შპს “კავკასუს ონლანის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2012
მიღების თარიღი აპრილი 27, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინმა” 2012 წლის 9 თებერვალს კომისიას №01-02/166 წერილით წარმოუდგინა და 2012 წლის 3 მარტის № 01-02/328 წერილით დააზუსტა კომისიის 2012 წლის 1 თებერვლის №08/273-12 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია ინტერნეტ პროვაიდერების მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ და მონაცემები ინტერნეტ პროვაიდერების შორის გაფართოებული ურთიერთჩართვის შესახებ; ასევე, 2012 წლის 29 თებერვალს, №01-02/275 წერილით წარმოუდგინა კომისიის 2012 წლის 22 თებერვლის №08/435-12 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია გლობალური ინტერნეტ ტრაფიკის, გლობალური ინტერნეტ ტრაფიკის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების და გლობალური ინტერნეტ ტრაფიკის შესყიდვის შესახებ, 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.
კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილებით შპს ”კავკასუს ონლაინმა” მოითხოვა მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობა.
კომისიამ, 2012 წლის 21 თებერვალს №08/413-12 და 2012 წლის 19 მარტს №08/684-12 წერილებით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინს” და მოსთხოვა შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა 2012 წლის 9 თებერვალის №01-02/166, 3 მარტის № 01-02/328 და 5 მარტის №01-02/275 წერილებში წარმოდგენილი ინფორმაციიდან კონკრეტულად რომელი მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ეხებოდა მოთხოვნა, რათა კომისიას ჰქონოდა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი განეხილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად.
2012 წლის 3 აპრილს შპს ”კავკასუს ონლაინმა” კომისიას წარმოუდგინა №01-02/396 წერილი, რომელშიც მოცემულია არგუმენტაცია 2012 წლის 9 თებერვლის №01-02/166 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობისათვის; კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ ე.წ. ”სვიჩების” განთავსების გეოგრაფიული მისამართების განსაჯაროებამ შესაძლოა გარკვეული საფრთხის ქვეშ დააყენოს კომპანიის უსაფრთხოება, ვინაიდან აღნიშნული მისამართების ცოდნით შესაძლოა ბოროტად ისარგებლონ მესამე პირებმა, რომელთა მიზანია კომპანიის კონკურენტუნარიანობის დასუსტება. მათ შესაძლოა კომპანიის მიმართ ჩაიდინონ მართლსაწინააღმდეგო ქმედება და დააზიანონ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში განთავსებული სვიჩები, სვიჩების დაზიანება კი თავის მხრივ, გამოიწვევს ამ გეოგრაფიულ არეალში შპს ”კავკასუს ონლაინის” ქსელში ჩართული აბონენტებისათვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შეფერხებას ან შეწყვეტას და კომპანიის კონკურენტუნარიანობის შესუსტებას.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისია აღნიშნავს, რომ ის ინფორმაცია, რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობასაც ითხოვს შპს ”კავკასუს ონლაინი”, არ შეიცავს კომერციული ხასიათის მონაცემებს, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს განმცხადებლის კონკურენტულობას. ერთადერთი არგუმენტი, რაც შპს ”კავკასუს ონლაინს” მითითებული აქვს №01-02/396 წერილში კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის დასასაბუთებლად, არის კონკურენტების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შესაძლებლობა; აღნიშნული გარემოების გამო, ანუ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ან ხელყოფის ან/და დაზიანების ვარაუდის დაშვებით ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ითვალისწინებს.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინს” 2012 წლის 29 თებერვალს №01-02/275 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება საერთოდ არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, ასევე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა 2012 წლის 9 თებერვალის №01-02/166, 2012 წლის 29 თებერვალის №01-02/275 და 2012 წლის 3 მარტის № 01-02/328 წერილებში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ მოთხოვნა, დაუსაბუთებლობის გამო;
2. შპს ”კავკასუს ონლაინის” 2012 წლის 9 თებერვალის №01-02/166, 2012 წლის 29 თებერვალის №01-02/275 და 2012 წლის 3 მარტის № 01-02/328 წერილებით წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობილ იქნეს ღიად ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში;
3. ეცნობოს განმცხადებელს წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, დაუყოვნებლივ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) 15 დღის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
