წვდომის მენიუ

შპს ,,მობიტელისთვის“ სს ,,გლობალ ერთთან“ ურთიერთჩართვის მოქმედი ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 328 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2012

მიღების თარიღი მაისი 01, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (18.04.2012 N6/1916-12) მომართა შპს ,,მობიტელმა“ და   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა სს ,,გლობალ ერთთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ კომპანიას შპს „მობიტელის“ მიმართ ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ განცხადების საფუძველზე კომისიაში დაიწყო  მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელისთვის“ სს ,,გლობალ ერთთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით; საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 1 მაისს 16 საათზე, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ შპს ,,მობიტელს” (24.04.2012 N03/988-12) და სს „გლობალ ერთს“ (24.04.2012 N03/985-12); სს „გლობალ ერთს“, ასევე, შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით  გადაეგზავნა  შპს ,,მობიტელის” განცხადებისა და თანდართულ დოკუმენტაციის ასლები და ეთხოვა შესაბამისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2012 წლის 30 აპრილამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2012 წლის 1 მაისს 16:00 საათზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მობიტელის“ და სს „გლობალ ერთის“ წარმომადგენლები.

კომისიის სხდომაზე კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. შპს „მობიტელის“ განცხადება (18.04.2012 N6/1916-12);

2. შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, გაფორმებული სს „გლობალ ერთთან“;

3. შპს „მობიტელის“ მიერ სს „გლობალ ერთისთვის“ გაგზავნილი წერილი N105/12 30.01.2012;

4. კომისიის სხდომაზე მხარეთა მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

5. ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

6. ამონაწერები კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:

1. შპს ,,მობიტელსა” და სს ,,გლობალ ერთს” შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები  წესრიგდება მხარეებს შორის  2007 წლის 31 იანვარს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით, რომელიც დღეის მდგომარეობით მოქმედ ხელშეკრულებას წარმოადგენს და მხარეების მიერ სადაო არ გამხდარა მისი მოქმედების ვადის საკითხი; 

2. კომისიაში შპს ,,მობიტელის” მიერ წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „გლობალ ერთი“ არ ასრულებს შპს „მობიტელსა“ და სს „გლობალ ერთს“ შორის 2007 წლის 31 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს და კომპანიას შპს „მობიტელის“ მიმართ  2012 წლის აპრილის მდგომარეობით გააჩნია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 589,712.40 (ხუთას ოთხმოცდაცხრა ათას შვიდას თორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით. 2012 წლის 30 იანვარს შპს „მობიტელმა“ წერილით N105/12 მიმართა სს „გლობალ ერთს“ და ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, რაც 2012 წლის 30 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 423,436.64 (ოთხას ოცდასამი ათას ოთხას ოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარს, დასაფარად მისცა 1 კვირის ვადა, მაგრამ სს „გლობალ ერთის“ მიერ აღნიშნული დავალიანება დაფარვა არ განხორციელდა.

3. კომისიის სხდომაზე სს „გლობალ ერთის“ წარმომადგენელმა აღიარა 2012 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შპს „მობიტელის“ მიმართ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 589,712.40 (ხუთას ოთხმოცდაცხრა ათას შვიდას თორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით დავალიანების არსებობა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება დავალიანების გადახდის გრაფიკთან დაკავშირებით. აღნიშნულს ასევე დაეთანხმა შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით. გამომდინარე იქიდან, რომ სს „გლობალ ერთს“ 2012 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შპს „მობიტელის“ მიმართ გააჩნია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 589,712.40  (ხუთას ოთხმოცდაცხრა ათას შვიდას თორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სს „გლობალ ერთს“ უნდა მიეცეს ვადა 10 კალენდარული დღის ოდენობით, შპს „მობიტელთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანების დაფარვის მიზნით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კომპანიის მიერ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდება დავალაინების დაფარვა,  შპს ,,მობიტელს” უნდა მიეცეს თანხმობა შეაჩეროს სს „გლობალ ერთთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის   შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. სს „გლობალ ერთს“, შპს „მობიტელის“ მიმართ ურთიერთჩარვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 589,712.40  (ხუთას ოთხმოცდაცხრა ათას შვიდას თორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის დასაფარად მიეცეს ვადა 10 კალენდარული  დღის ოდენობით;

2. სს ,,გლობალ ერთის” მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების  სრულად არ დაფარვის ან დავალიანების გაზრდის  შემთხვევაში,  შპს ,,მობიტელს” მიეცეს თანხმობა სს ,,გლობალ ერთთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე, დავალიანების სრულად დაფარვამდე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,გლობალ ერთისა“ და შპს ,,მობიტელისთვის” გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სს ,,გლობალ ერთისა“ და შპს ,,მობიტელისთვის”  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                     კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები