წვდომის მენიუ

შპს “ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 307 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2012

მიღების თარიღი აპრილი 26, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (19.04.2012 N10/462-12) და შპს „ჯეოსელის“ შემოწმების საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000179, შედგენილი 2012 წლის 19 აპრილს ქ.თბილისში, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ქ.თბილისში, განხორციელდა მთაწმინდის მთის ტერიტორიაზე განთავსებული, შპს „ჯეოსელის“ მიმღებ-გადამცემი სადგურის ფუნქციონირების შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ შპს „ჯეოსელი“ ულიცენზიოდ ან/და მინიჭების გარეშე იყენებს 7128 მჰც და 7149 მჰც რადიოსიხშირეებს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი კომისიის აპარატის რადიოსხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2012 წლის 19 აპრილს, რომელიც კომისიას წარედგინა იმავე დღეს; ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში დაიწყო 2012 წლის 23 აპრილს, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2012 წლის 26 აპრილის 16:00 საათი, რის შესახებაც  შეტყობინებით (23.04.2012 N03/970-12) ეცნობა შპს  „ჯეოსელს“. მხარეს განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

შპს „ჯეოსელს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000179 და ოქმზე თანდართული მტკიცებულებები); მხარეს ასევე განემარტა, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2012 წლის 26 აპრილს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე, რომელიც არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და აღნიშნა, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ არ ხდებოდა სამართალდარღვევათა ოქმში დაფიქსირებული სიხშირეებით სარგებლობა, კერძოდ, კომპანია არ იყენებდა ამ სიხშირეებს მიუხედავად იმისა, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიაში 2012 წლის 6 აპრილის წერილზე თანდართულ CD დისკზე მითითებულია აღნიშნული სიხშირეები; მისი განმარტებით, ადგილი ჰქონდა მხოლოდ  7128 მჰც და 7149 მჰც რადიოსიხშირეების გამოყენების მცდელობას, რაც ვერ განხორციელდა ხელშეშლების არსებობის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000179 (19.04.2012);

2. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (19.04.2012 N10/462-12 და 23.04.2012 N10/473-12);

3. კომისიის 2008 წლის 6 ივნისის N316/13 გადაწყვეტილება;

4. შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილი (06.04.2012 N7/246-12) და თანდართული CD დისკი;

5. კომისიის მიერ შპს „ჯეოსელისთვის“ 2012 წლის 23 აპრილს გაგზავნილი შეტყობინება (N03/970-12);

6. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

7. ამონაწერი კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან;

8. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტში დასაქმებული პირების ახსნა-განმარტებები;

9. შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000179 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების  შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „ჯეოსელს“ კომისიის 2008 წლის 6 ივნისის N316/13 გადაწყვეტილებით  მინიჭებული აქვს რადიოსიხშირული სპექტრი (გადაწყვეტილებით განსაზღვრული დანართის შესაბამისად) მობილური მომსახურეობის საკომუნიკაციო ქსელის საბაზო სადგურებს შორის  მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, 10 წლის ვადით - 2018  წლის  6 ივნისამდე;

2. 2012 წლის 6 აპრილს კომისიას განცხადებით (06.04.2012 N7/246-12) მომართა შპს „ჯეოსელმა“ კომისიის 2008 წლის 6 ივნისის N316/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სიხშირეებზე ხელშეშლების თაობაზე, რის დასადასტურებლად კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა CD დისკზე დატანილი ე.წ. „სკრინშოტები“, სადაც მითითებულია 7128 მჰც და 7149 მჰც სიხშირეები, რომელსაც შპს „ჯეოსელი“ იყენებდა რადიოსარელეო კავშირისთვის ქ.თბილისი, მთაწმინდა-ცივის მიმართულებით.

2. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ქ.თბილისში განხორციელდა მთაწმინდის მთის ტერიტორიაზე განთავსებული შპს „ჯეოსელის“ მიმღებ-გადამცემი სადგურის ფუნქციონირების შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ შპს „ჯეოსელი“ მინიჭების გარეშე იყენებს 7128 მჰც და 7149 მჰც რადიოსიხშირეებს და აღნიშნული სიხშირეები არ არის გათვალისწინებული  „შპს „ჯეოსელისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 6 ივნისის N316/13 გადაწყვეტილებაში.  აღნიშნული დაფიქსირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში N000179 (რომელსაც კომისიის მხრიდან ხელს აწერენ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი - ნ.კონდოლელი, უფროსი ინჟინერი - გ.ქართველიშვილი და ტექნიკოსი - კ.მამისეიშვილი, მოწმეები: თამაზ დურგლიშვილი (პირადი N43001004840) და თამაზ რთველაძე (პირადი N01028002765); ოქმში აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევათა ოქმის ჩაბარებაზე და ხელმოწერაზე შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა უარი განაცხადა) და აღნიშნულ ოქმზე თანდართულ სპექტროგრამა სადაც დაფიქსირებულია შპს „ჯეოსელის“ აპარატურის მუშაობა 7128 მჰც და 7149 მჰც სიხშირეებზე. შესაბამისად, კომისია ვერ გაიზიარებს შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის არგუმენტაციას, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა 7128 მჰც და 7149 მჰც რადიოსიხშირეების გამოყენების მხოლოდ მცდელობას და შპს „ჯეოსელი“ არ ახორციელებდა აღნიშნული სიხშირეებით სარგებლობას.

3. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი 23.04.2012 N10/473-12, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ჯეოსელი“  მინიჭების გარეშე იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს 7128 მჰც და 7149 მჰც რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად ქ.თბილისიდან, (მთაწმინდა) - ცივის მთის მიმართულებით;

4. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

2. „ელექტრონული კომუნიკაცების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ 7128 მჰც და 7149 მჰც  რადიოსიხშირეები სარგებლობა ხორციელდება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ან/და კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭების უფლების გარეშე, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმებითა და შემოწმების შედეგად შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით N000179, ასევე შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი N06.04.2012 N7/246-12 წერილზე თანდართული და  CD დისკზე ჩაწერილი მონაცემებით, შპს „ჯეოსელის“ მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას და შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას; კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზიის ან/და მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით; ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს შესაბამისი ლიცენზიის ან/და მინიჭების გარეშე  რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 290-ე მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, 15-ე, მე-16, 18-ე პუნქტების, 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაეკისროს ჯარიმა შპს „ჯეოსელს“ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;

2. უზრუნველყოს შპს ”ჯეოსელმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს ”ჯეოსელმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. შპს „ჯეოსელმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ლიცენზიის  ან/და მინიჭების გარეშე 7128 მჰც და 7149 მჰც რადიოსიხშირეებით სარგებლობა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”ჯეოსელისთვის”  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) 10 დღის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  „ჯეოსელისთვის“ ჩაბარების დღიდან;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შვგულიძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                    

ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები