შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2012
მიღების თარიღი აპრილი 27, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 14 მარტს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/1263-12) მიმართა შპს „გლობალ მედია ჯგუფმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ 2012 წლის 14 მარტის განცხადებით მოთხოვნილია „Trans World International, Inc“-თან 2012 წლის 2 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, რომელიც გულისხმობს შემდეგი საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების უფლებას:
ა) ჰოლანდია – ბულგარეთი (26.05.2012–26.05.2013);
ბ) ჰოლანდია – სლოვაკეთი (30.05.2012– 30.05.2013);
გ) ჰოლანდია – ჩრდილოეთ ირლანდია (02.06.2012–02.06.2013);
დ) ჰოლანდია – თურქეთი (07.09.2012–07.09.2012);
ე) ჰოლანდია – ანდორა (12.10.2012–12.10.2013);
ვ) ჰოლანდია – გერმანია (14.11.2012–14.11.2013);
ზ) ჰოლანდია – ესტონეთი (22.03.2013–22.03.2014);
თ) ჰოლანდია – რუმინეთი (26.03.2013–26.03.2014);
ი) ჰოლანდია – იტალია (06.06.2013–06.06.2014);
კ) ჰოლანდია – უნგრეთი (11.10.2013–11.10.2014);
ლ) შოტლანდია – სერბეთი (08.09.2012–08.09.2013);
მ) შოტლანდია–უელსი (22.03.2013–22.03.2014);
ნ) შოტლანდია–ბელგია (06.09.2013–06.09.2014);
ო) შოტლანდია – ხორვატია (15.10.2013–15.10.2014);
პ) ფეხბურთში თურქეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი (04.2012–04.2013);
ჟ) ფეხბურთში თურქეთის თასის მეორე ნახევარფინალური მატჩი (04.2012–04.2013);
რ) ფეხბურთში თურქეთის თასის ფინალი (05.2012–05.2012);
ს) ფეხბურთში ჰოლანდიის თასის ფინალი (08.04.2012–08.04.2013);
ტ) ფეხბურთში შოტლანდიის ლიგის თასის ფინალი (18.03.2012–18.03.2013);
უ) ფეხბურთში შოტლანდიის თასის ფინალი (19.05.2012–19.05.2013);
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულება და მიიჩნია, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულება საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულება შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, ასევე ინფორმაციას მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ, შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ 2012 წლის 14 მარტის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/1263-12) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კომისიის აზრით, შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ 2012 წლის 14 მარტის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/1263-12) ნაწილობრივ და ცნობილ იქნას შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და „Trans World International, Inc“-თან 2012 წლის 2 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების უფლების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
2. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გლობალ მედია ჯგუფისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „გლობალ მედია ჯგუფისათვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
