის მფლობელი შპს ,,ტექნონეტი”, ხოლო 51% წილის მფლობელი ფიზიკური პირი ვასილ კობაიძე;
6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ 2012 წლის 16 მარტს, შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” წილის 51%-ის მესაკუთრე, შპს ,,ჩემექსიმ ინტერნეიშენალის” ნაცვლად, გახდა ფიზიკური პირი ვასილ კობაიძე;
7. შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიისათვის წინასწარ შეუტყობინელობით (არასრულყოფილი შეტყობინება წარმოადგინა), ასევე კომისიისაგან თანხმობის მიღების გარეშე წილის გასხვისებითა და კომისიის მიერ მოთხოვილი ინფორმაციის წარმოუდგენლობით, შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 27-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები.
კომისიას მიაჩნია, რომ წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიისათვის წინასწარ შეტყობინებად ვერ ჩაითვლება შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” 2011 წლის 30 დეკემბერის №1-10/7 წერილი, რომელსაც თან ერთვოდა შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” წილის გასხვისების ხელშეკრულება, ვინაიდან აღნიშნული ,,შეტყობინება” არასრულყოფილი იყო და არ შეიცავდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შეძენის ფორმა და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეტყობინება არ უნდა შეიცავდეს არასწორ ან არასრულ ინფორმაციას, ხოლო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად.
კომისიას მიაჩნია, რომ წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიისათვის წინასწარ შეტყობინებად ვერ ჩაითვლება შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” 2012 წლის 29 მარტის №1-10/1 წერილიც, რომლითაც შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიამ” მისივე განმარტებით, კომისიის 2012 წლის 19 მარტის წერილის პასუხად, კომისიაში წარმოადგინა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
კომისია აღნიშნავს, ჯერ ერთი, შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” 2012 წლის 29 მარტის №1-10/1 წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და მეორე, ამ დროისთვის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2012 წლის 16 მარტს, უკვე განხორციელებული იყო ცვლილებები მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში, კერძოდ, შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” წილის 51%-ის მესაკუთრე, შპს ,,ჩემექსიმ ინტერნეიშენალის” ნაცვლად, გახდა ფიზიკური პირი ვასილ კობაიძე, ანუ შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” წილის გასხვისება განხორციელებული იყო კომისიის თანხმობის გარეშე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამავე დროს, შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” უნდა დაევალოს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. კერძოდ, ინფორმაცია შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ, კომისიას შესაძლებლობა მიეცემა განახორციელოს მისთვის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 26-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შეტყობინების კომისიაში წარმოდგენა. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: წილების შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წილების შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:
ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული
მომსახურებიდან;
გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;
დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;
ე) ინფორმაცია წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე და შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიას” მიერ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე);
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ს.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
