წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 306 / 2

გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2012

მიღების თარიღი აპრილი 25, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით მიმართა სს „სილქნეტმა“ (№7/46-11, 26/01/11) და მოითხოვა კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებით სს „გაერთიანებული ტელეკომისგან“ მასზე დროებით (3 წლის ვადით) გადაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მოდიფიცირება იმგვარად, რომ მომსახურების სახედ განესაზღვროს, როგორც მობილური, ისე ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილების მე–14 პუნქტის შესაბამისად, სს ”სილქნეტი” განისაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის დროებით მფლობელად, 3 (სამი) წლის ვადით, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც - 831,645 მჰც და 872,955 მჰც - 876,645 მჰც სიხშირული დიაპაზონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 23 ივლისამდე;

გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;

იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებით სს „გაერთიანებული ტელეკომის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზია  დროებით სარგებლობაში გადაცემულია სს „სილქნეტისთვის“, სს „სილქნეტის“ განცხადებას თან ერთვის სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წერილი (№8-01/7, 16/0/12), რომლითაც სს „გაერთიანებული ტელეკომი“ აცხადებს თანხმობას მისი კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირებაზე, რომ ამ ლიცენზიის ფარგლებში გაწეული მომსახურების სახედ განისაზღვროს, როგორც მობილური, ისე ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშრეთა მართვის დეპარტამენტის 2012 წლის 22 თებერვლის (№10/232-12) სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, სს „სილქნეტის“ მოთხოვნა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე, დასაბუთებულია და შეესაბამება „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებულ მომსახურების სახეებს, გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ შეტანილი ცვლილებების შედეგად, სიხშირული დიაპაზონი 790.0 – 890.0 მჰც განაწილებულია ფიქსირებული, სამაუწყებლო და მობილური (გარდა საჰაერო მობილურისა) სამსახურებისათვის. ამავე გეგმის მიხედვით აღნიშნული დიაპაზონის შესაბამისი მონაკვეთი – 824.25 – 889.515 მჰც, საქართველოში გამოიყენება სისტემებისათვის კოდური დაყოფისა და მრავალჯერადი დაშვებისათვის (CDMA – 850).

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2012 წლის 23 მარტის №228/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით; ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2012 წლის 25 აპრილს, 16:00 საათზე.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2012 წლის 25 აპრილს. გამომდინარე იქიდან, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე–4 პუნქტისა და „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში და მე–14 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც - 831,645 მჰც და 872,955 მჰც - 876,645 მჰც სიხშირული დიაპაზონი მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;“

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა);

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის სს „სილქნეტისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები