წვდომის მენიუ

შპს „რ–რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 303 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2012

მიღების თარიღი აპრილი 20, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (04/04/2012, №6/1720-12) მიმართა შპს „რ–რადიომ“ კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რ–რადიო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიას კომისიის 2002 წლის 25 ოქტომბრის №409/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2012 წლის 20 მაისამდე;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 101.4 მჰც სიხშირეზე, ქ. თბილისი;

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს „რ–რადიოს“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000.00 (ორი ათასი) ლარს. შპს „რ–რადიოს“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი – 2,000.00 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც დასტურდება კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2012 წლის 11 აპრილის №10/446-12 სამსახურებრივი ბარათით.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს „რ–რადიოს“ №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39–ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რ–რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 18 მაისს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარმოდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რ–რადიოსთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები