სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2012
მიღების თარიღი აპრილი 27, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა სს „სილქნეტმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/261-12, 18/04/2012) ნუმერაციის 10 ნომრიან ბლოკზე (901 40 40 40 - 901 40 40 49) ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ.ე) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებართვა გაიცემა - ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებითი ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 1 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე.
კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ სს ”სილქნეტის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 10 ლარის (1 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსი განკუთვნილია ინტელექტუალური ქსელებით, დამატებითი ღირებულების მომსახურების კერძოდ კი საქველმოქმედო მიზნით მომსახურების განსახორციელებლად. ვინაიდან სს ”სილქნეტი” არ ფლობს ნუმერაციის რესურსს ზემოაღნიშნული მომსახურებისთვის შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდება ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის გ) ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%-ის ათვისებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს სს „სილქნეტს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N14 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 901 40 40 40 - 901 40 40 49 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს საქველმოქმედო მიზნით.
ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
2. ეცნობოს სს „სილქნეტს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარებისთანავე.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე