წვდომის მენიუ

სს ,,სილქნეტისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 301 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2012

მიღების თარიღი აპრილი 20, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2012 წლის 4 აპრილს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს  რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი და თანდართული შემოწმების აქტი N4, შედგენილი  2012 წლის 3 აპრილს, 2012 წლის 27 მარტს კომისიაში დასაქმებულ რევაზ მორგოშიასთან გაფორმებული სს ,,სილქნეტის” სააბონენტო ხელშეკრულება და კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის 2012 წლის 3 აპრილის №9/137-12 სამსახურებრივი ბარათი;

საკონტროლო შესყიდვის შედეგად, კომისიაში დასაქმებულ რევაზ მორგოშიასა და სს ,,სილქნეტს” შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება, მისი მოქმედ  კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შემოწმდა კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მიერ და შენიშვნები აისახა N4 შემოწმების აქტში, ისევე როგორც კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის 2012 წლის 3 აპრილის №9/137-12 სამსახურებრივ ბარათში, სადაც აღნიშნულია შემდეგი:

1. მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, ,,წინამდებარე ხელშეკრულება (შემდგომში ,,ხელშეკრულება“) ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ ,,მხარეთა“ მიერ მის შეწყვეტამდე ,,ძირითადი წესების და პირობების“ შესაბამისად. ,,აბონენტი“ ,,ხელშეკრულების“ ცალმხრივად შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტამდე ერთი თვით ადრე, წერილობითი განცხადებით მიმართოს ,,სილქნეტის“ ნებისმიერ სერვის ცენტრს და მოითხოვოს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ,,ძირითადი წესებისა და პირობების“ შესაბამისად“.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სტანდარტული პირობებით მომსახურების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების მომხმარებლის ინიციატივით შეწყვეტისათვის, არ შეიძლება დადგინდეს პირგასამტეხლო ან სხვა დამაბრკოლებელი პირობები;  აქედან გამომდინარე, მომხმარებლის მიერ სტანდარტული პირობებით გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისთვის წინასწარი გაფრთხილების რაიმე ვადის დადგენა დაუშვებელია და განიხილება, როგორც დაბრკოლების შექმნა მომხმარებლისთვის.

2. ხელშეკრულების მე–7 პუნქტის თანახმად, კომპანია უფლებამოსილია აბონენტისთვის  მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე მესამე პირს გადასცეს მისი ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები ან/და მოვალეობები, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც აბონენტი წინასწარ წერილობით ან/და ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული ელექტრონული ფოსტის ან პაროლის გამოყენებით უარს განაცხადებს ასეთ გადაცემაზე; ამასთან, ასეთი გადაცემა უნდა მოხდეს ამ ხელშეკრულების მე–16 პუნქტში აღნიშნული რეგლამენტით მომსახურების შეწყვეტისთვის დადგენილი ვადის დაცვით.

მოცემული პირობის თანახმად, თუ აბონენტმა სათანადო წესით არ განაცხადა უარი მისი უფლებების მესამე პირისთვის გადაცემაზე, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება წყდება რეგლამენტით დადგენილი ვადების დაცვით; ხელშეკრულების მე–7 პუნქტის თანახმად, აბონენტის უფლებათა/ვალდებულებათა მესამე პირზე გადაცემა ხდება მისთვის მიწოდებულ შეტყობინებაზე აბონენტის თანხმობის ან მის მიერ შეტყობინების რეაგირების გარეშე დატოვების საფუძველზე, მაგრამ ამავე ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული აღნიშნული შეტყობინების გადაცემის ფორმები.

                ხელშეკრულებაში მომსახურების მიწოდების შეწყვეტის პირობების სრულყოფილად გაუწერლობის და ასევე, მომხმარებლის არასათანადო ინფორმირების შედეგად მისი უფლებების მისივე ნების გამოვლენის გარეშე მესამე პირისთვის გადაცემის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ზემოთ მოცემულ პირობაში დაკონკრეტდეს შეტყობინების ფორმა (ფორმები).

ამავე პირობაში არ არის მითითებული თუ რა ვადაშია ვალდებული აბონენტი უარი განაცხადოს მისი უფლებების/მოვალეობების მესამე პირისთვის გადაცემის თაობაზე.  განსაზღვრულ ვადაში უარის განუცხადებლობით გამოწვეული შედეგების მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია ხელშეკრულებაში აისახოს ვადა, რომლის განმავლობაშიც აბონენტმა უნდა განაცხადოს უარი მისი უფლებების მესამე პირისთვის გადაცემაზე. ამასთან, სს ,,სილქნეტის“ მიერ აბონენტის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების მესამე პირისთვის გადაცემა, მართალია ხდება რეგლამენტით მომსახურების შეწყვეტისთვის დადგენილ ვადაში, მაგრამ ხელშეკრულებაში პირდაპირ ვადის ასახვის ნაცვლად გამოყენებულია რეგლამენტის ნორმაზე მიმათითებელი ბლანკეტური ნორმა, რაც მომხმარებლისთვის არსებითი ინფორმაციის მიღების (მოპოვების) იურიდიულ-ტექნიკურ დაბრკოლებად შეიძლება შეფასდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, ასევე, რეგლამენტის  მე–4 მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტით მომსახურების მიმწოდებლის მიმართ დადგენილი მოთხოვნები არ არის დაცული.

3. მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებაში და მის დანართებში არ არის ასახული მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულება გააფრთხილოს აბონენტი მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის თაობაზე რეგლამენტის მე–4 მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, რაც ასევე, ეწინააღდმეგება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) ქვეპუნქტს.

4. ხელშეკრულებაში, ასევე, მის დანართებში, არ არის ასახული ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის გადახდის წესი, კერძოდ, სააბონენტო გადასახადის გადახდის სავალდებულო ვადა (თარიღი). შესაბამისად, ხელშეკრულებაში და ასევე, მის დანართებში ასახული მომსახურების შეზღუდვის/შეწყვეტის პირობები არ არის სათანადოდ ასახული ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, ასევე, რეგლამენტის  მე–4 მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის 2012 წლის 3 აპრილის №9/137-12 სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ:

1. რედაქციული ხასიათის შენიშვნა გასათვალისწინებელია სს ,,სილქნეტის“ მიერ ხელშეკრულების №2 დანართის 5.3 პუნქტის მიმართ, რომლის თანახმად, ,,აბონენტის მიერ ნებისმიერი ტიპის დაზიანების შემთხვევაში, წერილობითი განაცხადი (განცხადება) წარდგენილ უნდა იქნას ამგვარი დაზიანებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში...“

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტი არ ადგენს რაიმე ვადას აბონენტისთვის დაზიანებასთან დაკავშირებით განაცხადის წარდგენისთვის.

2. სს ,,სილქნეტის“ მობილური ტელეფონით მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, აბონენტი ხელმოწერით ადასტურებს, რომ ,,მას ჩაბარდა ხელშეკრულება, გაეცნო დანართებს №1 და №2, ასევე, განემარტა მისი უფლებები“. ხელშეკრულების №2 დანართი – ,,ძირითადი წესები და პირობები“ შეიცავს მომსახურების მიწოდების არსებით პირობებს, მათ შორის, მომსახურების პირობების შეცვლისა და ამ ცვლილებების შესახებ აბონენტის ინფორმირების წესს, მხარეთა ვალდებულებებს და პასუხისმგებლობის საკითხს, მომსახურების შეზღუდვის/შეწყვეტის პირობებს და სხვა, ხოლო უშუალოდ სააბონენტო ხელშეკრულებაში მოცემულია ძირითადად მითითებითი პუნქტები ხელშეკრულების №2 დანართზე. მომხმარებელ რევაზ მორგოშიას ინფორმაციით, სააბონენტო ხელშეკრულების დანართი №2 (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ხელშეკრულების  ,,ძირითადი წესები და პირობები“) მას გადაეცა მხოლოდ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მისი მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სს ,,სილქნეტის“ მიერ არ ხდება მომხმარებლებისთვის ხელშეკრულების №2 დანართის გადაცემა, თუ მათ არ მიმართეს სს ,,სილქნეტს“ ასეთი მოთხოვნით. შესაბამისად, სს ,,სილქნეტს“ უნდა მოეთხოვოს აღნიშნული დანართის  სავალდებულო წესით გადაცემა აბონენტებისთვის ან ,,ძირითადი წესების და პირობების“ უშუალოდ სააბონენტო ხელშეკრულებაში ასახვა.

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის 11 აპრილს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს ,,სილქნეტის”  სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის  20 აპრილს,  რის თაობაზეც სს ,,სილქნეტს” ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 20 აპრილის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები - მარი ქოქიაშვილი და ბესარიონ აბაშიძე, რომლებმაც კომისიაში წარმოადგინეს წერილობითი ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ:

1.  შემოწმების აქტი შედგენილია იმ პერიოდში, როდესაც სს „სილქნეტსა“ და კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს შორის მიმდინარეობდა კომპანიის აბონენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების პირობების განხილვა და მათი კორექტირების პროცესი. ეს პროცესი დაიწყო ამა წლის 20 იანვრიდან და მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ბოლო წერილით გამოგზავნილი შენიშვნების გათვალისწინებით (რომელიც სს „სილქნეტმა“ მიიღო ამა წლის 22 მარტს) დასრულდა ამა წლის აპრილში; 2012 წლის 19 აპრილს სს „სილქნეტის“ გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცდა აბონენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტები; შესაბამისად, სს „სილქნეტის“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ზემოაღნიშნული პერიოდი სს „სილქნეტისთვის“ იყო გარდამავალი, კომპანიას უხდებოდა დაუმტკიცებელი ხელშეკრულებების გაფორმება აბონენტებთან, ვინაიდან კომპანიის მძიმე მემკვიდრეობის გათვალისწინებით (სააბონენტო ხელშეკრულებების ნაწილში) სასწრაფო რეაგირება იყო საჭირო.

როგორც ახსნა-განმარტებაშია აღნიშნული, გარდამავალ პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებიც გამომდინარეობდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მოთხოვნებიდან, ხოლო იმისათვის რომ მომხდარიყო ამ პირობების საბოლოო დახვეწა და კომპანიას თავიდან აეცილებინა ბუნდოვანი განმარტების შესაძლებლობები აბონენტთა უფლებების გათვალისწინებით, მიმდინარეობდა მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომელსაც ამა წლის 12 აპრილს სს „სილქნეტმა“ გაუგზავნა ხელშეკრულების საბოლოო ვერსიები, რომლებიც მოგვიანებით დამტკიცდა კომპანიის გენერალური დირექტორის ბრძანებით და შესაბამისად დაიწყო აბონენტებთან მათი გაფორმება. 

                2. შემოწმების აქტის მე-7 პუნქტში აღნიშნულ პირველ დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება აბონენტის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში კომპანიის ერთი თვით ადრე გაფრთხილების ვალდებულებას, ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტის“ მობილური ტელეფონით მომსახურების ხელშეკრულება აქტის შედგენის მომენტში ითვალისწინებდა უვადოდ გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების აბონენტის ინიციატივით შეწყვეტის შემთხვევაში, მის ვალდებულებას შეწყვეტამდე ერთი თვით ადრე, წერილობით მიემართა კომპანიისთვის ამის შესახებ. ამ პირობის განხილვა რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულების შეწყვეტის - სხვა დამაბრკოლებელ პირობად, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტერმინის განმარტება რეგლამენტში არ არსებობს, სს „სილქნეტს“ მიაჩნია უსაფუძვლოდ, ვინაიდან აღნიშნული მომსახურება არის ყოველთვიური სააბონენტო გადახდის პრინციპზე აგებული და შესაბამისად, კომპანიას დროულად უნდა გააჩნდეს ინფორმაცია ამ ტიპის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რათა პროგრამაში მოხდეს სათანადო ცვლილებების განხორციელება, რისთვისაც ობიექტურად საჭიროა დრო და აგრეთვე, რათა ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად, თავიდან იქნას აცილებული აბონენტისათვის ყოველთვიური სააბონენტო თანხის დარიცხვა.

                კომისიაში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები მიუთითებენ საერთაშორისო პრაქტიკაზეც; კერძოდ, აღნიშნავენ, რომ, მაგალითად:

ა) AT&T ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ხელშეკრულებაში გარკვევით ჩანს შეწყვეტისთვის დაწესებული წინასწარი გაფრთხილების ვადები და მათი თანამდევი შესაბამისი კომპენსაციებიც კი. კერძოდ, შეწყვეტის პირობების შესაბამისად, ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აბონენტი იხდის კომპენსაციას შემდეგნაირად: 325 აშშ დოლარს აკლდება ყოველ უკვე მომსახურება გაწეულ თვეზე 10 აშშ დოლარი, დარჩენილ თანხას კი აბონენტი იხდის კომპენსაციის სახით ვადამდე შეწყვეტისთვის (იხილეთ ვებ გვერდი: http://www.wireless.att.com/learn/popups/etf.jsp)

ბ) T-Mobile გამორიცხავს ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას, ხოლო თუ აბონენტი მაინც შეწყვეტს მას, ხელშეკრულება ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში. კერძოდ, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დარჩენილია 180 დღეზე მეტი, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 200 აშშ დოლარის ოდენობით; იმ შემთხვევაში თუ ვადა დარჩენილია 91-დან 180 დღემდე - შეწყვეტის ჯარიმა შეადგენს 100 აშშ დოლარს; 31-დან 90 დღემდე - 50 აშშ დოლარს, ხოლო 30 დღემდე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ჯარიმა ითვალისწინებს 50 აშშ დოლარზე ნაკლებს, მაგრამ მინიმუმ იმ თანხის ოდენობას, რასაც ყოველთვიურად აბონენტი იხდის მომსახურებისათვის, გადასახადების ჩათვლით (იხილეთ ვებ გვერდი: http://www.t-mobile.com/Templates/Popup.aspx?PAsset=Ftr_Ftr_Ter

                ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებებისა და პირობების მიუხედავად, იმისათვის რომ კომპანიას თავიდან აეცილებინა ხელშეკრულების პირობების ბუნდოვანება, სს „სილქნეტის“ მობილური სატელეფონო მომსახურების ხელშეკრულების დანართ N2-ში („ძირითადი წესები და პირობები“), რომელიც ამავე დროს აბონენტებთან გასაფორმებელი ყველა სხვა დანარჩენი ხელშეკრულების დანართიცაა, შევიდა ცვლილება და  14.2.1. პუნქტი  (ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს „აბონენტის“ ინიციატივით) ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „14.2.1. მიწოდებული მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი თანხის დაფარვის და სხვა არსებული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ, „კომპანიისათვის“ წერილობითი განაცხადის წარდგენით“.         

                3. შემოწმების აქტის მე-7 პუნქტში აღნიშნულ მე-2 დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კომპანიის უფლებამოსილებას აბონენტისთვის  მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე მესამე პირს გადასცეს მისი ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები ან/და მოვალეობები, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც აბონენტი წინასწარ წერილობით ან/და ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული ელექტრონული ფოსტის ან პაროლის გამოყენებით უარს განაცხადებს ასეთ გადაცემაზე, ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ განხილული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მიხედვით, აბონენტის უფლებების გადაცემის ვადად მითითებულია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით მომსახურების შეწყვეტისთვის დადგენილი ვადა, რაც რეგლამენტის შესაბამისი პუნქტის დღეს არსებული რედაქციით შეადგენს 3 დღეს (რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი). შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, აბონენტს შეტყობინების მიღებიდან სამი დღის ვადაში შეუძლია განაცხადოს უარი მისი უფლებების მესამე პირისათვის გადაცემაზე. გარდა ამისა, ამავე პუნქტის მიხედვით აბონენტს უფლება აქვს სამი წლის განმავლობაში დაიბრუნოს მისი მესამე პირისათვის გადაცემული უფლებები, რაც კომპანიის განმარტებით გულისხმობს, რომ აბონენტს უფლება აქვს სამი წლის განმავლობაში განაცხადოს უარი სილქნეტის მიერ მესამე პირისათვის მისი უფლებების გადაცემაზე და ამ პერიოდის განმავლობაში აბონენტის მოთხოვნა კომპანიის მიერ უპირობოდ იქნება დაკმაყოფილებული.

რაც შეეხება ამავე საკითხთან დაკავშირებით შემოწმების აქტში მითითებულ არგუმენტს, რომ კონკრეტული ვადის ნაცვლად მითითება ხდება რეგლამენტზე, ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ ეს ჩანაწერი განპირობებულია იმით, რომ რეგლამენტი (მასში განსაზღვრული ვადა) შესაძლოა შეიცვალოს და თანაც არაერთხელ, შესაბამისად სს„სილქნეტი“ ყოველი ამგვარი ცვლილების შემდეგ ვერ დაიწყებს რამდენიმე ათეული თუ ასეული ათასი აბონენტისათვის ხელშეკრულების ცვლილებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სს „სილქნეტს“ მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ არაა დარღვეული კანონი და ხელშეკრულებაში ეს ვადა მითითებულია ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე.

                4. შემოწმების აქტის მე-7 პუნქტში აღნიშნულ მე-3 დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება იმ გარემოებას, რომ მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებაში და მის დანართებში არ არის ასახული მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულება გააფრთხილოს აბონენტი მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის თაობაზე,  ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი არ ავალდებულებს სს „სილქნეტს“ აბონენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს მომხმარებლის შეტყობინების ვალდებულება მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის თაობაზე. აღნიშნულ პუნქტში საუბარია კომპანიის ვალდებულებაზე ამგვარი შეზღუდვის შესახებ ინდივიდუალურად შეატყობინოს აბონენტს; ხოლო რაც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს, აქ საუბარია რომ აბონენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს, რასაც განსახილველი ხელშეკრულება ითვალისწინებს კიდეც ნაწილობრივ, აბონენტს კი აქვს შესაძლებლობა ნებისმიერი მისთვის საინტერესო პირობის შესახებ მიიღოს ინფორმაცია სს „სილქნეტისაგან“ მისი ვებ გვერდის, სერვის ცენტრებისა თუ სატელეფონო სერვის ცენტრის მეშვეობით.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა სს „სილქნეტმა“ გაიზიარა მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შენიშვნა ამ ნაწილშიც და დღეს მოქმედი ხელშეკრულება (დანართი N2 - „ძირითადი წესები და პირობები“) პირდაპირ ითვალისწინებს კომპანიის მიერ ასეთი შეზღუდვის ფაქტის დადგომის შემთხვევაში, აბონენტის ინდივიდუალურ შეტყობინებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სს „სილქნეტს“ მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ არაა დარღვეული შემოწმების აქტში მითითებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

                5. შემოწმების აქტის მე-7 პუნქტში აღნიშნულ მე-4 დარღვევასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებაში არ არის მითითებული ყოველთვიური სააბონენტოს გადახდის ვადა, ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებაში მართლაც არ არსებობდა კონკრეტული თარიღი (დღე) ყოველთვიური სააბონენტოს გადახდისათვის, რადგანაც ასეთი კონკრეტული დღე სს „სილქნეტს“ არ აქვს განსაზღვრული და აბონენტსაც თავისუფლად შეუძლია გადაიხადოს ყოველთვიური სააბონენტო საანგარიშსწორებო თვის ნებისმიერ დღეს. კომპანიას მიაჩნია, რომ ამ პირობით კომფორტს უქმნის აბონენტებს და ამასთან, არ არღვევს მოქმედ კანონმდებლობას, თუმცა, მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შენიშვნის გათვალისწინებით, იმისათვის რომ ყოველგვარი გაუგებრობა თავიდან აგვეცილებინა, ხელშეკრულებას („ტელეფონის გათიშვის პირობები“) დაემატა წინადადება: აბონენტს შეუძლია გადაიხადოს სააბონენტო გადასახადი ყოველი თვის განმავლობაში ნებისმიერ დროს.

                კომისიის სხდომაზე ასევე წარმოდგენილ იქნა კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის სამსახურებრივი ბარათი სს „სილქნეტის“ მიერ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში წარდგენილ, მომხმარებლებთან გასაფორმებელი კორექტირებული ხელშეკრულების თაობაზე.

                2012 წლის 12 აპრილს სს ,,სილქნეტმა“, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ა/წ 23 მარტის  №9/131-12 წერილის პასუხად,  წარმოადგინა კორექტირებული მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების პროექტი. წარმოდგენილ  მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებაში ნაწილობრივ გათვალისწინებულია ის შენიშვნები, რომლებიც საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ა/წ 3 აპრილს წარუდგინა კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს საკონტროლო შესყიდვის დროს, კომისიაში დასაქმებულ რევაზ მორგოშიასთან გაფორმებული მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით; კერძოდ, სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ:

1. სს ,,სილქნეტმა“ ხელშეკრულების პროექტის მე–6 პუნქტში (ძველი რედაქციით მე–7 პუნქტი) შეიტანა ცვლილება და ნაცვლად ფრაზისა ,,კომპანია უფლებამოსილია აბონენტისთვის  მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე...“ მიუთითა ,,კომპანია უფლებამოსილია ,,ძირითადი წესების და პირობების“ მე–10 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით ,,აბონენტისთვის“ მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე ,,მესამე პირს“ გადასცეს მისი ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები ან/და მოვალეობები...“. ხელშეკრულების №2 დანართის (,,ძირითადი წესების და პირობების“) მე–10 პუნქტი მართლაც ითვალისწინებს შეტყობინების სხვადასხვა სახეების ჩამონათვალს, მათ შორის, ვებ–გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებას, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების გამოყენებას და სერვის–ცენტრებში შესაბამისი განცხადების განთავსებას. ამასთან, ამავე მე–10 პუნქტის მე–2 ქვეპუნქტის თანახმად, ,,კომპანიის მიერ 10.1 პუნქტში აღნიშნული ნებისმიერი საშუალების გამოყენებით ,,აბონენტთან“ გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ,,აბონენტის“ წერილობით, ინდივიდუალურ შეტყობინებად, გარდა რეგლამენტის მე–4 მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“. (რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ითავლისწინებს მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია,  წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე).

                ვინაიდან სს ,,სილქნეტის“ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მოქმედებს უვადოდ, ხოლო ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე–4 მუხლის მე–6 პუნქტის თანახმად, ,,მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია... მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე“, მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით   უვადო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინდივიდუალურად გაფრთხილების საკითხი რჩება ამ წესის რეგულირების ფარგლებს გარეთ. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების პროექტის მე–6 პუნქტში (ძველი რედაქციით მე–7 პუნქტი) დასაკონკრეტებელია ინდივიდუალური შეტყობინების ფორმა (მაგალითად, მიეთითოს: აბონენტისთვის ზეპირი სატელეფონო ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის ან სხვა ფორმის ინდივიდუალური შეტყობინების სახით).

2. ხელშეკრულების პროექტის მე–6 პუნქტში (ძველი რედაქციით მე–7 პუნქტი) არ იქნა გათვალისწინებული საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შენიშვნა ხელშეკრულებაში იმ ვადის დაკონკრეტებასთან დაკავშირებით, რომლის განმავლობაში ხდება აბონენტისთვის მომსახურების შეწყვეტა და მისი უფლებების/ვალდებულებების გადაცემა მესამე პირისთვის.

3. სს ,,სილქნეტის“ მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კორექტირებულ იქნა ხელშეკრულების პირველი პუნქტი, რის შედეგად სს  ,,სილქნეტი“ არ ავალდებულებს აბონენტს ერთი თვის ადრე გააფრთხილოს კომპანია სააბონენტო ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის თაობაზე.

4. ხელშეკრულების №2 დანართის პროექტის 7.7.5 პუნქტში გათვალისწინებულია საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შენიშვნა აბონენტების გაფრთხილებასთან დაკავშირებით მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის თაობაზე; კერძოდ, ხელშეკრულებაში აისახა მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულება მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ აბონენტების გაფრთხილების თაობაზე; ამასთან, ამავე პუნქტში აისახა სს ,,სილქნეტის“ ვალდებულება მისი ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე აბონენტის გაფრთხილების შესახებ.

5. კორექტირებულ ხელშეკრულებაში გათვალისიწნებულ იქნა შენიშვნა მომსახურების ღირებულების (სააბონენტო გადასახადი) გადახდის წესთან დაკავშირებით, მაგრამ, მომსახურების შეზღუდვის პირობები შინაარსობრივად მაინც გასამართია, რადგან შიდა ქსელში და სხვა ოპერატორის ქსელში თანხის გადახდის ორი განსხვავებული პირობაა დაწესებული (სააბონენტო გადასახადი და დეპოზიტზე თანხის ჩარიცხვა); შესაბამისად, თანმიმდევრულად უნდა აისახოს თუ რა ხდება მომსახურების შეზღუდვის საფუძველი (თანხის დეპოზიტზე ამოწურვა, უარყოფით ბალანსში გადასვლა, თუ ყოველთვიური სააბონენტო გადასახდელის გადაუხდელობა).

6. კორექტირებული ხელშეკრულების მიხედვით ტელეფონის გათიშვის პირობებში ამოღებულ იქნა ფრაზა ,,...არ შეავსებს ბალანსს მინიმუმ ხუთ ლარამდე (დადებითი ბალანსი)...“ და მის ნაცვლად დაემატა ,,და არ გადაიხდის ყოველთვიურ მინიმალურ სააბონენტოს (ხუთი ლარი)...“  ასევე, დაემატა, რომ აბონენტს შეუძლია გადაიხადოს სააბონენტო გადასახადი ყოველი თვის განმავლობაში ნებისმიერ დროს.

7. სს ,,სილქნეტის“  მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებების პირველ გვერდზე მოცემულია შემდეგი ტექსტი:

,,აბონენტი ადასტურებს, რომ მას ჩაბარდა ხელშეკრულება, გაეცნო დანართებს №1 და №2, ასევე განემარტა მისი უფლებები.“

მომხმარებელს ხელშეკრულების №1 და №2 დანართები (მომსახურების არსებითი პირობებით) უნდა გადაეცეს ხელზე ისევე, როგორც ხელშეკრულება და მომხმარებლის უფლება მიიღოს სრულყოფილი წერილობითი ხელშეკრულება არ უნდა შემოიფარგლოს აღნიშნული დანართების მხოლოდ  გაცნობით.

8. ხელშეკრულების №2 დანართის 5.3 პუნქტში გათვალისწინებულია საზოგადოებრივი დამცველის შენიშვნა მომხმარებლისთვის დაზიანების თაობაზე განაცხადის წარდგენაზე 10 დღიანი ვადის დადგენის დაუშვებლობასთან დაკავშირებით.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე) 2012 წლის 4 აპრილის  №10/427-12 სამსახურებრივი ბარათი;

2. 2012 წლის 4 აპრილის №4 შემოწმების აქტი;

3. 2012 წლის 27 მარტს სს ,,სილქნეტსა” და რევაზ მორგოშიას შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება;

4. კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის 2012 წლის 3 აპრილის №9/137-12 და 2012 წლის 19 აპრილის N10/461-12 სამსახურებრივი ბარათები;

5. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

6. სს „სილქნეტის” წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. სს  ,,სილქნეტი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კომისიაში ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე, მათ შორის ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2.  2012 წლის 27 მარტს, ქ.თბილისში განხორციელდა სს ,,სილქნეტის” სააბონენტო ნომრისა და მომსახურების საკონტროლო შესყიდვა, რის შედეგადაც კომისიაში დასაქმებულ რევაზ მორგოშიასა და სს ,,სილქნეტს” შორის გაფორმდა სააბონენტო ხელშეკრულება;

3. 2012 წლის 3 აპრილს, რევაზ მორგოშიასა და სს ,,სილქნეტს” შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება შემოწმდა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამის კუთხით, რის თაობაზეც  გაფორმდა შემოწმების აქტი №4, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლით გათვალისწინებული  მოთხოვნების შესაბამისად. შემოწმების აქტს ასევე თანდართული აქვს კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის 2012 წლის 3 აპრილის №9/137-12 სამსახურებრივი ბარათი; 

4. სს „სილქნეტის“ მიერ გათვალისწინებულ იქნა კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის რიგი შენიშვნები მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების თაობაზე სააბონენტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რაც აღნიშნულია სს „სილქნეტის“ მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში და ასევე  კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის სამსახურებრივ ბარათში (19.04.2012 N10/461-12), მაგრამ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დარღვევების ნაწილი კვლავ სახეზეა.

5. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას,  კერძოდ:

ა) მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, ,,წინამდებარე ხელშეკრულება (შემდგომში ,,ხელშეკრულება“) ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ ,,მხარეთა“ მიერ მის შეწყვეტამდე ,,ძირითადი წესების და პირობების“ შესაბამისად. ,,აბონენტი“ ,,ხელშეკრულების“ ცალმხრივად შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტამდე ერთი თვით ადრე, წერილობითი განცხადებით მიმართოს ,,სილქნეტის“ ნებისმიერ სერვის ცენტრს და მოითხოვოს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ,,ძირითადი წესებისა და პირობების“ შესაბამისად“.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სტანდარტული პირობებით მომსახურების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების მომხმარებლის ინიციატივით შეწყვეტისათვის, არ შეიძლება დადგინდეს პირგასამტეხლო ან სხვა დამაბრკოლებელი პირობები;  შესაბამისად, მომხმარებლის მიერ სტანდარტული პირობებით ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის წინასწარი გაფრთხილების რაიმე ვადის დადგენა დაუშვებელია და განიხილება როგორც დაბრკოლების შექმნა მომხმარებლისთვის.  სს „სილქნეტის“ მიერ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწესთან 2012 წლის 12 აპრილს წარმოდგენილ ხელშეკრულების კორექტირებულ ვარიანტში დაკორექტირდა ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტი და ხელშეკრულებიდან ამოღებულ იქნა აბონენტის ვალდებულება ერთი თვით ადრე შეატყობინოს კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტს“ აღარ უნდა დაეკისროს ქმედების განხორციელების, კერძოდ ხელშეკრულების პირველი პუნქტის ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება;

ბ) ხელშეკრულების მე–7 პუნქტის თანახმად (კორექტირებული ხელშეკრულების მე-6 პუნქტი), ,,კომპანია უფლებამოსილია აბონენტისთვის  მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე მესამე პირს გადასცეს მისი ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები ან/და მოვალეობები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აბონენტი წინასწარ წერილობით ან/და ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული ელექტრონული ფოსტის ან პაროლის გამოყენებით უარს განაცხადებს ასეთ გადაცემაზე. ამასთან, ასეთი გადაცემა უნდა მოხდეს ამ ხელშეკრულების მე–16 პუნქტში აღნიშნული  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით მომსახურების შეწყვეტისთვის დადგენილი ვადის დაცვით“.

მომხმარებლის უფლება-მოვალეობების მესამე პირისთვის გადაცემა წარმოადგენს აღნიშნული მომხმარებლისთვის მომსახურების შეწყვეტის საფუძველს. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია,  წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. ინდივიდუალური შეტყობინების ფორმები ასევე დადგენილია რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ფ1 ქვეპუნქტით. შესაბამისად, სს „სილქნეტი“ ვალდებულია მომხმარებელს მისი უფლება-ვალდებულებების მესამე პირისთვის გადაცემისა და შესაბამისად, მისთვის მომსახურების შეწყვეტის თაობაზე აცნობოს სწორედ რეგლამენტით გათვალისწინებული ინდივიდუალური შეტყობინებით.

სს „სილქნეტის“ მიერ დაკორექტირებულ ხელშეკრულებაში ნაცვლად ფრაზისა ,,კომპანია უფლებამოსილია აბონენტისთვის  მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე...“ მიეთითა, რომ ,,კომპანია უფლებამოსილია ,,ძირითადი წესების და პირობების“ მე–10 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით ,,აბონენტისთვის“ მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე ,,მესამე პირს“ გადასცეს მისი ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები ან/და მოვალეობები...“. გამომდინარე იქიდან, რომ მომსახურების შესაძლო შეწყვეტის თაობაზე აბონენტს უნდა ეცნობოს სწორედ ინდივიდუალური შეტყობინებით და არა შეტყობინების ნებისმიერი ფორმით, სს „სილქნეტის“ მიერ დაკორექტირებული ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტი ვერ იქნება მიჩნეული შესაბამოსიობაში რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებთან.

ამავე დროს, ხელშეკრულებაში არ არის ასახული თუ რა ვადაში უნდა გამოავლინოს ნება აბონენტმა და  კომპანიას მისცეს თანხმობა ან უარი განაცხადოს, მისი უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემაზე, ან აბონენტის მიერ შეტყობინების რა ვადაში რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში არის უფლებამოსილი კომპანია განახორციელოს აბონენტის უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა. კომისია ვერ გაიზიარებს სს „სილქნეტის“ არგუმენტაციას, რომ  ამ შემთხვევაში გამოიყენება რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალიწინებულ 3 დღიანი ვადა, გამომდინარე იქიდან, რომ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების შეზღუდვას მომხმარებლის წინასწარი შეტყობინებიდან არა უადრეს 3 დღისა, სამუშაო დღის წინა სამუშაო დღეს. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა ვრცელდება ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებების მომსახურების მიმწოდებელზე და არა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელზე, ასევე, ეს ნორმა ეხება მომსახურების შეზღუდვას და არა მომსახურების შეწყვეტას, რასთანაც გვაქვს საქმე იმ შემთხვევაში, როცა ხდება სს „სილქნეტის“ მიერ აბონენტის უფლება-მოვალეობების მესამე პირისათვის გადაცემა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სს „სილქნეტის“ მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების მე-7 პუნქტი (კორექტირებული ხელშეკრულების მე-6 პუნქტი) უნდა ითვალისწინებდეს კონკრეტულ ვადას, ერთი მხრივ, იმის თაობაზე, თუ რა ვადაში უნდა მისცეს თანხმობა ან განაცხადოს უარი აბონენტმა მისი უფლება-მოვალეობების მესამე პირისთვის გადაცემაზე, და მეორე მხრივ, იმაზე, თუ რა ვადაში აქვს უფლება კომპანიას, აბონენტისგან შეტყობინებაზე რეაგირების არ მოხდენისას, გადასცეს მისი უფლება-მოვალეობები მესამე პირს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, ასევე, რეგლამენტის  მე–4 მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტი და მე-6 პუნქტი.

გ) მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებაში და მის დანართებში არ არის ასახული მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულება გააფრთხილოს აბონენტი მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის თაობაზე, რეგლამენტის მე–4 მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, რაც ასევე, ეწინააღდმეგებოდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) ქვეპუნქტს.

სს „სილქნეტის“ მიერ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 2012 წლის 12 აპრილს წარმოდგენილ კორექტირებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული შენიშვნა, აბონენტების გაფრთხილებასთან დაკავშირებით მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის თაობაზე; კერძოდ, ხელშეკრულებაში აისახა მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულება მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ აცნობოს აბონენტს ინდივიდუალური შეტყობინებით. შესაბამისად, სს „სილქნეტს“ ამ ნაწილში აღარ უნდა დაეკისროს ქმედების განხორციელებისა და ხელშეკრულების რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება.

დ) ხელშეკრულებაში, ასევე, მის დანართებში არ არის ასახული ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის გადახდის წესი, კერძოდ, სააბონენტო გადასახადის გადახდის სავალდებულო ვადა (თარიღი). გამომდინარე იქიდან, რომ სააბონენტო გადასახდელის გადაუხდელობა  ხელშეკრულების დანართი N2-ის 4.1 პუნქტის  შესაბამისად, წარმოადგენს მომხმარებლისთვის მომსახურების შეზღუდვის/შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს და არც ხელშეკრულებაში და არც მის დანართებში არ არის გათვალისწინებული სააბონენტო გადასახდელის გადახდის ვადა, იგი წინააღმდეგობაში მოდის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტებთან და ასევე რეგლამენტის  მე–4 მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტთან.

სს „სილქნეტის“ მიერ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 2012 წლის 12 აპრილს წარმოდგენილ კორექტირებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული შენიშვნა  სააბონენტო გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით და ხელშეკრულებაში დაემატა, რომ აბონენტს შეუძლია გადაიხადოს სააბონენტო გადასახადი ყოველი თვის განმავლობაში, ნებისმიერ დროს. შესაბამისად, სს „სილქნეტს“ ამ ნაწილში აღარ უნდა დაეკისროს ქმედების განხორციელებისა და ხელშეკრულების რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება.

კომისია ამასთან აღნიშნავს, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს სს „სილქნეტის“ მიერ მობილური სატელეფონო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სააბონენტო გადასახდელის (5 ლარი) დაწესება, გამომდინარე იქიდან, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ნ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სააბონენტო გადასახდელი განმარტებულია, როგორც მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის სატელეფონო (სააბონენტო)  ხაზით უზრუნველყოფის ყოველთვიური ერთჯერადი გადასახდელი; შესწავლისას, გასათვალისწინებელია აგრეთვე ისიც, რომ  კომისიის სხდომაზე, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა სააბონენტო გადასახდელში (5 ლარი), სს „სილქნეტის“ შიდა ქსელში საუბრების საფასურიც შეიყვანა.

ე) სს ,,სილქნეტის“ მიერ ხელშეკრულების №2 დანართის 5.3 პუნქტის შესაბამისად, ,,აბონენტის მიერ ნებისმიერი ტიპის დაზიანების შემთხვევაში, წერილობითი განაცხადი (განცხადება) წარდგენილ უნდა იქნას ამგვარი დაზიანებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში...“, რაც არ შეესაბამება რეგლამენტის მე-18 მუხლს, რომელიც არ ითვალისწინებს დაზიანების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მომსახურების მიმწოდებლისთვის წერილობით განაცხადის წარდგენისთვის რაიმე ვადას.

სს „სილქნეტის“ მიერ  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 2012 წლის 12 აპრილს წარმოდგენილ კორექტირებულ ხელშეკრულებაში გავალისწინებულ იქნა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის აღნიშნული ხასიათის შენიშვნა (რეკომენდაცია) და დაზიანების შემთხვევაში წერილობითი განაცხადის წარდგენისთვის დაწესებული 10 დღიანი ვადა ამოღებულ იქნა ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, სს „სილქნეტს“ ამ ნაწილში აღარ უნდა დაეკისროს ქმედების განხორციელებისა და ხელშეკრულების რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გახდა ცნობილი, მომხმარებელ რევაზ მორგოშიას ინფორმაციით, სააბონენტო ხელშეკრულების დანართი №2 (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ხელშეკრულების  ,,ძირითადი წესები და პირობები“) მას გადაეცა მხოლოდ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მისი მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სს ,,სილქნეტის“ მიერ არ ხდება მომხმარებლებისთვის ხელშეკრულების №2 დანართის გადაცემა, თუ მათ არ მიმართეს სს ,,სილქნეტს“ ასეთი მოთხოვნით. გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულების №2 დანართი – ,,ძირითადი წესები და პირობები“ შეიცავს მომსახურების მიწოდების არსებით პირობებს, მათ შორის, მომსახურების პირობების შეცვლისა და ამ ცვლილებების შესახებ აბონენტის ინფორმირების წესს, მხარეთა ვალდებულებებს და პასუხისმგებლობის საკითხს, მომსახურების შეზღუდვის/შეწყვეტის პირობებს, სს ,,სილქნეტს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება, რომ აღნიშნული დანართი  ხელშეკრულებასთან ერთად გადასცეს აბონენტებს ან ,,ძირითადი წესების და პირობები“ უშუალოდ ასახოს სააბონენტო ხელშეკრულებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ მე–4 მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტი, მე-6 პუნქტი და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე წარმოადგენს სს „სილქნეტის“ სანქცირების საფუძველს: ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

გამომდინარე იქიდან, რომ სს ,,სილქნეტის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო. ამავე დროს, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, სს ,,სილქნეტს” უნდა დაევალოს სააბონენტო ხელშეკრულების „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლთან და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. სს ,,სილქნეტს” მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის  დარღვევის გამო;

2. სს ,,სილქნეტმა” უზრუნველყოს სააბონენტო ხელშეკრულების „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლთან და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანა, წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში;  

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ,,სილქნეტისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) სს „სილქნეტის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,სილქნეტისთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტის (ი.ხარებავა);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

            კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                         ს.ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                         კ.კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                         ა.სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                         ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები